დღის პოსტი
თურქეთის ხელისუფლების გეოპოლიტიკური გამბიტის „ოპერატიული“ ასპექტები
ვახტანგ მაისაია ◯ August 02,2017

თურქეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, როდესაც ქვეყანაში კიდევ უფრო ძლიერდება მმართველი პოლიტიკური პარტიის „სამართლიანობის და განვითარების“ პოზიციები და უშუალოდ პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის მხრიდან უკვე აშკარა გამოხატულებას ჰპოვებს ხელისუფლების უზურპაციის ფაქტები, კიდევ უფრო აქტუალური ხდება ამ ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან გეოპოლიტიკური ამბიციური გეგმების განხორციელება. ამის ერთგვარ წინაპირობად იქცა გასული წლის 15-16 ივლისს სამხედრო პუტჩის და მისი მხარდამჭერი სამხედროების სრული ფიასკო და დამარცხება, რამაც ხელ-ფეხი გაუხსნა ხელისუფლების უზურპაციისთვის, რომელიც დასრულდება 2019 წლისთვის და ჩვენ ვიხილავთ ახალი სახის თურქეთს, რომელმაც შეიძლება შეცვალოს გეოპოლიტიკური ფონი და ძალთა ბალანსი, რომლის თანახმადაც შეიძლება საქართველო აღმოჩნდეს საკმაოდ რთული უსაფრთხოების დილემისა და ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევის წინაშე. ქვემოთ-მოყვანილი გეოპოლიტიკური ანალიზი ჯერ კიდევ 2013 წელს იქნა დაწერილი ჩემს მიერ და ჩავთვალე უბრალოდ ხელმეორედ გამემეორებინა მისი არსი მიმდინარე საგარეო-პოლიტიკური პროცესების ფონზე და თურქეთში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით. იმედია იქნება საინტერესო მისი შეხსენება ჩვენი მკითხველისთვის:


თურქეთში ზომიერ ისლამისტური პოლიტიკური ძალების ხელისუფლების მოსვლისთანავე (ერდოღანი-გული) მთლიანად შეიცვალა თურქეთის საგარეო-პოლიტიკური კურსის ძირითადი პრიორიტეტები. თუკი წინა ზომიერად ცენტრისტული რესპუბლიკური - ათათურქის პოლიტიკის მომხრე „ლაიცისტური“ პარტია ცალსახად ავითარებდა „დასავლეთისკენ სვლის“ კურსს, რეჯეფ ერდოღანის გაპრემიერების ფონზე, თურქეთი დაიწყო სვლა „აღმოსავლეთისკენ“ და გაიხსენა თავისი „თურანული ერთიანობის“ გეოპოლიტიკური კოდი. მმართველი პარტია „სამართლიანობის და განვითარების პარტია“ ფორმალურად ემხრობა ევროინტეგრაციის კურსს, სინამდვილეში კი უფრო მეტად ავითარებს „ისლამურ სამყაროში ლიდერობის“ მიღწევის პოლიტიკას. თურქეთმა მას შემდეგ, რაც მიიღო უარი ევროკავშირისგან სრულ გაწევრიანების შესახებ და ერაყის ომის პერიოდში ნატოსგან მიიღო ფაქტიური უარი სამხედრო დახმარების აღმოჩენის თაობაზე, დაიწყო ახალი საგარეო პოლიტიკის აგება, რომელიც მოიცავდა შემდეგ მიმართულებას, ანუ აიგო „აღმოსავლეთის“ კურსის ფორმატში:


Ø  ისრაელთან ურთიერთობების გაწყვეტა და არაბულ სამყაროში გეოპოლიტიკური რეიტინგის ამაღლება და ამის ფონზე აშშ-სთან ურთიერთობების დაძაბვა;


