დღის პოსტი
რომელი საარჩევნო სისტემა იქნება მისაღები საქართველოსთვის
დავით ზარდიაშვილი ◯ February 15,2019

რასაკვირველია, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის მავნებლობა - თვალსაჩინოა: ასეთი არჩევნებისას ხმების დიდი ნაწილი იკარგება და იკარგება, როგორც წესი - მმართველი პარტიის სასარგებლოდ (თუმცა, არა ყოველთვის - გავიხსენოთ თუნდაც 2012 წლის მაჟორიტარული არჩევნები, რომელიც მაშინდელმა მმართველმა პარტიამ წააგო).

 

თუმცა, თუ არა ოპოზიციურ-პარტიული, არამედ ამომრჩეველთა ინტერესიდან ამოვალთ, არანაკლებ თვალსაჩინოა ასევე ამომღცელისათვის "დახურული", ე.ი. რანგირებული პარტიულ-პროპორციული სიებით არჩევნების არსებითი ხარვეზიც: მართალია, აქ ხმები აღარ იკარგება და არჩევნების შედეგები პარტიებს მიმართ დამოკიდებულებებს უფრო ობიექტურად ასახავს, მაგრამ თავად პარტიული სიების ფორმირება ხდება ამომრჩევლის ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე. ანუ - ვინ მოხვდება პარლამენტში, პრაქტიკულად პარტიების გადასაწყვეტია და არა ამომრჩევლისა. ცხადია, პარტიების მიმართ ასეთი უნდობლობის პირობებში, რაც დღეს გვაქვს, ასეთი არსებითი ხარვეზი, რაც წმინდა "პარტიული", უფრო სწორედ - კლიენტელური პრინციპებით შექმნილი პარმანეტის გაუცხოებასაც განაპირობებს, არანაკლები მავნებლობაა, ვიდრე მაჟორიტარული სისტემისას ხმების დაკარგვა...

 

რა იქნება კარგი და ამომრჩევლისთვის საუკეთესო? კარგი იქნება ისეთი საარჩევნო სისტემა, სადაც არც ხმები დაიკარგება და არც ამომრჩევლისათვის გაუცხოებულ და "დახურულ" პარტიულ სიებს, რისი შედეგიც იქნება ასევე გაუცხოებული პარლამენტიც, არ ექნება ადგილი.

 

ასეთი საარჩევნო სისტემები არსებობს და ხშირად მათ "გერმანულ" შერეულ სისტემებსაც უწოდებენ. აი, მათი ერთ-ერთი შესაძლო, ქართულ რეალობასთან ადაპტირებული შერეული, მაგრამ უფრო პროპორციული, ვიდრე მაჟორიტარული, საარჩევნო მოდელი:

 

ქყეყანა იმდენ, პირობითად ერთმანდატიან და ამომრცეველტა რაოდენობის მიხედვით მეტ-ნაკლებად თანაბარ ოლქად არის დაყოფილი, რამდენი წევრიც ირჩევა პარლამენტში, ანუ ვიღებთ 150 პირობითად ერთმანდატიან ოლქს, სადაც დაახლოებით 20- 25 ათასი ამომრჩეველია; შესაძლოა სხვა გადაწყვეტაც - ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით იქნება როგორც ერთმანდატიანი, ასევე მრავალმანდატიანი ოლქები, რაც რაიონებში (დღევანდელ მუნიციპალიტეტებში) ამომრჩეველტა უთანასწორობას გამოატანაბრებს;

 

ასეთი ოლქები პირობითი იმდენად არის, რამდენადაც იქ მხოლოდ კანდიდატების წარდგენა ხდება, ხოლო მათ არა ოდენ ერთი პირობითი ოლქი ირცევს, არამედ სრულიად საქართველო, რადგან მანდატების განაწილება პროპორციული წესით ხდება. ეს სისტემა შერეული იმიტომ არის, რომ კანდიდატების წარდგენა ხდება ისე, როგორც მაჟორიტარული არჩევნებისას, მაგრამ მანდატების განაწილება ისე, როგორც პროპორციული არჩევნებისას.

 

რაც მთავარია - ასეთ დროს პარტიული სია აღარ არის წინასწარ რანგირებული და ამ სიაში შეტანილი ყოველი კანდიდატი უნდა დასახელდეს ერთ-ერთ ოლქში. ხმების დათვლა კი ხდება ისე, როგორც პროპორციულ არჩევნებშია: პირობით ოლქებში კანდიდატების მიერ მიღებული ხმები მთელ საქართველოში ჯამდება წარმდგენი პარტიების მიხედვით და მანდატები პარტიულ სიებს შორის მიღებული ხმების პროპორციულად ნაწილდება. ამასთან, სიის რანგირება ხდება თავად ამომრჩევლის მიერ - პარლამენტის მანდატს იღებს სიიდან ის კანდიდატი, რომელმაც ამომრჩევლის მეტი ხმა მიიღო. ასეთი სისტემა არ გამორიცხავს დამოუკიდებელი კანდიდატების მონაწილეობასაც - დამოუკიდებელი კანდიდატები ასეთ არჩევნებში ერთიანი, დამოუკიდებელთა სიით (სადაც რაოდენობა წინასწარ შემოსაზღვრული არ არის და იმდენი კანდიდატი შევა, რამდენი დამოუკიდებელიც იქნება მთლიანად ქვეყანაში) მონაწილეობენ და ეს სია იგივე პრინციპით, ე.ი. მთლიანად ქვეყანაში მიღებული ხმების პროპორციულად მიიღებს მანდატებს.

 

ცხადია, ასეთ შემთხვევაში არც ხმები დაიკარგება და პარლამენტის წევრებსაც ინდივიდუალურად და არა როგორც უწოდებენ - გუნდურად, რაც ახლა უფრო ჯოგურობასა ჰგავს ხოლმე, ვაძლევთ ხმას. დიახ, აქ ჭეშმარიტი "წარმომადგენლობითი გუნდურობაც" გათვალისწინებულია, რადგან ამ წარმომადგენლობით გუნდს პარტია მოსახლეობის მონაწილეობით და არა უამისოდ, აკომპლექტებს!

 

კიდევ ერთიც: ასეთი სისტემის დანერგვას, ასევე, იმასაც, რასაც ოპოზიცური პარტიები გვთავაზობენ, ე.ი. 2020 წლისთვის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, რასაკვირველია, საკონსტიტუციო ცვლილებები დასჭირდება. დღევანდელი საკონსტიტუციო უმრავლესობა კი ასეთი ცვლილებების ინიცირებას, ბუნებრივია, არც კი განიხილავს.. ასევე, არც პარტიები მოიკლავენ თავს თავიანთი სიების "გახსნისა" და მათი რანგირების ამომრჩევლისთვის მისანდობად.

 

ერთადერთი სამართლებრივი შანსი, რომ ახალი საარჩევნო სისტემა დაინერგოს, ეს იქნება საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის ინიცირება ამომრჩეველთა მიერ, რასაც არანაკლებ 200 000 ხელმოწერის შეგროვება სჭირდება.

 

ხაზგასმით ესიც აღსანიშნავია:დარწმუნებული ვარ, ე.წ. ოპოზიციური პარტიები მხოლოდ თავიანთი ვიწრო პოლიტიკური და არა ამომრჩეველთა ინტერესების გამო ითხოვენ დღეს საარჩევნო სისტემის ცვლილებას და მათთვის ასეთი ცვლილებებისათვის დაწყებული პოლიტიკური პროცესი ძალაუფლებისათვის თვითმიზნურ ბრძოლაში რევოლუციური ან არარევოლუციური გადატრიალების ინსტრუმენტია..

 

მე მომხრე ვიქნებოდი ზემოთ წარმოდგენილი ცვლილებებისა, მაგრამ მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში: თუ ეს ცვლილებები ინიცირებული იქნებოდა არა პარტიული, არამედ სამოქალაქო მოძრაობის მიერ და ასეთ მოძრაობას არა პარტიულად, თუ ანტი-პარტიულად არა, განწყობილ მოქალაქეთა დიდი რაოდენობა, რაც ამომრჩევლის არსებითად გადამწყვეტ უმრავლესობას შეადგენდა , ე.ი. არა ნაკლებ 1, 5 მილიონი მოქალაქე მაინც, ეყოლებოდა არა ოდენ პასიური მომხრე, არამედ - აქტიურად დარაზმულიც! დაახლოებით ისე, როგორც ეს მოხდა ისლანდიაში.

 

ზღაპარია არა? დიახ. მაგრამ კაი ცხოვრებაც ჩვენს სინამდვილეში ხომ სწორედაც ზღაპარია და სხვა არც არაფერი.

ტეგები: პოლიტიკური თემა
მსგავსი ტეგები
რას უნდა ითვალისწინებდეს საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია (II ნაწილი)
April 03,2017
რას უნდა ითვალისწინებდეს საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია (I ნაწილი)
April 03,2017
ფარცხა-თოდრიზმი და შარდენზე განავლომა 22-ე საუკუნეში გამოცემულ განმარტებით ლექსიკონში
May 26,2017
,,მწარე რეალობა" - გურამ სანადირაძის ბლოგი
September 04,2017
მწარე რეალობა - დაველაპარაკოთ თუ არა რუსეთს?
September 04,2017
პოლიტ-მედია დრამატურგიაში ნინია კაკაბაძეს "განხეთქილების ვაშლი" არგუნეს
April 13,2018
ინსტიტუციური კრიზისი „ოცნებაში“ - პარტია თუ ისევ კლიენტელა?
April 19,2018
რატომ უნდა ავირჩიოთ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად
October 11,2018
როგორ ჩავატაროთ 2020 წლის არჩევნები და როგორ განვსაზღვროთ მისი ლეგიტიმურობა
December 03,2018
როგორ დავტოვეთ კოდორის ხეობა აფხაზეთში
December 05,2018
ახალი თვითგამორკვევა და დაბნეულობის 25 წელიწადი (პირველი წერილი)
March 13,2019
დეცენტრალიზაციის პოლიტიკის უმთავრესი სტრატეგიული მიზანი - თვითმმართველობის როლის არსებითი გაზრდაა
May 22,2019
"პროპორციული არჩევნებით პოლიტიკა ადგილობრივ კონტექსტს უმეტესწილად დაკარგავს"
June 25,2019
"შემაგინე და გესვრი"- პუტინის შურისძიება გინებაზე
July 10,2019