დღის პოსტი
ახლა მთავარია მოლოდინი, განახორციელებს თუ არა აშშ სარაკეტო იერიშს
ამირან სალუქვაძე ◯ April 12,2018

მთელი მსოფლიოს მზერა სირიისკენაა მიმართული. ჩვენგან კი ყველანი პროგნოზებს ელოდებიან, განახორციელებს თუ არა აშშ სარაკეტო იერიშს.


ექს-თავდაცვის მინისტრი საუბრობდა მსოფლიოში გავრცელებული მოსაზრების შესახებ, თითქოს ტრამპს ასეთი ტაქტიკა აქვს, აშინებს, ზეწოლას ახდენს და უკან ახევინებსო. მოჰყავთ ჩ. კორეისა და ჩინეთის მაგალითები.


არაკორექტულია სიტუაციის ასე გამარტივება. ჯერ ერთი, კიმ ჩენ ინი ვის თამაშს თამაშობს, საკითხავია. დავუშვათ, შეეშინდა და უკან დაიხია, რუსეთთან და სირიასთან გაიგივება უბრალოდ არაკორექტულია. რაღა დროს ასადის შეშინებაა? რუსეთის შეშინება საზღვაო დაჯგუფების შექმნით სასაცილოა. შეეშინდა და გამანადგურებელი გაგზავნა ავიამზიდთან მისაახლოებლად? რუსეთი ისედაც არ იმოქმედებს უშუალოდ აშშ-ს წინააღმდეგ.


ჩინეთთან აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა. ჩინეთს სავაჭრო წესების დარღვევაში სდებს ტრამპი ბრალს და ჩინეთს ეს ბრალდებები არ უარყვია. ტრამპი ახალ სანქციებს უმზადებს ჩინეთს. არ ჩავუღრმავდები.


სირიის შემთხვევაში ტრამპი არ ბლეფობს. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ აუცილებლად დაარტყამს და ეს არცაა მთავარი.


ან ასე რატომ ვამარტივებთ ტრამპს და მის ოპონენტებს, რომ ვერ აანალიზებენ სადაა ბლეფი და სადაა რეალური საფრთხე?


და საერთოდ, თუ ანალიზს ვაკეთებთ, საკუთარი გავაკეთოთ. თუ მსოფლიოში გავრცელებულ შეფასებებს ვაკოპირებთ, მაშინ წყაროც მივუთითოთ. თორემ, ეს დღეები მთელი მსოფლიო ტრამპის ამ ტაქტიკაზე წერს.


თუ ტრამპი დაემუქრა რუსეთს, რუსეთმაც გააჟღერა მუქარები. თუმცა, არავის მიუქცევია ყურადღება რუსული მუქარების შინაარსზე. ქვემოთ დავაზუსტებ.


სანამ სარაკეტო იერიშზე დავწერ, პროგნოზების თემას დავუბრუნდები.


მთავარი პროგნოზი, ჩემი აზრით, იყო ის, რაც შეეხებოდა რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობათა დაძაბვას და კონფლიქტის ძირითად აქტორთა არაპირდაპირ დაპირისპირებას სირიის მიწაზე.


ამ პროგნოზებს ვწერდი თებერვალ-მარტში, რომ ვითარება მკვეთრად დაიძაბებოდა. ვწერდი ჩიხურ სიტუაციაზეც, რომელშიც მოექცეოდა რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობები, რაც ასევე სახეზეა.


მანამდე, ვიდეო ბლოგში და სტატიებში დავაფიქსირე კონფლიქტის ახალი ფაზა, როცა სირიის ომის ძირითად მოთამაშეთა ინტერესების მკვეთრი დაპირისპირება მოხდა და ირიბად დაიწყეს ერთმანეთის წინააღმდეგ მოქმედებები.


კონკრეტულად სირიის ჩიხიდან ნაწილობრივ გამოსავლის ნახვა შესაძლებელია, ოღონდ არა კონფლიქტის მოგვარების, არამედ დღევანდელი დაძაბულობის შედარებით განმუხტვის მხრივ. რაც შეეხება რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობებს, კიდევ დიდხანს დარჩებიან ჩიხში. სირიის კონფლიქტის დარეგულირებაც უკვე შეუძლებელი ხდება და ვერც ასტანა უშველის, ვერც სოჭი.


რაც შეეხება სარაკეტო იერიშს.


საკმაოდ სერიოზული საზღვაო დაჯგუფებაა შექმნილი, რომელსაც შესაძლოა შეუერთდეს ავიამზიდი ჰარი ტრუმენი და სხვა ხომალდები. მთლიანობაში აღნიშნულ დაჯგუფებას შეეძლება 400-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტის გაშვება.


უცნობია რუსული ს-400-ის სრული შემადგენლობა, რამდენი დივიზიონისგან შედგება, რა სარაკეტო მარაგები აქვთ თავმოყრილი. 


