დღის პოსტი
„ლარის კურსში უკვე ასახულია უარყოფითი მოლოდინები და ლარის გაუფასურებაც მოკლევადიან ხასიათს ატარებს “
გიორგი ცუცქირიძე ◯ May 23,2019

 

მე სხვა დროსაც არაერთხელ აღმინიშნავს, რომ არაკონვერტირებული ვალუტის მქონე ქვეყნებში, შედარებით მცირე მოცულობის ბაზრებს ახასიათებთ ნაკლებ პროგნოზირებული, განსაკუთრებით საგარეო შოკების მიმართ შედარებით მკვეთრი სავალუტო რყევევის ამპლიტუდა. კონკრეტულ მოცემულობაში მაკრო ფაქტორები ანუ უცხოური ვალუტის შემოდინების გრძელვადიანი ფაქტორები შეიძლება იყოს დადებითი( ექსპორტ-იმპორტის ზრდის დინამიკა, უცხოური ინვესტიციები, სავალუტო გადმორიცხვები, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და ა.შ), მაგრამ გარე ფაქტორებმა მაგ. ძირითად სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ბაზრებზე წარმოქნილმა სავალუტო რყევებმა, შეიძლება გარკვეული კორექტირება მოახდინოს სავალუტო კურსზე და ეს ზემოქმედება იზრდება არაკონვერტირებული ვალუტების პირობებში, რასაც ჩვენ შემთხვევაში ემატება დოლარიზაციის მაღალი დონე.

 

შესაბამისად, არა მხოლოდ იურიდიული პირები, არამედ ფიზიკური პირებიც იწყებენ შემოსავლების დოლარში გადაყვანას მათ ეს რეალურად სჭირდებათ თუ არა ამ კონკრეტული მომენტისათვის, მაგრამ ამით არა თუ ვერ აზღვევენ მომავალში სავალუტო რისკებს, არამედ პირიქით-სწორედ ამით ახდენენ უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის ხელოვნურ სტიმულირებას. როდესაც შემოსავალი გაქვს ლარში და ამ შემოსავლების არც თუ მცირე ნაწილი იხარჯება უცხოური ვალუტის შეძენაში, ჩვენ ვატარებთ არა მხოლოდ სავალუტო რისკს, არამედ ვახდენთ დოლარზე მოთხოვნის სტიმულირებასაც და უარყოფითი მოლოდინებიც, კურსის მოსალოდნელი გაუფასურების გამო, ამ ხარჯების გაზრდის შიშით იკვებება. ჩვენ ამის მაგალითები გასულ წლებშიც ვნახეთ, როდესაც სწორედ მოლოდინები ახდენდნენ კურსზე ზეგავლენას და ნაკლებ ფუნდამენტური ფაქტორები!

 

ლარის გაუფასურების პირველი ტალღა დაიწყო თებერვლის ბოლოდან და დიდწილად დაკავშირებული იყო თურქეთში მიმდინარე პროცესებთან და თურქული ლირას გაუფასურებასთან, და ნაკლებ რაიმე ფუნდამენტურ ანუ გრძელვდიანი ეკონომიკური ფაქტორიდან გამომდინარე. თურქეთი არის ჩვენი წამყვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა, სულაც პირველია უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის-13,6 %-იანი წილით(525.1 მლნ. აშშ დოლარი), მეორე ადგილზე რუსეთია 11 %-იანი წილით(421 მლნ. აშშ დოლარი), და ღია ეკონომიკის პრინციპიდან გამომდინარე, თურქული ლირის დასუსტება და რუსეთზე ამერიკული სანქციების ზეგავლენა ლარის კურსზეც აისახება.

 

თურქული ლირის გაუფასურების ძირითადი მიზეზი კი არის პოლიტიკური პროცესი რომელიც თურქეთში მიმდინარეობს, რასაც თან ემატება დაძაბული ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან; ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ინვესტორებისათვის აჩენს არასტაბილურობის განცდას. ასეთ სიტუაციებში ინვესტორები ცდილობენ თავი შეიკავონ ახალი ინვესტიციებისაგან ან სულაც გაიტანონ თავიანთი კაპიტალის ნაწილი ქვეყნიდან, ნაციონალურ ვალუტაში დენომინირებული აქტივების გაყიდვის და უცხოურ ვალუტაში, მათი კონვერტაციის გზით და ამით დააჩქარონ კაპიტალის ანუ უცხოური ვალუტის გადინება ქვეყნიდან.

 

მიმაჩნია, რომ ლარის მიმდინარე დევალვაციასაც მოკლევადიანი ხასიათი აქვს, რადგან ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა ფუნდამენტური ფაქტორი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ლარის კურსზე, გაუმჯობესებულია, მათ შორის შემცირებულია სავაჭრო ბრუნვის დეფიციტის მაჩვენებელი. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი 1 133.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17.9 პროცენტით მეტია, ხოლო იმპორტი 2 726.2 მლნ. აშშ დოლარს (3.1 პროცენტით ნაკლები), რაც აჩვენებს წმინდა ექსპორტის ანუ ექსპორტის ზრდით იმპორტის ზრდის გადაფარვის მეტად დადებით ხასიათს. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, იანვარ-აპრილში, 1 592.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.3 პროცენტია, რაც გასულ წელთან შედარებით შემცირებულია 7%-ით;


ანალოგიურად გასულ წელთან შედარებით სავალუტო შემოდინებების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წყარო-ფულადი გზავნილების მოცულობა 10,4 %-ით არის გაზრდილი, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები -16 %-ით;

 

რაც შეეხება სხვა ფაქტორებს, სავალუტო ოპერაციების ზეგავლენას გაცვლით კურსზე, იანვარ-მარტის მიხედვით ბანკების მხრიდან 4,54 მლრდ აშშ დოლარი იყო შეძენილი, ხოლო გაყიდული გაცილებით მეტი -5,02 მლრდ აშშ დოლარი ანუ ნეტო ბალანსი არის დადებითი, რაც ბუნებრივია ლარის კურსზე ნეგატიურ ზეგავლენას ვერ მოახდენდა;

 

რაც შეეხება კიდევ ერთ ფაქტორს რაც ფულის მასის ზრდას უკავშირდება, მართალია მონეტარული აგრეგატი ანუ ფართე ფული M2 წლის დასაწყისიდან აპრილგაზრდილია 470 მლნ ლარით, მაგრამ იგივე გასული წლის დეკემბრის მაჩვენებელს 10 მლნ ლარით ჩამორჩება, რაც მთავარია მონეტიზაციის კოეფიციენტი, რომელიც, იზომება როგორც ფართო ფულის მთლიან შიდა პროდუქტთან თანაფარდობით, ჩვენთან ისედაც დაბალია, ხოლო მისი სიდიდე კი წლის დასაწყისიდან 23.8 დან 23.4 შემცირებული, არა თუ გაზრდილი, რაც კურსზე რაიმე მნიშვნელოვან ზეგავლენას ასევე ვერ მოახდენდა.


კიდევ ერთი ფაქტორი არის ჯერ კიდევ მაღალი დოლარიზაციის ზეგავლენა სავალუტო კურსზე, და ბაზარზე სავალუტო ინტერვენციების გამოყენების მიზანშეწონილობა. ცნობილია, რომ დოლარიზირებული ეკონომიკა გაცვლით კურსს სათანადოდ ვერ იყენებს ბუფერად, მაგრამ ეკონომიკისათვის და ფინანსური სტაბილიზაციისათვის, ჯობია შოკები, გამოწვეული თუნდაც ამ შემთხვევში თურქული ლირის გაუფასურების მოლოდინებიდან, თავად კურსმა გაიწოვოს, ვიდრე სებ-მა ეს სავალუტო ინტერვენციებით განახორციელოს. ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანა არის ინფლაციის მართვა ანუ ფასების სტაბილიზაცია, რასაც იგი თარგეიტირების პრინციპით ახორციელებს.სებ-ს აქვს სხვა გაცილებით უფრო საბაზრო და ეფექტური წმინდა მონეტარული ბერკეტები, ინფლაციის სამართავად, ვიდრე ეს სავალუტო ინტერვენციებით შეიძლება განახორციელოს. იმ შემთხვევაში თუ კურსის ზემოქმედება სამომხმარბლო ფასებზე იქნება ნეგატიური და ინფლაციურ მოლოდინში გადავა, სებ-ი ელემენტარულად აწევს მონეტარულ განაკვეთს. ჩვენ ვნახეთ, რომ მაისის დასაწყისში მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ბოლო სხდომაზე მონეტარული განაკვეთი იგივე 6.5 %-იან ნიშნულზე დარჩა რადგან მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური აქტივობა არის შედარებით მაღალი და ზრდის ტემპები (4.7 %), საპროგნოზო მაჩვენებელზე გადის, ინფლაციური მოლოდინები ფასების ზრდაზე დამატებით ზეწოლას არ ქმნის, მიუხედავად იმისა, რომ აპრილის თვეში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებლზე(3%) მაღალი - 4.1 % იყო.

 

მიმაჩნია, რომ ერთადერთი როდესაც მიზანშეწონილია ინტერვენციები ბაზარზე ეს იქნება რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის ფაქტორიდან გამომდინარე, რაც მაკროეკონომიკური წონასწორობის თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი და ასახავს ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებას საქართველოს ყველა ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართ, ლარის ზედმეტად გამყარების თავიდან ასაცილებლად, იმპორტის შეზღუდვის და საპირისპიროდ ექსპორტის და შესაბამისად, ეკონომიკის ზრდის სტიმულირებისათვის. აქ იგულისხმება ის ქვეყნები, რომლებთანაც საქართველოს ყველაზე მაღალი სავაჭრო ბრუნვა აქვს: ევროზონა, თურქეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ჩინეთი, სომხეთი და აშშ.

 

ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტენდენცია ნამდვილად არ არის დაბალი, რომ ამ ფაქტორსაც კურსზე ნეგატიურად ემოქმედა. პირიქით გვიჩვენებს მიმდინარე რეფორმების და მდგრადი ეკონომიკური ზრდის შეუქცევადობას. ამ მიმართულებით ნიშანდობლივი იყო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ქრისტინ ლაგარდის მეტად პოზიტიური შეფასებები ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე და ეკონომიკის შემდგომი ინკლუზიური ზრდის პერსპექტივებზე. ამის კიდევ ერთი დასტურია ის გაუმჯობესებული საერთაშორისო რეიტინგები, რომელიც მიმდინარე წელს მრავლად მოგვენიჭა სუვენერული საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესების, ბიზნესის კეთების სიმარტივის თუ ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ზრდის კუთხით.

 

ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ სწორედ ლარიზაციის პოლიტიკის შედეგად, გასულ 2 წელიწადში არა მხოლოდ სესხებზეა დოლარიზაციის მაჩვენებელია შემცირებული 65 % დან 56 %-მდე, არამედ დეპოზიტებზეც(რაც არის ბანკებისათვის რესურსირების მთავარი წყარო) -70 % დან 61.5 % -მდე.

 

დღეს ლარის კურსშიც უკვე ასახულია საგარეო შოკების ზეგავლენა და უარყოფითი მოლოდინები, ლარის გაუფასურებაც, დროებით მოკლევადიან ხასიათს ატარებს .

 

ბუნებრივია, ზოგადად ლარის გაუფასურება აისახება გაძვირებულ იმპორტულ საქონელზე და მომსახურებაზე, მაგრამ მით უმეტეს მოკლევადიან პერიოდში პროდუქციის მოსალოდნელი გაძვირების შიშით, კურსი კი არ უნდა დაკორექტირდეს იმპორტისაკენ, თუნდაც სავალუტო ინტერვენციების გამოყენებით, არამედ პირიქით-იმპორტი უნდა დაკორექტირდეს კურსის ახალ ნიშნულზე, მით უმეტეს მათი არც თუ მცირე ნაწილი ბაზარზე საკმაოდ მაღალი მარჟით ოპერირებს. ფასების ზრდაზე აქცენტიც არასწორია, რადგან თუ საქონელი გაძვირდება ისევ იმპორტიორებისათვის იქნება წამგებიანი, მათთვის გაყიდვებიც და შესაბამისად მოგებაც შემცირდება. ამიტომაც აქვს რეფორმებს და კონკურენციის ხელშეწყობას დიდი მნიშვნელობა.

ტეგები: ეკონომიკა
მსგავსი ტეგები
ინფლაციის გამაღიზიანებელი და წამახალისებელი ფაქტორები
March 15,2017
„გაზპრომის“ გეოპოლიტიკური კარტა საქართველოსთვის
April 11,2017
"ვისაც თიბისის რეპუტაცია და სიმტკიცე გადარდებთ, სიჩუმეა წამალი"
February 21,2019
ეკონომიკის სწრაფი ზრდა მხოლოდ მაღალი დივერსიფიკაციის პირობებშია შესაძლებელი
May 10,2019
„დამაიმედებელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და რეფორმები, ქმნის წინაპირობებს ინკლუზიური ზრდისათვის“
May 31,2019
საკრედიტო ექსპანსია ეკონომიკაში ღრმა რეცესიას წარმოშობს
June 17,2019
„სსფ-ის ანგარიშში ცალსახად არის აღნიშნული, რომ მიმდინარე რეფორმები ხელს უწყობს სწრაფ და ინკლუზიურ ზრდას"
June 20,2019
"საქართველო „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერია"
July 03,2019
"ივნისში ეკონომიკის 5 %-იანი ზრდა საგარეო კურსზე რევოლუციური სცენარის ღია ზეგავლენას ადასტურებს"
July 31,2019
"კომერციული რისკების დაზღვევა მთავრობის მიერ არ უნდა განხორციელდეს"
August 01,2019
"ლარს და მთავრობას კი არ უნდა ჩავუდგეთ კრიჭაში, არამედ ემბარგოს დამწესებელს"
August 01,2019
"2008-2012 წლებში ქვეყანა სრულ ეკონომიკურ კოლაფს საერთაშორისო დახმარებამ გადაარჩინა"
August 08,2019
ეს არის საქართველოს მთავარი მტერი, რომელსაც საუბედუროდ - ოკუპირებული აქვს ქვეყანა!
August 15,2019
საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორჩეული ქვეყანაა
September 12,2019