Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:40 07.09.2018
აფხაზეთი ლტოლვილებს გულთბილად იღებს და მათ ქართველების ყოფილ საცხოვრებელ სახლებს სთავაზობს

„აფხაზეთში სირიელ ლტოლვილებს ხელგაშლილად იღებენ. ბევრი მათგანი იმ აფხაზების შთამომავალია, რომლებიც რუსეთის იმპერიიდან კავკასიის ომების დროს, მე-19 საუკუნეში გაიქცნენ და სირიაში დასახლდნენ. დღეს ისინი ომით ცეცხლით მოცული სირიიდან თავიანთ ისტორიულ სამშობლოში ბრუნდებიან, თუმცა აქ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებსაც შეხვდებით“, - წერს ჩეხი ჟურნალისტი პეტრა პროხაზკოვა, რომელიც სოხუმში ერთ-ერთ რეპატრიანტს - ავღან ასეფ (მუჰამედ) ზულგაის ესაუბრება. იგი რუსულ ენაზე გაჭირვებით ლაპარაკობს - ეტყობა, ახლახან შეისწავლა, ინგლისური ენა კი შედარებით კარგად იცის. ასეფ ზულგაის ქაბულში უმაღლესი ტექნიკური განათლება აქვს მიღებული, მამამისს კი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს უსწავლია მოსკოვში. „სწორედ მამაჩემის წყალობით მოვხვდი აფხაზეთში“, - ეუბნება ასეფ ზულგაი ჩეხ ჟურნალისტს.



„აფხაზეთის დედაქალაქის სანაპიროზე დამსვენებლებს იშვიათად თუ დაინახავთ, თუმცა ახლა, როცა ტურისტული სეზონის პიკია, აქ ბევრი ხალხი უნდა იყოს“, - აღნიშნულია სტატიაში. „გარეგნულად თითქოსდა დამოუკიდებელი კავკასიური რესპუბლიკა, რომელიც საქართველოს 1993 წელს გამოეყო და რუსეთის მორიგ კოლონიად გადაიქცა, ფაქტიურად მხოლოდ ერთი მხრიდან არის გახსნილი - რუსეთიდან. ასეფ ზულგაი აფხაზეთში სწორედ იქიდან შევიდა: „როცა ჩემი ძმა მოკლეს, მამაჩემმა მითხრა - „თავს უშველე, ოჯახი რუსეთში წაიყვანეო“. ჯერ ტაჯიკეთში გადავედით, იქიდან კი მოსკოვში. სამწუხაროდ, რეგისტრაციის გამო იქ პრობლემები შეგვექმნა. ერთმა მირჩია, აფხაზეთში ჩადით, სოხუმში ლტოლვილებს იღებენ და სახლებსაც აძლევენო“, - ამბობს ასეფი.



„დღეს სოხუმის და ზღვისპირა ქალაქების ქუჩებში სულ უფრო მეტ ჰიჯაბიან ქალს დაინახავთ, რაც საკმაოდ უჩვეულოა. ხშირად ისმის არაბული ლაპარაკი. ავღანელები აფხაზეთში ცოტაა: ლტოლვილთა უფრო მეტი რაოდენობა სირიიდან ჩამოსულია, რომლებმაც თავშესაფარი ამ არაღიარებულ და იზოლირებულ რესპუბლიკაში ჰპოვეს. ინფორმაციის ძირითადი წყარო, რომლის მიხედვით ისინი ლტოლვილობის გზას ადგებიან, სოციალური ქსელებია და ნაცნობები, რომლებმაც უკვე თავის მიზანს მიაღწიეს და სხვებსაც ორიენტაციას აძლევენ. ამიტომ აფხაზეთში სხვა ეროვნების მქონე ადამიანებიც, ვთქვათ, ავღანელებიც ჩადიან. რაც შეეხება სირიელ ლტოლვილებს, მათი რაოდენობა თითქმის 500-ს აღწევს.



