Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:16 12.09.2019
საფრანგეთის პრეზიდენტმა, რომელიც მოსკოვის მიმართ უკიდურესად ნეგატიურად იყო განწყობილი, მოულოდნელად რიტორიკა შეიცვალა

საფრანგეთის მოკავშირეების პოზიცია პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მოწოდების მიმართ - რუსეთთან ურთიერთობის „გადატვირთვის“ თაობაზე

საფრანგეთის პრეზიდენტმა, რომელიც სრულიად ახლახან მოსკოვის მიმართ უკიდურესად ნეგატიურად იყო განწყობილი, მოულოდნელად რიტორიკა შეიცვალა და ახლა დასავლეთს რუსეთთან დიალოგისაკენ მოუწოდებს. რა ხდება ემანუელ მაკრონის თავს?


-----------
ორი წლის წინათ იგი კრემლის ერთ-ერთ შეურიგებელ მოწინააღმდეგედ მიიჩნეოდა დასავლეთ ევროპაში: ემანუელ მაკრონი უკომპრომისოდ აკრიტიკებდა რუსეთს, რომელმაც უკრაინისაგან ყირიმი მიიტაცა და რომელიც აგრძელებს დონბასელი სეპარატისტების მხარდაჭერას, მაგრამ ამას წინათ საფრანგეთის პრეზიდენტის ხედვები საკვირველი სისწრაფით შეიცვალა: ახლა იგი აცხადებს, რომ „რუსეთი ევროპის სახელმწიფოთა ბანაკში უნდა დავაბრუნოთო“. ასეთი განცხადება-მოწოდებები საფრანგეთის ბევრ მოკავშირეს აშფოთებს.

 

ოთხი დღის წინ, ორსაბათს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე-დრიანმა მაღალ დონეზე შეაფასა უკრაინასა და რუსეთს შორის დადებული შეთანხმება პატიმართა გაცვლის თაობაზე და ამ მოვლენას „შესაძლებლობების ფანჯარა“ უწოდა რუსულ-ევროპული ურთიერთობებში დაძაბულობის შემცირების მიზნით. მინისტრმა ხაზი გაუსვა: „ახლა სწორედ ის დროა, რომ რუსეთსა და ევროპას შორის უნდობლობის აღმოსაფხვრელად ვიმუშაოთ. ჩვენ პარტნიორები უნდა ვიყოთ როგორც სტრატეგიულ, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით“.

 

უფრო მეტიც - ემანეუელ მაკრონმა ამ კვირაში იგივე ჟან-ივ ლე-დრიანი და ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ფლორანს პატრი მოსკოვში გაგზავნა, სადაც მათ რუს კოლეგებთან მოლაპარაკება გამართეს. საინტერესოა, რომ ფრანგი პოლიტიკოსების ასეთი მაღალი დონის ვიზიტი რუსეთში 2014 წლის შემდეგ აღარ ყოფილა, ანუ მას შემდეგ, რაც კრემლმა ყირიმის ანექსია განახორციელა. მოლაპარაკების მიზანს რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთდამოკიდებულების „გადატვირთვა“ წარმოადგენდა. საერთოდ, „გადატვირთვის“ იდეა ჯერ კიდევ აგვისტოში დაიბადა, როცა ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინი საფრანგეთში მიიწვია მოსალაპარაკებლად, თავის საზაფხულო რეზიდენციაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, „ფრანგულ რივიერაზე“.

 

„რუსეთის განდევნა ევროპიდან - სერიოზული სტრატეგიული შეცდომაა“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა აგვისტოში და ხაზგასმულად აღნიშნა: „ჩვენ უნდა დავივიწყოთ ყველა უთანხმოება და ერთმანეთს ისევ მხარი უნდა დავუჭიროთ. ევროპის კონტინენტი ვერასოდეს ვერ იქნება სტაბილური და უსაფრთხო, თუ ჩვენ არ გავარკვევთ და არ აღვადგენთ რუსეთთან ურთიერთობას“.

 

ემანუელ მაკრონს არაფერი უთქვამს რუსეთის მიმართ დასავლეთის მიერ უკვე დაწესებული სანქციების გაუქმებაზე, მაგრამ აღნიშნა, რომ იგი მხარს არ უჭერს მოწოდებებს ახალი ანტირუსული სანქციების შემოღების შესახებ.