ს-400 თუ მაქსიმუმ 4 დივიზიონისგან შედგება, მაშინ  ერთდროულად გამშვებ დანადგარებზე ექნებათ 192 რაკეტა. ერთ ფრთოსან რაკეტაზე 2 საზენიტო რაკეტის გამოყოფის შემთხვევაში, ს-400 ტიპის საზენიტო ბრიგადა შესძლებს 96 ფრთოსან რაკეტას გაუხსნას ცეცხლი. დარჩება კიდევ სამი ასეული, რუსული კომპლექსი კი გახარჯავს მარაგს. აქვს კი რუსეთს დამატებითი საბრძოლო კომლექტები ჩატანილი სირიაში? თუ აქვთ ბრძოლების დროს შესძლებენ მარაგების შევსებას. თუმცა, ეჭვი მეპარება 400 რაკეტა ჰქონდეთ ადგილზე.


რუსეთს სხვა კომპლექსებიც გააჩნიათ, რომელთაც ასევე ეფექტიანად შეუძლიათ ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ ბრძოლა.


თუმცა სხვა კუთხით შევხედოთ. რამდენადაც ცნობილია, რუსების თანამედროვე კომპლექსებით მხოლოდ საკუთარ ბაზას იცავენ. აშშ არ აპირებს რუსეთის ბაზას შეუტიოს.


ის, რომ ს-400-ს დაზიანების სიშორე (უხეშად რადიუსი) 250 ან 400 კმ აქვს, სულაც არ ნიშნავს, რომ ფრთოსან რაკეტებს ამ რადიუსში გაანადგურებენ.


ფრთოსანი რაკეტების ფრენის სიმაღლე არის ძალიან დაბალი: 50-100 მ. ასეთ სიმაღლეზე ნებისმიერი მიზნის აღმოჩენა (დედამიწის მრგვალი ფორმიდან გამომდინარე) 50-60 კმ-ია. 500 მეტრამდე ფრენის შემთხვევაში ნებისმიერი ტიპის საჰაერო მიზნის აღმოჩენა შესაძლებელია 100-120 კმ-მდე.


რადიოელექტრონული ბრძოლის პირობებში, ასევე მთაგორიანი რელიეფის შემთხვევაში, ეს მანძილი მცირდება.


შესაბამისად, როგორც წინა სარაკეტო იერიშებისას ტომაჰავკების გამოყენებით, ახლაც ამერიკული რაკეტები საერთოდ არ შევლენ ს-400 ან სხვა რუსული კომპლექსების დაზიანების ზონაში და პირდაპირ ასადის ობიექტებზე მიიტანენ იერიშს.


რუსეთი დაეხმარა ასადს ტექნიკის აღდგენაში. თუმცა ეს ძველი სისტემებია და მასირებული სარაკეტო იერიშის შემთხვევაში, ვერ შესძლებენ იგივე ინტენსივობის საზენიტო ცეცხლის წარმოებას, როგორც ს-300 ან ს-400. შესაბამისად, მათი ეფექტიანიბა არ იქნება საგრძნობი (დეტალურად ახსნით არ მოგაწყენთ).


რაც შეეხება რუსეთის მუქარას. რუსეთი ამბობს, რომ თუ პირდაპირ ან ირიბად საფრთხე შეექმნება რუს სამხედროებს, იმუქრებიან საპასუხო ქმედებებით.


თუ აშშ სარაკეტო იერიშს განახორციელებს, ის აუცილებლად შეატყობინებს მიზნების კოორდინატებს. აღმოჩნდებიან თუ არა იქ რუსი ინსტრუქტორები, აშშ პასუხისმგებლობას აღარ აიღებს.


ახლა მთავარია მოლოდინი, განახორციელებს თუ არა აშშ სარაკეტო იერიშს?


ვიმეორებ, აქ მთავარი ეს აღარაა ამ ეტაპისთვის. მთავარია ის დაძაბულობა.

ტეგები: მსოფლიო
მსგავსი ტეგები
თურქეთის "სავაჭრო დემარში" რუსეთის წინააღმდეგ - ფაქტი და კომენტარი
March 23,2017
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების „პანდორის ყუთის“ შედეგი: დონალდ ტრამპი გეოპოლიტიკური თუ პოლიტიკური ენიგმა???
March 27,2017
“შავი ტრანზიტის“ პერსპექტივები - სამხრეთ კავკასიის კორიდორი და საქართველო
April 06,2017
„ახალი ცივი ომის“ აჩრდილი და მსოფლიო წესრიგის ფუნდამენტური ცვლილება - საქართველო სად არის???
May 15,2017
„ისლამური ხალიფატის“ საინფორმაციო-პროპაგანდისტული/კიბერ-ვირტუალური ომის სპეცეფიკა - „რბილი ძალის“ კონცეფტი
June 07,2017
თურქეთის ხელისუფლების გეოპოლიტიკური გამბიტის „ოპერატიული“ ასპექტები
August 02,2017
კავკასიის რეგიონში გეოპოლიტიკური აშლილობების დრამატიზებას უნდა ველოდოთ
January 05,2018
გეოსტრატეგიული აშლილობის საზღვარმა საქართველოს მხარეს გადმოიწია
January 23,2018
ვინ აკონტროლებს აზერბაიჯანი-სომხეთის ომს და ჩაერევა თუ არა თურქეთი კონფლიქტის მოგვარებაში?
February 22,2018
ირან-ისრაელის ომის სცენარი: მითი და რეალობა
May 10,2018
"თურქეთის არჩევნების შედეგი მოსალოდნელი იყო"- ამირან სალუქვაძე
June 25,2018
რა რეაქციები მოჰყვა ტრამპი-პუტინის შეხვედას საზოგადოებაში
July 18,2018