დღის პოსტი
მწარე რეალობა - დაველაპარაკოთ თუ არა რუსეთს?
გურამ სანადირაძე ◯ September 04,2017

მწარე რეალობა (წერილი მეორე) - დაველაპარაკოთ თუ არა რუსეთს?  

 

ახალი ცივი ომისათვის საქართველოს ტერიტორია გაყოფილი აღმოჩნდა რუსეთსა და ამერიკას  შორის. ეს ფაქტი ყოველგვარ აზრს უკარგავს რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გამართვის საჭიროებას, აქაოდა იქნებ როგორმე დეოკუპაციაზე დავითანხმოთო („დაველაპარაკოთ რუსებს“, ჩვენი პოლიტიკოსების საყვარელი ფრაზაა). მართლაც, როგორც გაცხადდა, დიდი სახელმწიფოები გარიგებულან და ეს გარიგება ცივი ომის დამთავრებამდე ძალაში იქნება. ვინ დავობს, გამომწვევ  როტორიკას, ჩხუბსა და დავიდარაბას, რასაკვირველია, მეზობელთა წყნარი ლაპარაკი სჯობია. ამ გზით ბევრი საკითხის გარკვევა შეიძლება. მაგრამ დეოკუპაცია?  

 

თუმცა, სიმართლე რომ ითქვას, დეოკუპაციასა და ტერიტორიულ გამთლიანების თაობაზე რუსეთთან მოლაპარაკებას არც მანამდე ჰქონდა დიდი აზრი. ოკუპანტთან მოლაპარაკებებს მხოლოდ კაპიტულაციის პირობებზე აწარმოებენ ხოლმე. როდის იყო, რომ დეოკუპაცია ოკუპანტთან მოლაპარაკებებით მიიღწეოდა. ქრესტომათიულია ალექსანდრე პირველის პასუხი რუსეთში შეჭრილი ნაპოლეონის შეთავაზებაზე დაეწყოთ მოლაპარაკებები: „სანამ უცხო ქვეყნის ჯარი ჩემს სამეფოში იმყოფება მე მასთან მოლაპარაკებებს არ გავმართავ“ (თავისუფალი თარგმანი).

 

სულ ახლახანს ქ-მა ნინო ბურჯანაძემ ბრძანა, რომ „რუსეთთან დალაპარაკების უარით საქართველომ ისტორიული შანსი გაუშვა ხელიდანო“. ამ ოცდახუთ წელიწადში ჩვენ მრავალი შესაძლებლობა გავუშვით ხელიდან, მაგრამ თუ საქმე რეალურ შანსზეა, სწორედ რომ რუსეთმა დაკარგა საქართველოსთან  გრძელვადიანი მოკავშირული ურთიერთობის შანსი. საქმე არ ეხება მხოლოდ პუტინის პოლიტიკას, არც რუსეთ-საქართველოს 1994 წლის ხელშეკრულებას, რომლის რატიფიცირებაც რუსეთის დუმამ არ მოახდინა. ეს არის ქართული სახელმწიფოებრიობის არდაშვების ორასწლოვანი პოლიტიკის მარცხი, რომელიც ეფუძნებოდა პარადიგმას: „ქართველები - კი, საქართველო - არა“.

 

გეორგიევსკის ტრაქტატის ძალით ქართლ-კახეთის სამეფო ხდებოდა რუსთ ხელმწიფის ვასალი. ქართული მხარე პირობას დებდა, რომ ხელს შეუწყობდა რუსეთის კავკასიაში გაბატონებას (სწორედ ამ პირობის თანახმად იბრძოდნენ ქართველები რუსეთის მხარეს კავკასიის ომში), ხოლო რუსეთი ვალდებულებას იღებდა ხელი შეეწყო ქართული მიწების შემოკრებას ქართლ-კახეთის გარშემო (http://traqtatigeorgievskis.blogspot.com). 

 

რა მივიღეთ? რუსეთმა გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო და იგი თბილისის გუბერნიად აქცია (სხვათა შორის, ალექსანდრე პირველის მეგობარი ადამ ჩარტორიჟსკი ამაოდ ცდილობდა ხელი აეღებინებინა სამეფოს გაუქმებისაგან - არ ეგებისო მონარქისაგან მონარქიის გაუქმებაო). ოსმალეთიდან დახსნილი ქართული მიწები კი გააერთიანა ქუთაისის გუბერნიაში. გენერალი ერმოლოვი, რომელიც 1816-1826 წლებში იყო კავკასიის მთავარმართებელი (სწორედ მან ააჩეხინა ვენახები გურიაში აჯანყების ჩასაქრობად. www.museum.ru/museum/1812/library/Ermolov/part5.html), დაჟინებით ურჩევდა იმპერატორს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეექმნა ტერიტორიული ავტონომია სამხრეთ კავკასიაში (პირველ რიგში კი, ქართველებისთვის). დაახლოებით მსგავსი მოსაზრება გამოთქვა მოგვიანებით ნიკოლაი ტრუბეცკოიმ, რუსული ევრაზიელობის ბაირახტარმა (http://topwar.ru/28710-nstrubeckoy-o-narodah-kavkaza.html). გრიგოლ ორბელიანმა ნიკოლოზ პირველს ლექსიც კი მიუძღვნა - „სადღეგრძელო“ - გახდი ჩვენი მეფე და გადაგვირჩინე სამეფოო, მაგრამ უშედეგოდ. რუსთ ხელმწიფე კი ითვლებოდა საქართველოს მეფედ, მაგრამ ტიტული უშინაარსო  იყო - რუსეთის იმპერიაში საქართველო არ არსებობდა. ზურაბ ავალიშვილს ალალად უკვირდა რუსეთის ამგვარი პოზიცია. ქართული მხარე განსაკუთრებულს ხომ არ ითხოვდა - იმ დროს ტერიტორიული ავტონომია გააჩნდა ფინეთს, მოგვიანებით კი, ხივისა და ბუხარის სახანოებს (www.e-reading.club/chapter.php/1016259/121/Avalov.html).  

 

რუსეთის იმპერიული პოლიტიკის ლოგიკას გარკვეულწილად ფარდას ხდის ნიკოლოზ პირველის წერილი გენერალ პასკევიჩისადმი, სადაც იგი ურჩევს გენერალს კავკასიიდან გაესახლებინა ადგილობრივი ურჩი მოსახლეობა და იქ იმპერიის ერთგული ხალხი ჩაესახლებინა (http://kopomko.ru/pismo-nikolaya-i-general-feldmarshalu-paskevichu-ob-usmirenii; აგრეთვე www.apn.ru/index.php?newsid=20052). ეს ადასტურებს, რომ ნიკოლოზ პირველს ძალიან კარგად ესმოდა კავკასიის მნიშვნელობა და აქ არაფრით დაუშვებდა თუნდაც ვასალური სახელმწიფოს არსებობას.  რუსეთი დღემდე ამ პოლიტიკით ხელმძღვანელობს.

 

ჩვენთან მყარად არის გამჯდარი შეხედულება, რომ რუსეთმა სახელმწიფოებრიობა კი მოგვიშალა, სამაგიეროდ გადაარჩინა ქართველი ერი ფიზიკური განადგურებისაგან. ანუ პარადიგმა „ქართველები - კი, საქართველო - არა“, წესით მისაღები უნდა ყოფილიყო ჩვენთვის. მითუმეტეს, რომ ასევე გაბატონებული შეხედულებით, რუსეთის იმპერიამ დაგვიბრუნა მიტაცებული მიწები და გააერთიანა საქართველო. 

 

რაც შეეხება ფიზიკურ გადარჩენას. მართლაც, ჩვენ თითქმის გავწყდით განუწყვეტელ ბრძოლებში, რათა შეგვენერჩუნებინა ქართული სახელმწიფო. ნებისმიერი ჯანყი ამ მიზანს ემსახურებოდა (საქართველოს ისტორიამ არ იცის სოციალური ჯანყი). ბრძოლა რუსეთის იმპერიაშიც გაგრძელდა. ასეთი იყო ჯანყი ქართლში, მთიულეთში, კახეთში, რაჭაში, გურიაში, სამეგრელოში, სვანეთში. როგორც კი შევწყვიტეთ ბრძოლა, შეწყდა კიდეც ჩვენი ფიზიკური განადგურება (უკანასკნელი აჯანყება მოხდა აფხაზეთში 19-ე საუკუნის სამოციან წლებში). ასე, რომ ფიზიკურად გადავრჩით იმით, რომ იძულებული შევიქენით შეგვეწყვიტა ბრძოლა ეროვნული სახელმწიფოსათვის. ეს ეხება ოსმალეთის ქართველობასაც. დამორჩილების შემდეგ მათ ფიზიკურ არსებობას არავინ დამუქრებია, არც საქართველო გაუუქმებიათ  (ოსმალეთის საქართველოს „გურჯისტანის ვილაიეთი“ ერქვა) და ოსმალეთის არსებობისას იქ არავინ ჩაუსახლებიათ ქართული ელემენტის განსაზავებლად (სიტუაცია შეიცვალა თურქეთის რესპუბლიკაში). აი რუსეთი კი, მთელი 19-ე საუკუნე საქართველოს ტერიტორიაზე ინტენსიურად ასახლებდა უცხო ეთნოსებს (ჯავახებისა და აფხაზების გასახლების  პარალელურად), ქართველობის განზავებისა და ასიმილაციის მიზნით.

 

მიუხედავად ყველა დამპყრობლისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებისა, რუსეთის იმპერიას მაინც უდიდესი დამსახურება აქვს ქართველი ერის წინაშე. რუსეთთან შეერთებამ გადაარჩინა ქართული კულტურა, რომელიც მართლმადიდებლურია თავისი ბუნებით  (ოსმალეთში ქართველობა ფიზიკურად კი გადარჩა, მაგრამ იქ ქართული კულტურა მოკვდა). გარდა ამისა, რუსეთის მეშვეობით ჩვენ კვლავ დავუკავშირდით ევროპას (ოთხასი წლის შემდეგ!), რამაც ეროვნულ განვითარებას უმძლავრესი ბიძგი მიანიჭა. მაგრამ, მიუხედავად ამ პოზიტიური შედეგისა, ვიმეორებთ, იმპერიაში ყოფნისას ჩვენს ეროვნულ იდენტობას პერსპექტივა არ გააჩნდა. ამის მიზეზი სწორედაც სახელმწიფოებრიობის დაკარგვა იყო. აღმოჩნდა, რომ უსაქართველოდ ქართველობა განწირულია დასაღუპავად. აქედან კი გამომდინარეობდა ეროვნული გადარჩენის ერთადერთი გზა - რამენაირად უნდა დაგვეხსნა თავი იმპერიისაგან და აღგვედგინა სახელმწიფოებრიობა.

 

რაც შეეხება, ჩვენი მიწა-წყლის გაერთიანებას, რუსეთს ეს არ განუხორციელებია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ასეთი ტერიტორიული ერთეული - სახელად საქართველო - იმპერიაში არ არსებობდა. საპირისპირო მაგალითია უნგრეთის ისტორია. როდესაც ოსმალეთმა დაიკავა უნგრეთის უდიდესი ტერიტორია, გადარჩენილი ნაწილი მიიერთა რომის საღვთო იმპერიამ (პირველმა რაიხმა) ისე, რომ სამეფო არ გაუუქმებია (კაიზერმა, რომელიც იმავდროულად გერმანიისა და ბოჰემიის მეფე იყო, უნგრეთის მეფობაც შეითავსა). სწორედ ჰაბსბურგების რაიხმა დაუბრუნა უნგრეთის სამეფოს დაკარგული მიწები და გააერთიანა იგი. ამიტომ, თუ ვიტყვით, რომ ჰაბსბურგებმა გააერთიანეს უნგრეთი, ეს არ იქნება შეცდომა. ჩვენს შემთხვევაში კი, რომ არ მომხდარიყო რუსეთის რევოლუცია და მერე ჩვენთვის თავი არ გამოედო გერმანიას, ჩვენ ვერ ვეღირსებოდით დამოუკიდებლობას. ამიტომ ნუ დავაბრალებთ რუსეთს იმას, რაც არ გაუკეთებია. ხოლო გერმანიას ნუ დავუკარგავთ ამაგს.

 

1921 წელს დაგვაბრუნეს იმპერიაში, თუმცა უკეთესი სტატუსით - გაგვიჩნდა ტერიტორიული ერთეული მოჩვენებითი სახელმწიფოებრიობით (გავლენა იქონია ჩვენმა სამწლიანმა დამოუკიდებლობამ და ქართველი უკლონისტ-კომუნისტების  მეცადინეობამ), დანაღმული ეთნოტერიტორიული ავტონომიებით. მოსკოვი ამ დათმობასაც არ ეგუებოდა, და მუდამჟამ ცდილობდა ჩვენი მწირი სუვერენიტეტის  შეკვეცას. გადამწყვეტი მომენტი დადგა ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების ხელმოწერისას, რომლის თანახმადაც საქართველო განახლებულ საბჭოთა კავშირშივე დაიშლებოდა ეთნოტერიტორიებად (http://pravo.levonevsky.org/baza/soviet/sssr0973.htm; http://pravo.levonevsky.org/baza/soviet/sssr0928.htm). გამოსავალი კვლავ ერთადერთი იყო - ჭეშმარიტი სახელმწიფოებრიობის აღდგენა - საქართველო უნდა  გამოსულიყო საბჭოთა კავშირიდან და დამოუკიდებლობა გამოეცხადებინა. 1990 წლის საპარლამენტო არჩევნებში ეროვნული მოძრაობის გამარჯვებით ეს ამოცანა წარმატებით შესრულდა. საქართველო მეორეჯერ გადარჩა 20-ე საუკუნეში.  გულხელდაკრეფილი ყოფნით ჩვენ დამოუკიდებელი ვერ გავხდებოდით, როგორც ეს დღემდე ჰგონია ზოგიერთებს.

 

დამოუკიდებელ საქართველოს კიდევ დაუდგა კრიტიკული პერიოდი 1993 წლის შემოდგომაზე, როცა მოსკოვი ხუთ ნაწილად გვიპირებდა დაშლას. მაგრამ ზვიად გამსახურდიას თავდადებამ, როდესაც მან, ჩიხში გამომწყვდეულმა, უარი განაცხადა ეცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა სიცოცხლის შენარჩუნების სანაცვლოდ, აგვაცილა თავიდან ეს საშიშროება (ეს უკვე მესამეჯერ!).

 

როგორც ვხედავთ, რუსეთის პოლიტიკა ჩვენს მიმართ ჯერ-ჯერობით უცვლელია: საქართველოს სახელმწიფო არ უნდა არსებობდეს. ასეთ პირობებში გაუგებარია, რა აზრი აქვს მოლაპარაკების გამართვას, ეს ხომ იგივეა, რაც კრავის საუბარი მგელთან კრილოვის იგავიდან. ეს უკანასკნელი, როგორც გახსოვთ, თვლიდა, რომ კრავი: виноват уж тем, что хочется мне кушать. ჩვენ ხომ რუსეთის თვალში უკვე დამნაშავე ვართ იმით, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოს წარმოვადგენთ.

 

P.S.

რუსეთის მეშვეობით ჩვენი ტერიტორიული პრობლემების გადაჭრის ისეთი თავგამოდებული მომხრე, როგორიც არის ქ-ნი ნინო ბურჟანაძე, ეხლა ცდილობს სეპარატისტებთან უშუალო მოლაპარაკებით (ურუსეთოდ!) გაამთლიანოს ქვეყანა.

 

ტეგები: პოლიტიკური თემა