Ø  რუსეთთან უფრო აქტიური პოლიტიკის წარმოება, მარტო ბირთვული ენერგეტიკული პროექტის, „როსატომენერგოს“ ხელშეწყობით,  განხორციელებაში მრვალმილიარდიანი დოლარის განხორციელება. საქართველო-რუსეთის აგვისტოს ომში ისეთივე პოზიციების დაკავება როგორც ათათურქის თურქეთმა დაიკავა 1921 წლის საქართველოს გასაბჭოების პერიოდში - თავისი სამხედრო-საზღვაო ფლოტის მობილიზაცია აჭარის სანაპიროებთან, რამაც გამოიწვია საქართველოს სამხედრო ხელმძღვანელობის გარკვეული მობილიზაცია აჭარის სანაპიროების დაცვის მიზნით; ამერიკული სამხედრო ხომალდებისთვის მნიშვნელოვან პერიოდში შავი ზღვის აკვატორიაში შესვლის უფლების დაბლოკვა, რომელიც საქართველოსკენ მიემართებოდა (ფაქტიურად ოფიციალურმა ანაკარამ ნება მისცა ამ ხომალდს შავ ზღვაში შესვლისთვის, როდესაც რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა დაასრულა ფოთის პორტის სრული „ათვისება“ და ა.შ.);


Ø  დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოება ცენტრალური აზიის მიმართულებით, ერთიანი „თურანული გეოპოლიტიკური სივრცის“ შესაქმნელად;


Ø  კავკასიის მიმართ განსაკუთრებული პოლიტიკური პლატფორმის შემუშავება, რეგიონის ჰეგემონობის მისაღწევად და ამაში მიხეილ სააკაშვილის სრულად დამორჩილება - აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის კონფედერაციული პოლიტიკური გაერთიანების დაარსება, რაც მიხეილ სააკაშვილს გაახმოვანებინა ერდოღანმა, რაც იყო მისი წინასაარჩევნო ერთ-ერთი მთავარი თეზისი. მიხეილ სააკაშვილის ავტორიტარული-ავტარკიული რეჟიმის პრო-თურქული საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, გამოწვეული იყო მიხეულ სააკაშვილის ოჯახის წევრთა თურქეთისადმი უსაზღვრო სიყვარულის ფაქტორით. ამასთან ერთად, ერდოღანის მთავრობამ გააქტიურა ე.წ. „აფხაზეთის“ მიმართულებაც და სოხუმთან 2005 წლიდან მოყოლებული დაიწყო სრული სავაჭრო-ეკონომიკური და კერძო ბიზნესის წახალისების პოლიტიკის წარმოება, რაც ადრე საერთოდ იმალებოდა ან იზღუდებოდა. ერდოღანის მთავრობამ კი უფრო გააქტიურა თავისი საგარეო-ეკონომიკური და კულტურულ-რელიგიური ურთიერთობები აფხაზეთის მიმართულებით (სოხუმში და გუდაუთაში ახალი მეჩეთების მშენებლობების ინიციაცია და დაწყებაც კი). თურქეთის გარკვეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებმა დაამყარეს კარგი ურთიერთობები რუსეთის რადიკალურ-ნაციონალისტური ფრთის წარმომადგენლებთან - თურქეთში გაიხსნა პოლიტიკური-საზოგადოებრივი „ევრაზიის საერთაშორისო მოძრაობის“ ფილიალი (ალექსანდრე დუგინის ფრთა);


Ø  თურქეთი ყოველმხრივ ცდილობს რომ გადაიქცესენერგეტიკულ კარიბჭედყველა კასპიიდან, ცენტრალური აზიიდან და რუსეთიდან წამოსული ენერგოპროექტები გადიოდეს მის ტერიტორიების გავლით, რაც გამოუვიდა კიდევაც. თურქული ჯეიჰანი გადაიქცა ასეთკარიბჭედ“ . ახლა რუსეთიდან წამოსულისამხრეთ ნაკადიცკი თურქეთის ტერიტორიას გაივლის, ხოლო თურქეთის აქტიური მცდელობითნაბუკოსპროექტში მოხერხდა რუსეთის ჩაბმაც;


გარკვეულწილად გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის მსგავსად, თურქეთიც აპირებდა ევრაზიის კავშირის შექმნას, ამ შემთხვევაში, საუბარია პოსტ-საბჭოთა სივრცის სახელმწიფოებთან უნისონში, რაც გასაკვირი სულაც არ არის. საქმე იმაშია, რომ დიდი ხანია, თურქეთის გარკვეულ წრეებში იყო იდეა, შექმნილიყო თურანული სივრცე, რომელიც მოიცავდა ევრაზიული ქვეყნების თურქულენოვან ნაწილს. თუ თურქეთმა დაიწყო აღმოსავლეთისკენ სვლა და ამისი ინდიკაციები გარკვეულწილად არსებობს, ბუნებრივია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მოხდება რუსულ გეოპოლიტიკურ ინტერესებთან შეჯახება და დისონანსში მოვა იმ ადრინდელი გეოპოლიტიკური ინტეგრაციული გადათამაშების წესებთან.


