საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შიო მღვიმელის ხსენების დღეს აღნიშნავს
2009.02.26 11:18
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ასურელი მამის შიო მღვიმელის ხსენების დღეს აღნიშნავს.
ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო ღვთისმსახურება ჩატარდება. ამ დღეს განსაკუთრებით აღნიშნავენ წმინდა შიო მღვიმელის სახელობის მამათა მონასტერში.
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა შიო მღვიმელის ხსენებას ტრადიციულად ყველიერის ხუთშაბათს აღნიშნავს. ამ დღეს მონასტერში უამრავი მომლოცველი ჩადის, რათა წმინდანის საფლავი მოილოცოს და მისგან მადლი და კურნება მიიღოს.
წმინდა შიო მღვიმელი 13 ასურელ მამასთან ერთად საქართვლოში ღვთისმშობლის მოწოდებითა და წმინდა იოანე ზედაზნელის ხელმძღვანელობით მე-6 საუკუნეში შემოვიდა.
წმინდანმა სამოღვაწეოდ მცხეთის მახლობლად, სარკინეთის მთაზე ის ადგილი აირჩია, სადაც შემდგომ მისი სახელობის მონასტერი შეიქმნა. იგი სასწაულთმოქმედების განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩეოდა. წმ. შიო მღვიმელმა მონასტერში მღვიმე გათხარა და დარჩენილი 15 წელი იქ მოღვაწეობაში გაატარა.