დღის პოსტი
"სკოლა მოსწავლეთა შეფასების სისტემის გარეშე, იგივეა, რაც ფეხბურთის მატჩი ბურთით, მაგრამ უკაროდ და უგოლოდ!"
დავით ზარდიაშვილი ◯ February 01,2019

რასაკვირველია, სკოლა მოსწავლეთა შეფასების სისტემის გარეშე, იგივეა, რაც ფეხბურთის მატჩი ბურთით, მაგრამ უკაროდ და უგოლოდ! ატესტატის მიღება, თუ რასაც სკოლაში გასწავლიან, თითოეულ საგანში ობიექტური შეფასება არ გაქვს, იგივეა, რომ უკარ-უგოლო ფეხბურთში გარამარჯვებული და დამარცხებული გამოავლინო.

 

პირადად ვარ მომსწრე და ვიცი: როცა ალეკო კარტოზია გეგმავდა განათლების რეფორმას, ერთ-ერთი (მაგრამ - არა ერთადერთი) მთავარი იდეა იყო შეფასების სისტემის ობიექტურობის უზრუნველსაყოფად მისი გატანა სკოლიდან "გარეთ" და შეფასების ეროვნული ცენტრის შექმნა. საბოლოო ჯამში ამ ცენტრს უნდა შეეფასებინა საშუალო განათლება არა მხოლოდ სამ ან ოთხ საგანში, არამედ უკლებლივ ყველა საგანში, რაც სკოლაში ისწავლება. სკოლის ატესტატს ვერ აიღებდი, თუკი ყველა საგანში არ გექნებოდა ეროვნული ცენტრის, მაშასადამე, მაქსიმალურად ობიექტური, შეფასება. რასაკვირველია, ეს არ ნიშნავდა, რომ ყველა გამოცდას ერთ, დამამათავრებელ წელს აბარებ. . ზოგი საგანი მაშინვე შეიძლება ჩააბარო, როცა ამ საგნის შესწავლა დასრულდება, ანდა, კი ბატონო - შეგიძლია სკოლა დაამთავრო და მერე, რაღაცა პერიოდის განმავლობაში(ვთქვათ, 5 წლამდე პერიოდი) აბარაო ჩაუბარებელი გამოცდები. ბუნებრივია, ექსტერნად სწავლაც შესაძლებელია, მერე ასევე გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩაბარების პირობით. სკოლაში 20-მდე საგანი ისწავლება. ამდენად, 20-ივეში აუცილებელია ობიექტური შეფასება ატესტატის მისაღებად.

 

რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებელში მიღებას - ბუნებრივია, საკვალიფიკაციო მოთხოვნებს თავად კონკრეტული სასწავლებელი სპეციალობების მიხედვით ადგენს. მაგალითად - ფიზიკის ფაკულტეტზე მოთხოვნა იქნება მინიმალური საატესტაო ჯამური ქულა არა ნაკლებ ვთქვათ, 150-ისა (10 ბალიანი შეფასების სისტემით საგანში, ), ხოლო ე.წ. მაპროფილებელ საგნებში, ამ შემთხვევაში - მათემატიკასა და ფიზიკაში, არანაკლებ, ვთქვათ, 8 ქულა თითოეულში. ამის შემდეგ კონკურსით, ყოველგვარი დამატებითი გამოცდისა ან შეფასების გარეშე, შეირჩევიან ის საუკეთესოები, რომლებიც ეროვნული ცენტრის მიერ მიღებული შეფასებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.

 

ასეთი რეფორმისთვის მზადება 2001 წლიდან დაიწყო, რაც გულისხმობდა არა მხოლოდ სამ ან ოთხ, არამედ ყველა სასკოლო საგანში შესაბამისი პროგრამისა და სტანდარტების, ამ პროგრამისა და სტანდარტების მიხედვით მოსწავლისთვის წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების და ამ მოთხოვნების მიხედვით შეფასების ობიექტური კრიტერიუმებისა და საგამოცდო მასალების (ვთქვათ, საგამოცდო ტესტების) მომზადებას. ბუნებრივია, ამას დრო დასჭირდებოდა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა საგანში ეს პირობები დაკმაყოფილდებოდა, შესაძლებელი გახდებოდა შეფასების ეროვნული ცენტრის სისტემაზე გადასვლა.

 

სააკაშვილის რეჟიმმა ეს იდეა კარტოზიასგან მოიპარა, მაგრამ გამოშიგნული და დეფორმირებული სახით დანერგა - მათ ეჩქარებოდათ "წარმატებული რეფორმის" გატარება, ამიტომ ეროვნული ცენტრი მოუმზადებლად, სასწრაფოდ შექმნეს და გამოცდები მხოლოდ 3-4 საგანში (ქართული, უცხო ენა, მათემატიკა და უნარები) დანერგეს.შედეგი, ბუნებრივია, დამღუპველი იყო - ამ საგამოცდო საგნებში მოსწავლეები ინტენსიურად ემზადებოდნენ (ძირითადად რეპეტიტორებთან), ხოლო დანარჩენ საგნებს სართოდაც აღარ სწავლობდნენ!

 

რა მოხდება დღეს, თუკი ეროვნული სტანდარტის მიხედვით საგამოცდო საგნების რიცხვი კიდევ უფრო შემცირდება, ხოლო დანარჩენ საგნებში შეფასება სკოლისთვის გახდება მინდობილი, თანაც სრულიად გაურკვეველი და უარესიც- საერთოდაც ნებისმიერი მეთოდითა და კრიტერიუმებით? ეს ძნელი წარმოსადგენი სულაც არ არის: ნათელია, ისედაც დანგრეული და გაუბედურებული სასკოლო განათლება საერთოდაც მიწასთან გასწორდება!

 

არავინ ისეთი უბედური და საცოდავი არ არის, როგორც გაუნათლებელი ადამიანი და მით უმეტეს -გაუნათლებელი ერი, დღევანდელ, ცოდნის ეპოქაში! არავინ!

 

ჩვენ თავადვე ვჭედთ საკუთარ უბედურებას!

ტეგები: სოციალური თემა
მსგავსი ტეგები
გვაქვს ადაპტირებული პარკინგი, არ გვაქვს ინვალიდთა მანქანა, მაგრამ ამაყები ვართ ხაზვაში
March 13,2017
„ჰიბრიდული ომის“ რაობა და მისი გეოსტრატეგიული ასპექტები (მეოთხე თაობის ომი) - კიბერომის მაგალითზე
March 30,2017
ვინ მოკლა RBK
May 03,2017
დეპრესიული საზოგადოება უმძიმესი დამბლის მდგომარეობიდან გამოყვანას საჭიროებს
February 14,2018
აქციის "#ნუმომკლავ" - დადებითი და უარყოფითი მხარეები
June 11,2018
მიწის რეფორმას უფრო ფართო კონტექსტი და შინაარსი აქვს
December 13,2018
"პოზიტიურ ინფორმაციას ადამიანები ქილიკით იღებენ, ნეგატივს კი მეტი მიზიდულობა აქვს"
January 21,2019
ვის ინტერესებშია ყველაზე მეტად ე.წ. ლგბტ პრაიდების მოწყობა
May 14,2019