აფხაზები, რომლებიც კავკასიის შავიზღვისპირეთში ცხოვრობენ, ოდესღაც ომმა აიძულა უცხოეთში გადახვეწილიყვნენ და ახლა ისინი ისტორიულ სამშობლოში სწორედ ომის გამო ბრუნდებიან. ზოგიერთი მონაცემებით, სირიაში ბოლო დრომდე 10-დან 30 ათასამდე აფხაზი ცხოვრობდა, რომლებიც მე-19 საუკუნის 60-70-იან წლებში რუსეთის მიერ კავკასიის დამორჩილების შემდეგ დასახლებული აფხაზების შთამომავლები არიან. მათმა უმეტესობამ უკვე დიდი ხანია მშობლიური ენა დაივიწყა და არაბულზე გადავიდა.



„ეჰ, მართლაც როგორ გამომადგებოდა ახლა მე აფხაზური ენის ცოდნა“, - ამბობს ახალგაზრდა ქალი, რომელსაც შავი თმები საგანგებოდ აქვს თავსაბურის ქვეშ მოქცეული. სოხუმის პატარა ბუტიკში იგი ტანსაცმელს ყიდის როგორც თანამედროვე სტილის, ასევე მუსლიმან ქალებისათვის, რომლებიც ბოლო დროს მომრავლდნენ. საერთოდ, აფხაზეთის მოსახლეობის მეტ ნაწილს ქრისტიანები შეადგენენ, მაგრამ არავინ ყურადღებას არ აქცევს მათ დამოკიდებულებას მუსლიმანებთან. „ჩემთვის უმჯობესია რუსული ენა ვისწავლო, რომ ადგილობრივ მოსახლეობასტან კონტაქტის დავამყარო“, - მეუბნება არაბული შესახედაობის ქალი სუფთა ინგლისურ ენაზე. მისი თქმით, აფხაზეთი მისი წინაპრების სამშობლოა, მაგრამ მშობლებმა არ იციან ზუსტად, თუ სად ცხოვრობდნენ მათი პაპები და ბებიები აფხაზეთში. ბუნდოვნად ახსოვთ, რომ წინაპრები წებელდას თემიდან არიან, მაგრამ ზუსტად არავინ იცის: „ისინი აფხაზეთიდან რუსებმა გააქციეს, მაგრამ დღეს სიტუაცია შეცვლილია - რუსეთი აფხაზეთს ეხმარება“.



აფხაზეთი ლტოლვილ თანამემამულეებს ეხმარება, მათ სტუმართმოყვარეობის კავკასიური ტრადიციით იღებს, მაგრამ მაინც თავისებური სპეციფიკით. საქართველოსთან კონფლიქტის შემდეგ აფხაზეთი თითქმის ნახევარმა მილიონმა [ქართულმა] მოსახლეობამ დატოვა. სწორედ მაშინ დაიწყო სოხუმმა მრავალრიცხოვანი დიასპორისადმი მოწოდებები სამშობლოში დასაბრუნებლად: თურქეთში, იორდანიაში, სირიაში, ეგვიპტეში, აშშ-სა და კანადაში ამჟამად თითქმის 1 მილიონამდე აფხაზი ცხოვრობს, მაგრამ იმ წლებში აფხაზეთში დასაბრუნებლად დიდი აქტიურობა მაინცდამაინც არავის გამოუჩენია. აი, როცა სირიაში ომი გაჩაღდა, სიტუაცია შეიცვალა - აფხაზეთისადმი დაინტერესება გაიზარდა. თანმემამულეთა რეპატრიაცია იმას ნიშნავს, რომ იმ განდევნილი ქართველების დაბრუნებაზე, რომლებიც აქ ასწლეულების განმავლობაში ცხოვრობდნენ, აფხაზეთში არავინ აღარ ფიქრობს.