ზემოხსენებული ანალიზი მგონია ზუსტად ასახავს იმ რეალიებს, რომელიც განვითარდა მიმდინარე საერთშორისო პოლიტიკურ დონეზე და ასევე გარკვეული რეზონანსი იქონია რეგიონული უსაფრთხოების პირობებზე.

 

თურქეთის „რბილი ძალის“ გამოყენების რეალური სცენარი

  

თურქეთის დღევანდელი ხელისუფლება როგორც ჩანს გადავიდა უკვე აქტიური მოქმედებების ფაზაზე და მოქმედებებს წინასწარ დაგეგმილი „რბილი ძალის“ კონცეფციის ფარგლებში, რომელიც ერთმანეთში აერთიანებს გარკვუელწილად ჰიბირიდულ საომარ  მოქმედებათა ერთიანობას, რომელიც როგორც ჩანს ხორციელდება ოპერატიულ-აგენტურულ და პროპაგანდისტურ-საინფორმაციო ინსტრუმენტების გამოყენებით. მას ასევე გააჩნია სპეციალურად ასეთი „რბილი ძალისთვის“ დამახასიათებელი საქმიანობათა კოორდინაციის მიზნით ერთიანი ცენტრის არსებობა. ამის საილუსტრაციოდ, შეიძლება მოყვანილი იქნას შემდეგი კონკრეტული მაგალითებიც:


თურქული პრესის ანუ ღია საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით (http://www.superhaber.tv/15-kisilik-ozel-ekipten-gurcistanda-filmlere-tas-cikartacak-feto-operasyonu-54756-haber), თურქეთიდან გამოგზავნილმა 15 კაციანმა სპეციალურმა ჯგუფმა საქართველოში სპეცოპერაცია ჩაატარა. საქართველოში გაქცეული აზია ბანკის პარტნიორი და ორგანიზაცია FETO-ს (თურქეთში ფეთჰულაჰ გიულენის ტერორისტულ ორგანიზაციას უწოდებენ) წევრი სინან სარაჩი ისე დააკავეს, რომ მსგავს სპეცოპერაციას ფილმებშიც კი ვერ ნახავთ. სავარაუდოდ FETO-ს ორგანიზაციის კიდევ ერთი საკვანძო ფიგურა დააკავეს. საქართველოში გაქცეული აზია ბანკის პარტნიორი და ორგანიზაცია FETO-ს წევრი სინან სარაჩი ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. არსებული ინფორმაციით, სინან სარაჩმა თურქეთი, 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ არალეგალურად დატოვა. საქართველოში გაქცეულმა სინან სარაჩმა FETO-სთან კავშირის მქონე ადამიანების დახმარებით გარკვეული დროის განმავლობაში მოახერხა აქ ცხოვრება. თუმცა, სინან სარაჩის დაკავების პროცესი ამ ქვეყნიდან მომხდარი დასმენის საფუძველზე დაიწყო. თურქეთმა, FETO-ს ზოგიერთი უმაღლესი რანგის წევრების საქართველოში გაქცევის შესახებ მიღებული ინფორმაციის შესაბამისად ამ ქვეყანაში ერთი ჯგუფი გააგზავნა. საქართველოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე თურქეთმა, ამ ქვეყანაში 15 კაციანი სპეციალური ჯგუფი გააგზავნა. ამ ჯგუფის მუშაობა სინან სარაჩზე იყო კონცენტრირებული. სინან სარაჩთან შესაძლო კავშირში მყოფი ადამიანების ფიზიკური და ტექნიკური მონიტორინგი დაიწყეს. რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ ის სახლი იპოვეს სადაც სინან სარაჩი ცხოვრობდა და საქართველოს პოლიციას გადაუგზავნეს. ამ ჯგუფის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს პოლიციამ განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად სინან სარაჩი დააკავა. სარაჩი დააკავეს და თბილისში მდებარე გლდანის ციხეში მოათავსეს. როგორც გაირკვა სინან სარაჩი აზია ბანკის 2 პროცენტიანი წილის მფლობელია. თურქეთში მისი ქონების კონფისკაცია მოხდა. ამავდროულად თურქეთმა, სინან სარაჩის ექსტრადირებასთან დაკავშირებით აღნიშნულ ქვეყანასთან მიმოწერა დაიწყო.


სოციალურ მედიაში, კერძოდ, „ტვიტერის“ საიტზე აქტიური, ერთ-ერთი ბლოგერის, რომელიც წარმოდგენილია “Fuat Avni”-ის ნიკით, ინფორმაციით, რომელიც როგორც ჩანს სავარაუდოდ წარმოადგენს სიმართლეს, თურქეთის დღევანდელმა ხელისუფლებამ, სწორედ საკუთარი „რბილი ძალის“ სტრატეგიის ფარგლებში, შექმნა ე.წ. „საიდუმლო არმია“, რომლის ბირთვს შეადგენს ქვეყნის და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი კერძო სამხედრო-საკონსულტაციო კომპანია „Sadat“, რომელსაც ხელმძღვანელობს თურქეთის შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალ-ლეიტენანტი ადნან ტარნივერდი. გენერალი ტარნივერდი დათხოვნილი იქნა 1996 წელს, მორიგი სამხედრო გადატრიალების ფონზე, რომლის დროსაც „ლიბერალურად“ პრო-ისლამისტური პრემიერ-მინისტრი ნეჯმედტინ ერბაკანის მთავრობა იქნა დამხობილი, მათ შორის იმ დროინდელ პოლიტიკურ რეპრესიებშო მოყვა რეჯებ ერდოღანი, რომელიც იმ დროს იყო სტამბულის მერი. დათხოვნის მიზეზი იყო გენერლის პრო-ისლამისტური განწყობები. 2012 წელს გენერალ ტარნივერდის და რეჯებ ერდოღანის ურთიერთობები ისევ გადაიკვეთა, რომლის შედეგადაც გენერალი გახდა უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში მყოფი ერდოღანის პირადი მრჩეველი უშიშროების საკითხებში. უშუალოდ მის სახელთან არის დაკავშირებული საიდუმლო ოპერაციების განხორციელება სირიასა და ლიბიაში. მანვე შეიმუშავა საინფორმაციო ომის კონცეფცია და სათავეში ჩაუდგა სპეციალური სახის სამხედრო-საკონსულტაციო კომპანიას, სახელწოდებით - “MENA and Gulf“, რომელიც წარმოადგენდა სპეციალურ სადაზვერვო სამსახურს, რომელსაც დაევალა სპეციალური-ოპერატიული ამოცანების განხორციელება ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურის რეგიონებში, მათ შორის სპეციალური ურთიერთობების კოორდინაცია კატარის სპეცსამსახურებთანაც და „არაბულ გაზაფხულის“ პერიოდში ოპოზიციური ძალებისადმი იარაღის მიწოდება. 2016 წელს სამხედრო პუტჩისტების დამარცხებაში ერთ-ერთი თვალსაჩინო წვლილი შეიტანა სწორედ გენერალ ტარნივერდიმ. პუტჩის შემდეგ იგი ოფიციალურად ხდება ქვეყნის პრეზიდენტის მრჩეველი და უშუალოდ ახორციელებს არმიის რიგებში „წმენდით“ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია 2020 წლისთვის ქვეყნის შეიარაღებული ძალების სრული ლოიალობის მიღწევა მმართველი პოლიტიკური ძალისადმი, რომელიც ამ ეტაპზე წარმატებით ხორციელდება. მის სახელთან არის დაკავშირებული, სირიის ოპოზიციაში პრო-თურქული სამხედრო-პოლიტიკური დაჯგუფებების კურირება და მართვა.  ზოგიერთი მონაცემებით, სწორედ გენერალ ტარნივერდის აბრალებენ მის კავშირებს თურქული „ჰეზბოლაჰის“ დაჯგუფებასთან, რომელიც თურქეთში აკრძალულ გაერთიანებად ითვლება და სავარაუდოდ „რუხი მგლების“ დაჯგუფებასთან, რომელიც რადიკალურ-ისლამისტური გაერთიანებაა, რომელიც როგორც ჩანს შეიძლება გამოყენებული იქნას ძირგამომთხრელი საქმიანობებისთვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მეზობელ რეგიონებში. ამავე დროს, ამ პიროვნების სახელთან