 

ზოგიერთი კრიტიკოსი მიიჩნევს, რომ ასეთი მოქმედებით ემანუელ მაკრონი ცდილობს პირადი ამბიციების რეალიზებას და საერთაშორისო არენაზე თავისი როლის გაძლიერებას. ფრანგ პრეზიდენტს სურს, რომ თავისი სახელმწიფო ერთგვარ „გამაწონასწორებელ და დამაბალანსებელ ძალად“ გადააქციოს ერთი მხრივ - რუსეთსა და მის მოწინააღმდეგებს შორის, მეორე მხრივ - ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, ასევე ზოგადად - მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის.

 

რასაკვირველია, საფრანგეთის პრეზიდენტის წინადადებებს ბევრი ევროპული ქვეყნის პოლიტიკოსები არ ეთანხმებიან. მაგალითად, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაცეკ ჩეპუტოვიჩმა გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომ „ემანუელ მაკრონი გენერალ შარლ დე გოლის - ლეგენდარული ფრანგი პრეზიდენტის ეპოქის აღორძინებას ცდილობსო“ (როგორც ცნობილია, დე გოლი ცდილობდა, რომ საბჭოთა კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის შუამავალი ყოფილიყო). იაცეკ ჩეპუტოვიჩი შიშობს, რომ მაკრონის სტრატეგიამ შეიძლება საქმე იქამდე მიიყვანოს, რომ ევროპა თანაბრად დაშორდება როგორც მოსკოვს, ასევე ვაშინგტონს.

 

ლონდონი ემანუელ მაკრონის პოზიციას ნაადრევად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ასეთი განცხადებების გაჟღერებისას პარიზს მხედველობაში უნდა მიეღო სოლსბერიში მომხდარი სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის ფაქტი. ბრიტანეთის დედაქალაქში თვლიან, რომ ეს ოპერაცია რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლებმა განახორციელეს.

 

ის, თუ რამდენად სიცოცხლისუნარიანია „გადატვირთვის“ ახალი იდეა, სულ რამდენიმე კვირის შემდეგ გაირკვევა: საფრანგეთმა ევროკავშირის სამიტი მოიწვია („ნორმანდიული ოთხეულის“ ჩარჩოებში), რუსეთის მონაწილეობით, რომლის დროსაც განხილული იქნება უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე კონფლიქტი. საყურადღებოა, რომ სამიტის მოწვევის იდეა გაჟღერდა პატიმრების წარმატებული გაცვლიდან ორიოდე საათის შემდეგ.

 

კურტ ვოლკერმა, აშშ-ის სპეცწარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში, მხარეებს მოუწოდა როგორც პატიმრების გაცვლის პროცესის გაგრძელებისაკენ, ასევე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განახლებისაკენ, რომელიც ამჟამად მოქმედებს დონბასში. მან ასევე იმედი გამოხატა, რომ რომ მოსკოვი 2014 წელს, მინსკის მოლაპარაკების დროს მიღწეულ შეთანხმებას დაიცავს.

 

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა მარკ ესპერმა მთლიანობაში მოიწონა [ემანუელ მაკრონის იდეა] მოსკოვთან მოლაპარაკების გამართვის თაობაზე, მაგრამ ამ ინიციატივის პერსპექტივის მიმართ მაინც მეტ-ნაკლებად სკეპტიკური დამოკიდებულება გამოხატა: „რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება მივაღწიოთ იმას, რომ რუსეთი ნორმალური ქვეყნის მსგავსად მოიქცეს. მაგრამ არ შეიძლება ბოლო წლების მოვლენების იგნორირება მოვახდინოთ, როცა რუსეთი საქართველოში შეიჭრა, როცა რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. მოსკოვს ოკუპირებული აქვს უკრაინის ტერიტორიის სხვა ნაწილიც. კრემლი ბალტიის ქვეყნებსაც ემუქრება“, - გაიხსენა პენტაგონის ხელმძღვანელმა.


-------------
მომზადებულია აშშ-ის რადიოსადგურ Voice of America-ს („ამერიკის ხმა“) რუსული სამსახურის მიერ გავრცელებული სარედაქციო მასალის მიხედვით. წყარო: 
https://www.golos-ameriki.ru/a/macrone-detente/5079675.html

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge