Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:36 13.11.2019
„ფილმზე ატირებული ამერიკელები პირველად ვნახე და ეს მოხდა „შინდისზე“ - ვინც „შინდისი“ ნახა, გვგულშემატკივრობენ და ყველა დიდი ემოციის ქვეშ არის“

ფილმ „შინდისის“ შემოქმედებითი ჯგუფი  ამჟამად ლოს-ანჯელესში წინასაოსკარე ფრომოუშენით არის დაკავებული. ფილმის სეანსები მიმდინარეობს და მას ამერიკის კინოაკადემიის გილდიის წევრებთან ერთად ამერიკელი კინემატოგრაფისტები ნახულობენ.  სულ 14 სეანსია დაგეგმილი. ფილმის პროდიუსერი და იდეის ავტორი ედმონდ მინაშვილი ლოს-ანჯელესიდან „პრაიმტაიმს“ ემოციებს უზიარებს. ედმონდის თქმით, „შინდისი“ ამერიკელ კინემატოგრაფისტებს მოსწონთ. 


ედმონდ მინაშვილი: - ფილმზე ატირებული ამერიკელები პირველად ვნახე და ეს მოხდა „შინდისზე“. ერთ-ერთი ჩვენების შემდეგ ჩემთან მოვიდა ამერიკელი გოგონა და ჩამეხუტა - ცრემლებს ვერ იკავებდა. დედას გეფიცებით, იცით, როგორ გამიკვირდა? მადლობები მიხადა. ეს გოგო აღმოჩნდა პროდიუსერი, სარა მეისონი. მერე გაიგო, რომ დოკუმენტური ფილმები მქონდა ამ თემაზე გადაღებული და მთხოვა: გადმომიგზავნე, დოკუმენტალისტი ვარ, მინდა ეს ფილმები ვნახო და მათ საინტერესო გზა მივცეო. გავცვალეთ კონტაქტები და როგორც კი საქართველოში დავბრუნდები, მას ამ ორ ფილმს გადავუგზავნი. მოკლედ, ვინც „შინდისი“ ნახა, გვგულშემატკივრობენ და ყველა გასაოცრად დიდი ემოციის ქვეშ არის.


„მიდით, ძმებო. რაც „მანდარინებს“ დაგვაკლდა, თქვენ მიიყვანეთ ბოლომდე, „ოსკარამდე“, დიდი სიყვარულით გიო“ - წერს „ფეისბუზე“ მსახიობი გიორგი ნაკაშიძე, ფილმ „მანდარინების“ ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი. ამერიკაში გამგზავრებამდე „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო ა კლასის კინოფესტივალზე ორი პრიზის მფლობელი გახდა - გრან პრის და პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის. როგორც მაშინ ფილმის პროდიუსერმა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აღნიშნა, ევროპაში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ არ იციან, ან ძალიან მწირი ინფორმაცია აქვთ. შესაბამისად, ფილმი საუკეთესო მესიჯია მსოფლიოსთვის გაიგონ, რა მოხდა 11 წლის წინ საქართველოში. 

 

„სამწუხაროდ, ევროპაში მივიწყებული აქვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. „შინდისი“ მსოფლიოს ახსენებს ამ ომის შესახებ. გაოცებულები სვამდნენ შეკითხვებს - ეს როგორ, მართლა ხდებაო? ტერიტორიები ნამდვილად წაგართვესო? რუსი პროდიუსერი გავიცანით, ფილმი მოეწონა და თქვა - მე არანაირი ინფორმაცია არ მქონდა, თუ ჩემი ქვეყანა ტერიტორიებს გართმევდათო. ინფორმაციულ ვაკუუმში არიან. ამდენად საქვეყნო საქმეს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს - ის, რაც გადავიღეთ, ნამდვილად გადაგვხდა და აბსოლუტურად რეალური ამბავია“ - ამბობს მინაშვილი. 

 

 

 

 

primetime.ge

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge