უფლებადამცველები ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ
2009.05.16 15:32
ადამიანის უფლებათადამცველები სამხედრო ტრიბუნალების ამოქმედების შესახებ ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ. ამის შესახებ სააგენტო “ფრანს-პრესი” იტყობინება.
ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა უკმაყოფილება გამოხატეს ბარაკ ობამას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც გუანტანამოს ციხეში სამხედრო ტრიბუნალების ამოქმედებას ითვალისწინებს.
Human Rights Watch მიიჩნევს, რომ სამხედრო კომისიების არსებობა სამართლის ნორმებს არ შეესაბამება. ორგანიზაციამ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას “სამართალზე მძიმე დარტყმა უწოდა”.
“ობამას მიერ ამ სისტემის ხელახლა ამოქმედება, რომელიც ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ შეიმუშავა, ნიშნავს ახალი პრეზიდენტის მიერ დაპირებული პოლიტიკური რეფორმებისგან გადახვევას”, - ამის შესახებ Human Rights Watch-ის ხელმძღვანელმა კენეტ როტმა განაცხადა.
ამერიკის პრეზიდენტმა გუანტანამოს ციხეში სამხედრო ტრიბუნალების აღდგენის შესახებ გადაწყვეტილებაზე გუშინ განაცხადა.