დღის პოსტი
ეკონომიკის სწრაფი ზრდა მხოლოდ მაღალი დივერსიფიკაციის პირობებშია შესაძლებელი
გიორგი ცუცქირიძე ◯ May 10,2019

 

 

დღეს კვლავ აქტუალურია სწრაფი ეკონომიკური ზრდის ამოცანა, რადგან მიუხედავად რეგიონში ყველაზე მაღალი ზრდის დინამიკისა, ეკონომიკის მთავარ გამოწვევად კვლავ სიღარიბე და უმუშევრობა რჩება. ნიშანდობლივია, რომ ბოლო წლებში ჩინეთს და ინდოეთს ჰქონდათ ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 7.5 %-ზე მეტი, რაც აღემატება სხვა სწრაფი ეკონომიკური ზრდის ქვეყნებს, თუმცა ყველა ამ ქვეყანას რომლებსაც ბოლო ოთხ ათწლეულში საშუალოდ 5 %-ზე მაღალი ზრდა ჰქონდათ(იმ ქვეყნებისაგან განსხვავებით რომლებმაც ზრდას ძირითადად ენერგორესურსების ექსპორტის გზით მიაღწიეს) ახასიათებთ საერთო ნიშანი, რაც ეკონომიკის დივერსიფიკაციის მაღალი მაჩვენებელია.

 

აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ პრაქტიკულად ყველა ის ქვეყანა, რომლებსაც ჰქონდათ სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკის მაღალი დივერსიფიკაციით ხასიათდებოდნენ, განსაკუთრებით ეკონომიკის ტრანსფორმაციის პროცესში(სინგაპური, ვიეტნამი, ჰონ-კონგი, სამხრეთ კორეა, ირლანდია, უნგრეთი, პოლონეთი, იაპონია, ტაილანდი, მალააზია და ა.შ. ). ამას ადასტურებს საერთაშორისო თუ ადგილობრივი კვლევებიც. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნების ყველაზე მსხვილი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფები არატრადიციული იყო. მაგალითისათვის ეს რომ ყოფილიყო ბრინჯის კულტურა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, ისინი ამ ზრდას ვერ მიაღწევდნენ.

 

ეკონომიკურ ზრდას ძირითადად უზრუნველყოფს რამდენიმე მნიშვნელოვანი მდგენელი, რომელთაგან უნდა გამოიყოს ინვესტიციების და წმინდა ექსპორტის ზრდის ზეგავლენა ეკონომიკურ ზრდაზე. პირდაპირი უცხოური ინვესტიცების შესაფასებლად გამოიყენება არა მხოლოდ მისი მოცულობითი მაჩვენებელი, არამედ მისი თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ანუ მისი ზეგავლენა ეკონომიკურ აქტივობაზე. საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა დაიწყო 2014 წლიდან და შესაბამისად ბოლო ხუთ წელიწადში გაიზარდა მისი პროცენტული თანაფარდობა მშპ-სთანაც. თუ 2014 წელს პუი-ს თანაფარდობა მშპ-სთან- 6.4 %-ს შეადგენდა, ეს ინდიკატორი გაიზარდა 2017 წელს -13 %, რაც ბოლო წლებში ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს.

 

სხვა თანაბარ პირობებში, სწრაფი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის, საქართველოში საშუალო ვადიან პერიოდში წელიწადში სულ მცირე 3-4 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია(პუი) უნდა შემოვიდეს, რაც მშპ-ის 13%-ის ნაცვლად, 18-20 %-ს იქნება. თუ ბოლო წლების სტატისტიკას ვნახავთ, ყველაზე მეტი ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა - 3.2 მილიარდი დოლარი. ეს სექტორი პირველ ადგილს მილსადენ ტრანსპორტში ჩადებული ინვესტიციების გამო იკავებს და ძირითადად ბრიტიშ პეტროლეუმთან არის დაკავშირებული. ჩვენ ასევე ვნახეთ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობაც გასული წლის ბოლოს შემცირდა დიდწილად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტის დამთავრების გამო! აქედანაც ჩანს, რომ ჩვენნაირი ტიპის ეკონომიკაში მსხვილ საერთაშორისო პროექტებს თუ რა ზეგავლენა აქვს ეკონომიკის ზრდაზე.

 

შესაბამისად, ეს მიმართულება კვლავ პრიორიტეტულად უნდა დარჩეს და ამ კუთხით სახელმწიფოს პოზიცია ანაკლიის პროექტის უპირობო მხარდაჭერაზე არის აბსოლიტურად სწორი. მოსაზრებები თითქოსდა სახელმწიფო ბლოკავს ამ პროექტს არის თითიდან გამოწოვილი და პოლიტიკური მდგენელი ოპოზიციის და მასთან დაკავშირებული ექსპერტების მხრიდან, რასაც საერთო რეალობასთან არაფერი აქვს!

 

მეორე ადგილზე ენერგეტიკაა 1.8 მილიარდი დოლარით. ენერგეტიკის სექტორში ჩადებული ინვესტიციები ძირითადად ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას უკავშირდება. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ თუ ქვეყანას აქვს ჰიდრორესურსების პოტენციალი, დღეს ის მაქსიმალურად უნდა აითვისოს. შემთხვევითი არ არის, რომ ჰიდრორესურსებით ისეთი მდიდარი ქვეყნები, როგორიცაა კანადა და ნორვეგია, ყოველწლიურად მილიარდებს ხარჯავენ ჰიდროენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის, რითაც ერთის მხრივ ზრდიან ექპორტს და მეორეს მხრივ, ქმნიან თავისებურ ეკონომიკურ ბალიშსაც იმ მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც ჰიდრორესურსების გამოყენებაში გაცილებით შეზღუდულები არიან! 

 

ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანამ არა მხოლოდ უზრუნველყოს ენერგოუსაფრთხოება, არამედ გადაიქცეს ელექტრო ენერგიის ექსპორტიორ ქვეყნადაც. დიდი ჰესების პირობებში საბჭოთა კავშირის დროსაც კი, გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში გენერაცია ჩამორჩებოდა მოხმარებას საშუალოდ 2-3 მლრდ კვტ/ სთ-ით. თუ დღეისათვის წლიური გენერაცია 12.15 მლრდ კილოვატ საათია, მოხმარება 12.6 მლრდ კვტ/სთ. 2030 წლისთვის სავარაუდო მოთხოვნა დაახლოებით 21 მლრდ კვტ/სთ იქნება ანუ 67%-ით მეტი. მიმაჩნია, რომ საქართველოს აქვს კარგი შანსი უკვე 2025 წლისთვის გახდეს ელექტროენერგიის სფეროში ნედ-ექსპორტიორი ქვეყანა ანუ საკუთარი მოხმარება ჩვენივე გენერაციით დავფაროთ. ამ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ არა მხოლოდ იმდენი ელექტროენერგიის წარმოებას, რამდენიც ჩვენ დაგვჭირდება ეკონმიკის ზრდისათვის, არამედ სულ მცირე 3.5 მლრდ კილოვატ საათი ექსპორტის შესაძლებლობა გვექნება ჩვენი სეზონური გენერაციის გათვალისწინებით;

 

შემდეგი საკითხია წმინდა ექსპორტის მხარდაჭრა. მოგეხსენებათ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების(DCFTA) ამოქმედებით, საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას, გაეხსნა მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც ამ ეტაპზე აერთიანებს 28 ქვეყანას და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს. ახლა რიგშია ანალოგიური ხელშეკრულების გაფორმების ძალზე მიმზიდველი პერსპექტივა მსოფლიოს ნომერ პირველ ეკონომიკასთან, მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) 2018 წლის მონაცემებით, შეერთებულ შტატებს მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკა აქვს 20.4 ტრილიონი დოლარით. საქართველოში ბოლო წლებში ექსპორტის ხვედრითი წილის ზრდა მშპ-ში დიდწილად განპირობებულია არა ტრადიციულად სასაქონლო ექსპორტის ზრდის, არამედ მომსახურების ექსპორტის და პირველ რიგში ტურიზმის ზრდის შედეგად, რაც სავალუტო შემოდინებების დაბალანსების კუთხით ცუდი ნამდვილად არ არის. მართალია, იმპორტის თანაფრდობა მშპ-სთან ორ წელიწადში 3% -ით არის შემცირებული, მაინც მაღალია და 59,3 %-ს შეადგენს, რაც აისახება კიდეც უარყოფით სავაჭრო ბალანსში. მაგალითისათვის შეიძლება ირლანდია ავიღოთ, სადაც იმპორტი მშპ-ის 80 %-ს შეადგენს, სამაგიეროდ ექსპორტის ხვედრითი წილი 110 %-ზე მეტია.

