Powered by Jasper Roberts - Blog

12:13 20.03.2017
,,დაემშვიდობა" თუ არა გუშინ, კაჭრეთში გამართულ შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილი გუნდს? - მამუკა მდინარაძის კომენტარი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ გუშინ, კაჭრეთში სასტუმრო „ამბასადორში“ გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გუნდს დაემშვიდობა. 



როგორც მამუკა მდინარაძემ განცხადა, არაოფიაციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გუშინ გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა გუნდის წევრებს უახლოეს მომავალში თანამდებობიდან წასვლის შესახებ აცნობა, „ახლოსაც კი არ არის იმასთან, რა შეხვედრაც გუშინ გაიმართა“.



„ეს იყო მორიგი საორგანიზაციო შეხვედრა, რომელიც ემსახურებოდა კოორდინაციის გაღრმავებას პარლამენტსა და სამთავრობო გუნდს შორის, ასევე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებას. იყო გარკვეული პრეზენტაციები მიმდინარე რეფორმებსა და პროექტებთან დაკავშირებით. ასევე იმ კანონპროექტებთან დაკავშირებით, რომლის შემოტანასაც პარლამენტში საქართველოს მთავრობა აპირებს. იყო წმინდა სამუშაო და საქმიანი შეხვედრა. შესაბამისად, აბსოლუტური ჭორია, რომ რაღაც საკადრო ცვლილებებთან ან კონკრეტულად ვინმესთან დაკავშირებით იყო საუბარი. მსგავსი საუბარი არ ყოფილა“, - განაცხადა მდინარაძემ და დასძინა, რომ მსგავსი საუბარი არათუ გუშინდელ შეხვედრაზე, არამედ საერთოდ სამთავრობო გუნდში არ ყოფილა. 



რაც შეეხება იმას, იყო თუ არა საუბარი გუშინდელ შეხვედრაზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში განსახილველ საკითხებზე, მამუკა მდინარაძის თქმით, იყო გარკვეული მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რა საკითხების განხილვაც მიმდინარეობს საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში.



„გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრება, შევაჯერეთ აზრები. მთავრობის წარმომადგენლებმა გაგვაცნეს კონკრეტული ხედვები, ჩვენც - განსაკუთრებით პარლამენტის იმ წევრებმა, რომლებიც საკონსტიტუციო კომისიაში ვართ, გავაცანით ჩვენი მოსაზრებები, იყო აზრების გაცვლა-გამოცვლა, მსჯელობა ამ საკითხებთან დაკავშირებით და პოზიციების გარკვეული შეჯერება“, - განაცხადა მდინარაძემ. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge