ლეხ კაჩინსკის მიაჩნდა, რომ კატინის ტრაგედია პოლონელი და რუსი ხალხების ურთიერთობას მრავალი წლის განმავლობაში წამლავდა. ამის შესახებ მის სიტყვაშია აღნიშნული, რომელიც მას სმოლენსკში უნდა წაეკითხა.
"მოდით, ისე მოვიქცეთ, რომ კატინის ჭრილობა საბოლოდ შეხორცდეს. ჩვენ სწორ გზაზე ვართ. ჩვენ – პოლონელები ვაფასებთ, რაც ბოლო წლებში რუსებმა გააკეთეს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სვლა ამ გზით, რომელმაც ჩვენი ხალხები დააახლოვა, არ უნდა შევჩერდეთ და უკან არ უნდა დავიხიოთ", - ნათქვამია კაჩინსკის გამოსვლაში.
მას მიაჩნდა, რომ კატინის ტრაგედიის ყველა გარემოება უნდა შეისწავლონ და გამოიძიონ. კაჩინსკი ასევე აღნიშნავდა, რომ მნიშვნელოვანია, იურიდიულად დაფდიქსირდეს კატინის მსხვერპლთა უდანაშაულობა.
"მნიშვნელოვანია, გაიხსნას ამ დანაშაულთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, რომ კატინის ტყუილი ერთხელ და სამუდამოდ გაქრეს საზოგადოებრივი სივრციდან. ჩვენ მოვითხოვთ ამ მოქმედებებს უპირველესად, მსხვერპლთა ხსოვნისა და მათი ოჯახების პატივისცემის გამო. მაგრამ, ჩვენ ამას ასევე მოვითხოვთ საერთო ფასეულობების სახელით, რომლებიც მთელ ევროპაში მეზობელი ხალხების პარტნიორობისა და ნდობის საფუძველი უნდა გახდეს. ერთად მივუზღოთ კუთვნილი დაღუპულთა ხსოვნას და ვილოცოთ მათთვის. დიდება გმირებს! დიდება მათ ხსოვნას!", - ნათქვამია კაჩინსკის გამოსვლაში.
პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა, რომელშიც, ბოლო მონაცემებით, 96 ადამიანი იმყოფებოდა, კატასტროფა 10 აპრილს, სმოლენსკთან განიცადა. ყველა მგზავრი დაიღუპა. ლეხ კაჩინსკი სმოლენსკში კატინის მოვლენების 70 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად მიდიოდა.
|