 

მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ჩვენთან ძირითადად შემოდის რესურსმაძიებელი ინვესტიციები, რომლებიც დაბალ ტექნოლოგიური და საშუალო დაბალ ტექნოლოგიური ინვესტიციებს განეკუთვნება. მაგალითად, ავეჯის წარმოება, ტანსაცმლის წარმოება, თამბაქოს წარმოება, ხილის წვენების წარმოება და ა.შ. ჯერჯერობით, უცხოელი ინვესტორები საქართველოში მაინც იაფი სამუშაო ძალის გამოყენებით, ადგილობრივი ბაზრის ათვისებით არიან დაკავებულნი და ნაკლებად უწყობენ ხელს მაღალტექნოლოგიური, ექსპორტზე ორიენტირებული დარგების განვითარებას.

 

სხვადასხვა კვლევები ადასტურებს, რომ ჩვენთან მთლიანი ექსპორტის ზრდაში, ტრადიციული ნომენკლატურის პროდუქციის ექსპორტის ზრდა არის წამყვანი, ხოლო ექსტენსიური ზრდა, რაც გულისხმობს საექსპორტო პროდუქციის გამრავალფეროვნებას და ახალი სასაქონლო ჯგუფების შექმნას, კვლავ სუსტია და მხოლოდ 10 % თუ უჭირავს ექსპორტის ნაზარდში. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ დივერსიფიკაციის ზრდაზე არსებული სასაქონლო ნომენკლატურის გამრავალფეროვნებით. ანუ, ექსპორტი უნდა გაიზარდოს არა ინტენსიური, არამედ ექსტენსიური ზრდით, რაც გაზრდის რა ექსპორტის წილს მშპ-ში სულ მცირე 65%-მდე, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და ამავდროულად გლობალური შოკებისას შეამცირებს მის გავლენას ქვეყნის ეკონომიკაზე.

 

ამერიკასა და თურქეთს შორის მიმდინარე პოლიტიკურმა დაძაბულობამ და „ეკონომიკურმა ომმა“, თურქეთის ეკონომიკის რეცესიამ, ასევე რუსეთისათვის დაწესებულმა სანქციების ახალმა ტალღამ, რასაც თურქული ლირის და რუსული რუბლის გაუფასურება მოყვა, ცხადად აჩვენა ბაზრების დივერსიფიკაციის საჭიროება.

 

სტრატეგიული ამოცანა უნდა გახდეს ევროკავშირის მსგავსად, მსოფლიოს ნომერ პირველ ეკონომიკასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება. დღეს აშშ -ის ხვედრითი წილი სავაჭრო ბრუნვაში ძალიან დაბალია და 4 %-ს შეადგენს და 10 წამყვან სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას შორის მეშვიდეა, მაშინ როდესაც ევროკავშირის ხვედრითი წილი გაცილებით მაღალია. 

 

სტრატეგიული ამოცანის ნაწილი უნდა იყოს პირველ რიგში აშშ-დან და ევროკავშირის ქვეყნებიდან არა უბრალოდ ინვესტიციების მოზიდვა თუნდაც აპრობირებულ დარგებში ან უძრავ ქონებაში, არამედ ინვესტიციების მოზიდვა მაღალ ტექნოლოგიურ დარგებში, და უკვე აქ წარმოებული პროდუქციის შეტანა ევროკავშირში და აშშ-ის ბაზრებზე.

 

სწრაფი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, ქვეყანა უნდა გადავიდეს დამატებითი ღირებულების შექმნის დოქტრინაზე, რაც ყველაზე მაღალ ეფექტს მაღალტექნოლოგიური ინვესტიციების პირობებში იღებს, ანუ ეკონომიკამ უნდა შექმნას დამატებითი ღირებულება, არა მხოლოდ აქ წარმოებულ საქონელზე, არამედ ინფრასტრუქტურის და ინოვაციური ცენტრების სახით, რაც ეკონომიკის ზრდასთან ერთად, გაზრდის სასაქონლო ექსპორტს და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. ბაზრის ზომაც რაც ხშირად ჩვენთან ინვესტიციების მოზიდვის წინაპირობად ითვლება, თანამედროვე საერთაშორისო ვაჭრობაში ალტერნატივად სწორედ საერთაშორისო ბაზრებზე ინტეგრაციას და შესაბამისად საქონლის დასაწყობებას და ნაკლები დანახარჯებით მათ გადაზიდვებს განიხილავს. საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო არტერიების მოდერნიზაციაც სწორედ ამ კუთხით არის მაქსიმალური ეკონომიკური ეფექტის მომტანი.

