Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:24 20.11.2019
ვაჟა გაფრინდაშვილის მოთხოვნით, ცხინვალის იზოლატორში პატიმრებს კვება დაუნიშნეს - დღეს მას ადვოკატი ვლადიმირ ფიდაროვი შეხვდა

ვაჟა გაფრინდაშვილის მოთხოვნით ცხინვალის იზოლატორში პატიმრებს კვება დაუნიშნეს, – იუწყება „რადიო თავისუფლება“ ქართველი ექიმის ყოფილი თანასაკნელის შოთა ბიძინაშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით. ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად ცხინვალის იზოლატორში 5 დღის განმავლობაში იმყოფებოდა სოფელ ბერშუეთის მცხოვრები შოთა ბიძინაშვილი. მისი მონათხრობით ირკვევა, რომ გაფრინდაშვილმა ეს ნაბიჯი პროტესტის ნიშნად შეგნებულად გადადგა და სურვილი აქვს ცხინვალის ციხესა და იზოლატორში პატიმრებისადმი მოპყრობა შეცვალოს. ბიძინაშვილმა ცხინვალის იზოლატორში 9 დღე გაატარა. იგი ბერშუეთის განაპირას საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან შელაპარაკებისა და ჩხუბის შემდეგ დააკავეს. ბიძინაშვილი მათ უმტკიცებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდნენ. ამის შემდეგ თავში კონდახი მოხვდა. ცხინვალის იზოლატორში ის თავის არეში დაზიანებებით მიიყვანეს. მისთვის არც ექიმი მიუყვანიათ და არც წამალი მიუციათ. 9 ნოემბერს მასთან საკანში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი შეიყვანეს, რომელმაც ბიძინაშვილს თავზე სველი ნაჭრები დაადო და ბადრაგს ეუბნებოდა, რომ 21-ე საუკუნეში პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობა დაუშვებელია.

 

ბიძინაშვილი საკანში თავს შეუძლოდ გრძნობდა, ღამით აციებდა და ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მას საკუთარ ქურთუკს აფარებდა. თანასაკნელი პაციენტისთვის ცხელ ჩაის ითხოვდა, მაგრამ ამასაც არ აწვდიდნენ. ექიმის შესვლამდე პატიმრებს არც საჭმელს აძლევდნენ, მისი შესვლის შემდეგ კი ერთჯერადი კვება დანიშნეს - წიწიბურა და მცირეოდენი პური. სხვა ექიმი თვალით არ უნახავთ. ბიძინაშვილის გადმოცემით, ვაჟა ექიმი სულ ამბობდა, რომ საპატიმროში „წითელი ჯვარი“ მუდმივად უნდა შედიოდეს და იზოლატორში პირობები უნდა გაუმჯობესდეს. პატიმრების საკანი ნესტიან სარდაფში იყო. ბიძინინაშვილი დარწმუნებულია, რომ ექიმს მალე გაათავისუფლებენ.

 

ცხინვალის ციხეში ვაჟა გაფრინდაშვილს ადვოკატი ვლადიმირ ფიდაროვი შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ასევე, „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. ჩრდილოეთ ოსეთში მომუშავე ადვოკატი ვაჟა გაფრინდაშვილისთვის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შუამდგომლობით დაკავებული ექიმის ოჯახმა დაიქირავა. ადვოკატის თქმით, საქმეში გუშინდელი დღიდან ჩაერთო და ამ დროში საქმის გაცნობა ვერ მოასწრო. დაკავებულთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატი ერთადერთი იმას ამბობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი თავს კარგად გრძნობს. „შევხვდი, ვაჟა თავს კარგად გრძნობს, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, ეს ყველაფერი მოხდა იმის გამო, ეკლესიაში სალოცავად უნდოდა მისვლა. მეტი არაფერი, ყველას მოკითხვას უთვლის, მეუღლეს, ყველა ნაცნობს. ყველაფერი კარგადაა, სიმართლე იზეიმებს“. ვაჟა გაფრინდაშვილის ადვოკატი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ყველაზე მძიმე სასჯელი, რაც შეიძლება მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაეკისროს, ეს არის 2 წლამდე პატიმრობა, ჯარიმა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკიდან დეპორტაცია.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge