Powered by Jasper Roberts - Blog

12:42 19.04.2017
"ამ დროს ლავროვი ჩამოდის სოხუმში, სადაც მთელი ქალაქი, მისი ქუჩები მორწყულია გენოციდის შედეგად დახოცილი ადამიანების სისხლით და ცრემლით"-ჯემალ გამახარია

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია ახალ თაობასთან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის აფხაზეთში ვიზიტსა და იქ რუსული საელჩოს გახსნას აფასებს.

 

გამახარია განმარტავს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი და საელჩოს გახსნა  საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა.

 


ბატონი სერგეი ლავროვის აფხაზეთში ჩამოსვლა, უპირველეს ყოვლისა, არის საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს სუვერენიტეტის ფეხქვეშ გათელვა. თვითონ საელჩოს გახსნაც საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა. მოგეხსენებათ, ახლა ბრწყინვალე შვიდეულია. ამ დროს ლავროვი ჩამოდის სოხუმში, სადაც მთელი ქალაქი, მისი ქუჩები მორწყულია გენოციდის შედეგად დახოცილი ადამიანების სისხლით და ცრემლით, იქიდან გამოდევნილი ადამიანების სისხლითა და ცრემლით. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ლავროვის ვიზიტი შეუსაბამოა არა მარტო საერთაშორისო სამართალთან, არამედ ქრისტიანულ მორალთანაც.“ , - განმარტავს გამახარია.

 


ხოლო, რაც შეეხება საპასუხო ნაბიჯებს, გამახარია აცხადებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული სამხედრო ბაზების, .. გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით გაფორმებული შეთანხმებების გაუქმების მიზნით უნდა მიმართონ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.

 


 

ჩვენ მივმართავთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული სამხედრო ბაზების, .. გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით გაფორმებული შეთანხმებების გაუქმების მიზნით, საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების საკითხი განიხილოს და დაიწყოს შესაბამისი პროცედურები. ამის გაკეთება ჩვენ, როგორც ავტონომიას, არ შეგვიძლია, მაგრამ სახელმწიფოს შეუძლია. ამის გაკეთება აუცილებელია ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციასა და დეოკუპაციასთან დაკავშირებით. „ , - აღნიშნავს თავმჯდომარის მოადგილე.

ავტორ(ებ)ი : ახალი თაობა