პირველად სირიელი აფხაზები ისტორიულ სამშობლოში 2012 წელს გამოჩნდნენ. იმ დროს აფხაზეთი მსოფლიოს ერთ-ერთ იშვიათ ქვეყანას მიეკუთვნებოდა, რომელმაც სირიელი ლტოლვილები გულთბილად მიიღო. ქართველები, რომლებიც აფხაზეთში 1992 წლამდე ცხოვრობდნენ, პრივილეგირებულ ფენას მიეკუთვნებოდნენ - ეს მათი საცხოვრებელი სახლების ხედებითაც დასტურდება. ეს სახლები ცარიელიი იყო, თანდათან ინგრეოდნენ და თავიანთი მდგომარეობით მხილველს 25 წლის წინათ მომხდარი კონფლიქტის ატმოსფეროს ახსენებდნენ. ახლა მათში ახალმოსახლეები ცხოვრობენ. რეპატრიაციის აფხაზური ეროვნული კომიტეტი უფასოდ აძლევს ან ნაწილობრივ ფულს უხდის იმ მსურველებს, ვინც შესაბამისი რეგისტრაციის შემდეგ ქართველების სახლებში ცხოვრებას მოისურვებს. მათ სამუშაოთიც უზრუნველყოფენ და აფხაზურ საზოგადოებაში ინტეგრირების საშუალებას აძლევენ, ბევრი მიგრანტი რუსულ ენას სწავლობს, აფხაზეთის სხვა მცხოვრებთან კონტაქტების მიზნით. ქართველების განდევნის შემდეგ აფხაზების რაოდენობა საერთო მოსახლეობის (240 ათასი) მხოლოდ 50%-ს შეადგენს. დანარჩენები რუსები, სომხები, ბერძნები არიან. 1992 წლის ომამდე აფხაზები საერთო მოსახლეობის (525 ათასი) 18%-ს შეადგენდნენ. ამბობენ, რომ ლტოლვილები აფხაზეთის მოსახლეობის სტატისკიტკას აუმჯობესებს.



აფხაზეთში მიგრანტების დიდი ნაწილი ორგანიზებულად ჩავიდა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით: ისინი [სირიიდან] თვითმფრინავით ჩაიყვანეს სოჭში, იქიდან კი სწრაფად, რუსეთის ფედერაციის მიწაზე „ფეხის დადგმის“ უფლების გარეშე, ავტობუსებით წაიყვანეს აფხაზეთში. ვინც სამუშაოთი ჯერ არაა უზრუნველყოფილი, მას თვეში ათი ათას მანეთის დახმარებას აძლევენ. ეს ბევრია, ვიდრე ადგილობრივი პენსია. ფაქტია, რომ რუსეთის დახმარების გარეშე აფხაზეთის მთავრობა ამას ვერ შეძლებდა.



სხვათა შორის, აფხაზეთში ბოლო ხანებში ის სირიელებიც ჩადიან, ვისაც საერთოდ არაფერი კავშირი არ ჰქონია ამ ქვეყანასთან: „ჩვენ ნაცნობებისაგან გავიგეთ, რომ აქ სახლებს აძლევენო. ვნახოთ, როგორი იქნება სიტუაცია და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ“, - ამბობს ზაჰირა, რომლიც სოხუმში ტურისტული კომპანიის დაარსებას გეგმავს. იგი საინფორმაციო სისტემებისა და ტექნოლოგიების დიპლომირებული სპეციალისტია. „სირიასთან შედარებით აფხაზეთი 20 წლითაა ჩამორჩენილი. კარგია, რომ ძლივს გაჩნდა შესაძლებლობა საბანკო ბარათებით ვისარგებლოთ... აფხაზეთთან შედარებით სირიაში ომამდე კარგი განათლებისა და სამედიცინო მომსახურება გვქონდა. ცხადია, აქ უფრო კარგი კლიმატია, ზღვა და პლაჟი, - ამბობს ზაჰირა, - მაგრამ ცუდია, რომ აქედან ვეღარსად ვერ წავალთ. თითქოს გისოსებში ვართ, მაგრამ, საბედნიეროდ, უსაფრთხოდ“.



რუსეთში მათ გამგზავრება აკრძალული აქვთ - აბა, უპასპორტოდ როგორ წავლენ. „რა თქმა უნდა, რუსეთში უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნებოდა, მაგრამ მეორე მხრივ, აქ ჩვენ ლამაზი სახლი გვაქვს“, - ამბობს ზაჰირა. როცა მას ვეკითხები - იცის თუ არა, რომ მის სახლში ქართული ოჯახი ცხოვრობდა, რომელიც აფხაზეთიდან ომის დროს ისევე განიდევნა, როგორც ის სირიიდან, ზაჰირა მხრებს იჩეჩს და პასუხობს: „მე ამაში დამნაშავე არ ვარ. მე ჩემი ბედი მაქვს, მათ კი თავიანთი“.

ავტორ(ებ)ი : newspress.ge