ფაქტია, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონების პრაქტიკამ ნაკლებად გაამართლა. თუნდაც ის ფაქტი, რომ ამ ზონების დატვირთვა მხოლოდ 25-30 %-ით არის ათვისებული, აჩვენებს ერთ მწარე რეალობას. როდესაც აქ ინვესტორს ვთავაზობთ ბიზნესის წარმოებას, თუნდაც ნულოვანი დასაბეგრი რეჟიმით, გვავიწყდება, რომ განვითარებული ეკონომიკის ქვეყნების ბაზრები სასაქონლო პროდუქციით პრაქტიკულად გაჯერებული არიან! შესაბამისად, მხოლოდ დაბეგვრის რეჟიმის მიმზიდველობა ან იაფი სამუშაო ძალა უკვე საკმარისი არ არის საერთაშორისო ბაზრებზე გასასვლელად. იაფი სამუშაო ძალის მიხედვით ჩვენ კონკურენციის აზიის ქვეყნებთანაც წავაგებთ. ამ თვალსაზრისით არც თუ მცირე თეზ-ია მსოფლიოში ანუ ამ ბაზრებზე შესვლა ზემაღალ კონკურენტულ გარემოში გვიწევს. იგივე ევროპის ბაზარზე შესვლა გაცილებით დიდ კაპიტალ დაბანდებებს მოითხოვს წმინდა მარკეტინგული კუთხით ამ ბაზრებზე შესვლის და დამკვიდრების ფაქტორიდან გამომდინარე და რაც ინვესტიციების შემოსავლის ერთგვარი დაბრკოლების მიზეზიც ხდება; გარდა ამისა, მიუხედავად ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებისა (DCFTA) და ათასობით სასაქონლო ჯგუფების პრეფერენციებისა, მხოლოდ 10-15 % თუა ამ პოტენციალის ათვისებული.

 

მიმაჩნია, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილება იქნება ჩვენთვისაც უპრიანი, როდესაც უნგრეთმა, პოლონეთმა თუ ხორვატიამ ან თუნდაც სლოვენიამ უპირატესობა მიანიჭეს ე.წ. რელოკაციურ მოდელებს, როდესაც ამ ქვეყნებში განხორციელდა ევროპული ბრენდების წარმოების გადატანა. ანალოგიური მოდელი თავის დროზე წარმატებით განხორციელდა ჩინეთში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებშიც. შორს რომ არ წავიდეთ, ეს მოდელი ასევე წარმატებით თურქეთმაც განახორციელა და პრაქტიკულად ნულოვან მარკეტინგულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. რაც მთავარია, ჩვენთან ანალოგიური მოდელის შემთხვევაში წარმოებული საქონელი, ქართული მარკირებით შევა ევროპის და აშშ-ის ბაზარზე, უკვე ამ ბრენდების მიერ ათვისებული საბაზრო სეგმენტში. მთავარი წმინდა ეკონომიკური კუთხით ის არის, რომ გარდა სამუშაო ადგილების შექმნისა, იქმნება დამატებითი ღირებულება ეკონომიკაში ანუ ექსპორტის ზრდის ხარჯზე იზრდება მთლიანი შიდა პროდუქტიც!

 

ამ მოდელზე გადასვლით დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კვალიფიციური მუშა ხელის დეფიციტის საკითხიც მოიხსნება და შემცირდება მათი გადინება სხვა ქვეყნებში. ეს პრობლემა დემოგრაფიული თვალსაზრისითაც არის არასასურველი, როდესაც შრომისუნარიანი მოსახლეობა ტოვებს ქვეყანას. სწორედ, რელოკაციის ეს მოდელები შექმნიან მოთხოვნას კვალიფიციურ სამუშაო ძალაზე და არა პირიქით.

