|
"ნაციონალებისთვის" ქართველი აზერბაიჯანელები "საარჩევნო ყუთებს" წარმოადგენენ
ფაზიმ ალიევი: მიხეილ სააკაშვილი ამერიკაში ვიზიტისას ობამას გაურიგდა: თუკი ხელისუფლების შენარჩუნებაში დამეხმარები, სომხეთის გენოციდს დავუჭერ მხარსო
"ჯორჯიან თაიმსი" საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას აქტიურ თანამებრძოლს, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერსა და ეროვნული საბჭოს წევრს ფაზილ ალიევს ეროვნულ უმცირესობებში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა.
ფაზილ ალიევი: ხელისუფლება დღეს არ ცდილობს ეროვნული უმცირესობების საქართველოს დანარჩენ მოსახლეობასთან რეინტეგრაციაზე. ბევრჯერ მოვითხოვეთ პირადად მე და საქართველოში მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმაც ბოლნისში ან თუნდაც ფონიჭალაში ქართული სკოლის აშენება, მაგრამ ჩვენი ყველა პროექტი ხელისუფლებამ უარით გაისტუმრა.
_ თქვენ აზრით, ხელისუფლებას ეროვნული უმცირესობების რეინტეგრაცია არ აწყობს?
_ რა თქმა უნდა. დღევანდელი ხელისუფლება, ელემენტარულად, იმაზე არ ზრუნავს, რომ საქართველოში მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა, რომლებიც საქართველოს საკუთარ სამშობლოდ მიიჩნევენ, ქართული წერა_კითხვა ისწავლონ. ბოლნისის რაიონში ბეჭდური მედიაც კი არ ვრცელდება და მოსახლეობა სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფება, მათ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე წარმოდგენაც კი არ აქვთ. ხელისუფლებას ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდება. "ნაციონალებისთვის" ქართველი აზერბაიჯანელები "საარჩევნო ყუთებს" წარმოადგენენ. როგორც კი არჩევნები დასრულდება ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის ტერორს იწყებს.
_ რა ფორმით ატერორებს ხელისუფლება ქართველ აზერბაიჯანელებს?
_ ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს სათავეში ნარკობარონები და კრიმინალები უდგანან. ყველა მცირე თუ საშუალო ბიზნესმენს ქონება ჩამოართვეს, ვინც კი ადგილობრივ ხელისუფლებას პრეტენზიებით მიმართა ან დააპატიმრეს ან ახლობლების დაშინება დაიწყეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქართველ აზერბაიჯანელებს ხელისუფლებისგან სხვა არაფერი უნდათ, გარდა იმისა, რომ ქართველებთან ერთად, თანასწორ მოქალაქეებად იგღძნონ თავი. მსგავსი ქმედებებით, ხელისუფლება ცუდ მაგალითს აძლევს აფხაზებს და ოსებსაც. უნდა ვანახოთ ყველას, რომ ჩვენ ქართველებს ერთად დგომა და ერთმანეთის გატანა შეგვიძლია. ხელისუფლება კი პირიქით, ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოს რეგიონულად დაყოფა მოხდეს.
სანდო წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი ამერიკაში ვიზიტისას ობამას გაურიგდა: თუკი ხელისუფლების შენარჩუნებაში დამეხმარები, სომხეთის გენოციდს დავუჭერ მხარსო. ეს რა თქმა უნდა, იზოლაციაში აგდებს ისედაც მეზობლებისგან გარიყულ ჩემს საქართველოს. ზვიად გამსახურდიას საქართველო ნამდვილად არ იმსახურებს სააკაშვილის მსგავს პრეზიდენტს. ჩვენი პარტია, ეროვნულ საბჭოსთან ერთად აქციის ჩატარებას გეგმავს, რათა სამართლიანობას მიაღწიოს.
_ თქვენი აზრით, აქციების გზით მიზანს მიაღწევთ?
_ სამწუხაროდ, დღეს ვერც აქციებით და ვერც სხვა ბრძოლის საშუალებით საქართველოში სამართლიანობა ვერ აღსრულდება. ჩვენი მიზანია, ხელისუფლებას ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებმა თავი შევახსენოთ, ვუთხრათ, რომ გვიყვარს საქართველო და ვთხოვთ ჩვენც რიგით მოქალაქეებად ჩაგვთვალონ, ქართული ენა გვასწავლონ და შვილებისთვის ქართული სკოლები გაგვიხსნან. სხვა შემთხვევაში, შეიძლება საქართველომ კიდევ ერთი რეგიონი დაკარგოს.
|