პროკურატურამ განაცხადა, რომ დაიწყო საქმის წინასწარი გამოძიება იმ ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის დროსაც, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების თქმით, მათ თბილისის მერობის კანდიდატმა და კონსერვატორების ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
გენერალური პროკურატურის იურიდიული განყოფილების უფროსმა ლევან მახარაშვილმა განაცხადა 7 მაისს, რომ საქმე ხულიგნობის მუხლით განიხილება.
ტელეკომპანიებმა ”რუსთავი 2”-მა და ”იმედმა” განაცხადეს პარასკევს დილით, რომ წინა ღამეს ზვიად ძიძიგური თავს დაესხა მმართველი პარტიის რამოდენიმე აქტივისტს, როდესაც ისინი მისი სახლის წინ მმართველი პარტიის პლაკატებს აკრავდნენ. ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც ტელეკომპანიების თქმით, მმართველი პარტიის აქტივისტი იყო, განაცხადა, რომ ”სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ” ძიძიგურმა ოთხი თუ ხუთი გასროლა განახორციელა იარაღიდან.
ქართული მედიის ინფორმაციით, განცხადებას ინციდენტთან დაკავშირებით ძიძიგური 7 მაისს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გააკეთებს.