 

აქედან გამომდინარე, ჩვენთანაც ზუსტად ანალოგიური მოდელი განხორციელდეს, რადგან ამ ტიპის საექსპორტო ლოკაციურ მოდელებს, რომლებიც მაღალი ეფექტიანობით ხასიათდებიან, ასევე აქვთ მაღალი საექსპორტო პოტენციალი და გარდა ტრადიციული სასაქონლო ჯგუფებისა, შედიან ისეთ სფეროებში, როგორიცა სამედიცინო-ოპტიკური ინსტრუმენტების წარმოება, საავიაციო პროდუქციის წარმოება, ლაზერულ-ოპტიკური პროდუქციის წარმოება, ნანო ტექნოლოგიები, ციფრული და ბლოკჩეინ ტექნოლოგიები, და ა.შ.

 

მიზანშწონილი იქნებოდა ამ ტიპის წმინდა ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოებისათვის დაწესდეს სპეციალური შეღავათიანი რეჟიმი, როგორც საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობის, თუნდაც „აწარმოე საქართველოს“ პროგრამების ფარგლებში, ასევე მაღალტექნოლოგიური მანქანა-დანადგარების იმპორტის დაბეგვრის კუთხით.

 

მიმაჩნია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ეკონომიკური ატაშეების დონეზე უნდა მოხდეს ევროპის ქვეყნების და ამერიკის შეერთებული შტატების ბიზნეს წრეებთან სწორედ ამ ტიპის რელოკაციური მოდელების შეთავაზება, უნდა შეიქმნას მართვის ერთიანი ცენტრი ეკონომიკის სამინისტროს და საგარეო საქმეთა სამინისტროების მონაწილეობით; აქედან გამომდინარე, სპეციალური ელექტრონული პლატფორმის შექმნაც, გარედან მოწვეული სპეციალისტების აქტიური ჩართულობით, რაზეც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქალბატონმა ნათია თურნავამ ისაუბრა მეცნიერ-ეკონომისტებსა და ეკონომიკურ ექსპერტებთან გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ, არის მხოლოდ მისასალმებელი და ამ მოდელს კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.

ტეგები: ეკონომიკა
მსგავსი ტეგები
ინფლაციის გამაღიზიანებელი და წამახალისებელი ფაქტორები
March 15,2017
„გაზპრომის“ გეოპოლიტიკური კარტა საქართველოსთვის
April 11,2017
"ვისაც თიბისის რეპუტაცია და სიმტკიცე გადარდებთ, სიჩუმეა წამალი"
February 21,2019
„ლარის კურსში უკვე ასახულია უარყოფითი მოლოდინები და ლარის გაუფასურებაც მოკლევადიან ხასიათს ატარებს “
May 23,2019
„დამაიმედებელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და რეფორმები, ქმნის წინაპირობებს ინკლუზიური ზრდისათვის“
May 31,2019
საკრედიტო ექსპანსია ეკონომიკაში ღრმა რეცესიას წარმოშობს
June 17,2019
„სსფ-ის ანგარიშში ცალსახად არის აღნიშნული, რომ მიმდინარე რეფორმები ხელს უწყობს სწრაფ და ინკლუზიურ ზრდას"
June 20,2019
"საქართველო „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერია"
July 03,2019
"ივნისში ეკონომიკის 5 %-იანი ზრდა საგარეო კურსზე რევოლუციური სცენარის ღია ზეგავლენას ადასტურებს"
July 31,2019
"კომერციული რისკების დაზღვევა მთავრობის მიერ არ უნდა განხორციელდეს"
August 01,2019
"ლარს და მთავრობას კი არ უნდა ჩავუდგეთ კრიჭაში, არამედ ემბარგოს დამწესებელს"
August 01,2019
"2008-2012 წლებში ქვეყანა სრულ ეკონომიკურ კოლაფს საერთაშორისო დახმარებამ გადაარჩინა"
August 08,2019
ეს არის საქართველოს მთავარი მტერი, რომელსაც საუბედუროდ - ოკუპირებული აქვს ქვეყანა!
August 15,2019
საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორჩეული ქვეყანაა
September 12,2019
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოხსენება მიმდინარე ეკონომიკური ტრანსფორმაციის შეუქცევად ხასიათს ადასტურებს
September 19,2019
წყალტუბოს პროექტი საქართველოს რეგიონალურ ტურისტულ ჰაბად გადააქცევს
October 29,2019