არის ასოცირებული ქურთ სეპარატისტებთან ბრძოლა და როგორც ჩანს მთლიანად „რბილი ძალის“ და მათ შორის ჰიბრიდული ომის სტრატეგიის განხორციელება ეროვნულ დონეზე. მისი მარჯვენა „ხელია“, ასევე გადამდგარი მაღალი რანგის ოფიცერი, აბდურახმან დილიპაკი, რომელიც ასევე წარმოადგენს „ისლამისტური“ ორიენტაციის მიმდევარს. გამორიცხული არ არის, რომ ზემოაღნიშნული 15 კაციანი ჯგუფის კოორდინატორიც ყოფილიყო გენერალი და მისი მოადგილე. ამავე დროს საინტერესო მოვლენას წარმოადგენს, რუსეთ-თურქეთის სტრატეგიული თანამშრომლობის არეალების გამოკვეთა, რომელიც როგორც ჩანს მოიცავს არა მხოლოდ სამხედრო-ოპერატიული თანამშრომლობას (სირიის მაგალითზე), არა მხოლოდ სამხედრო-ტექნიკური ურთიერთობების გამყარებას (როგორც ეს მოხდა რუსული სტარეტეგიული დანიშნულების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს С-400 Фаворит-ის შესწყიდვის ფაქტს, რომელიც თურქეთს დაუჯდა 2.5 მლრდ.$ და რომელმაც გამოიწვია ოფიციალური ვაშინგტონის გაღიზიანება), არამედ მოიცავს თანამშრომლობას „რბილი ძალის“ სტრატეგიების განხორციელების დონეზეც. ამის ნათელი მაგალითია, საქართველოში ევრაზიული ორიენტაციის მქონე „პატრიოტი ტვ“ სოციალური მედია-პორტალის საიტზე გაჩენილი ასეთი სახის ინფორმაცია, რომელიც ნათლად მიუთითებს, ყოველგვარი კომენტარის გარეშე, თუ როგორ მოქმედებეს კიბერპროპაგანდა და როგორ ხორციელდება კიბერომი, რომლის უკან შეიძლება იდგნენ ორი ქვეყნის სპეცსამსახურები: „თურქული გამოცემა Daily Sabah-ის ინფორმაციით, 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების ერთ-ერთი ორგანიზატორი ადილ ოქსუზი შესაძლოა, საქართველოში იმალებოდეს. გამოცემა წერს, რომ ეს ინფორმაცია თურქეთის პოლიციას და სპეცსამსახურებს აქვთ, თუმცა ოფიციალური თბილისი მას უარყოფს. ადილ ოქსუზს გამოცემა Daily Sabah- საჰაერო ძალებისიმამსუწოდებს, ვინაიდან სწორედ მან შეიმუშავა სამხედრო ამბოხების გეგმა და ის ხელმძღვანელობდა 15 ივლისს უშუალოდ ამბოხებული სამხედროების მოქმედებას.ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 49 წლის ოქსუზი და რამდენიმე პირი სამხედრო ამბოხების შემდეგ დააკავეს, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს. თურქეთის პოლიციის ინფორმაციით, ბოლოს ოქსუზი ანკარაში ნახეს და ის სტამბოლის მიმართულებით გაფრინდა, ხოლო შემდეგ, მან სავარაუდოდ, ქვეყანა დატოვა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადილ ოქსუზი შესაძლოა, აშშ-ში იმყოფებოდეს.“ (საინფორმაციო წყარო: http://patrioti-tv.ge/slide/254--.html).


 

ყოველივე ზემოთმოყვანილი ფაქტები და ანალიზი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს ფრთხილად და ყოველ წუთს უნდა აკონტროლებს ქვეყნის ირგვლივ არსებულ ეროვნული უსაფრთხოების გარემოს და დიდი ყურადღებით უნდა გაანალიზოს, თუ ეს მას შესძევს, საქართველოს ირგვლივ განვითარებული რეგიონული უსაფრთხოების და გლობალური უსაფრთხოების მოვლენების დინამიკა და გამოიტანოს შესაბმისი დასკვნები.

ტეგები: მსოფლიო