|
კობა დავითაშვილი: ჩვენ რუსეთში იმისთვის არ ჩავსულვართ, რომ ებრალიძისთვის ფული გამოგვერთმია
"დუმაში გვითხრეს, აფხაზები და ოსები მოდიოდნენ და გველაპარაკებოდნენ, ამის გამო მიიღეს დამოუკიდებლობა. ჩამოსულიყავით თქვენც და გეთქვათ, რა გინდოდათო"_ აღნიშნა "ჯორჯიან თაიმსთან" საუბრისას "ხალხის პარტიის" თავმჯდომარემ, კობა დავითაშვილმა.
_ ბატონო კობა, რა ჩამოიტანეთ რუსეთიდან?
_ იმედი...
_ იმედი ებრალიძემ მოგცათ?
_ დიახ, ქვეყნის გამრთლიანების იმედი მომცა. რუსულ პოლიტიკურ წრეებთან და ქართულ დიასპორასთან შეხვედრამ დიდი იმედებით ამავსო. იქ იყო ხუბუტია, ძასოხოვი, ხომერიკი... რუსეთში ქართული განწყობა ასეთია _ ყველა შეხვედრის მთავარი მოტივი უნდა იყოს ქართველი ერის გამრთლიანების საკითხი. როცა მოსკოვში მივდიოდი, არ ვიცნობდი იქაურ სიტუაციას, ცოტა სკეპტიკურადაც ვუყურებდი. მოველოდი, რომ ჩვენი დიასპორა მძიმე მდგომარეობაში დამხვდებოდა. ჩავედი და სულ სხვა განწყობა ვნახე. ისინიც ისევე ხედავენ ქვეყნებს შორის ურთიერთობის დარეგულირების აუცილებლობას, როგორც ჩვენ.
_ როგორც აღმოჩნდა, იქ ებრალიძეს არ მიუწვევიხართ. რას ნიშნავდა თქვენი ჩასვლა, ცდილობდით, შანსი ხელიდან არ გაგეშვათ?
_ ფაქტიურად, ჩვენი ინიციატივით ჩავედით. ებრალიძემ საჯარო მოწვევა გააკეთა და არა პერსონალური მიწვევა. როცა მოსკოვში მივდიოდით, ვიცოდით, რომ მეტად სარისკო ღონისძიებაში ვიღებდით მონაწილეობას.
_ სარისკო რით იყო, შეგეშინდათ, ისევ მოღალატეობა არ დაგვწამონო?
_ არა მხოლოდ ამის გამო. მე ყოველთვის სკეპტიკურად ვუყურებ იმ პერსონებს, რომლებსაც საქართველოს პრეზიდენტობა სურთ. იცით, რომ ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრე ვართ და ამ თვალსაზრისით ებრალიძის პოზიცია მიუღებელი იყო.
_ თქვენდამი პატივისცემის ნიშნად ხომ არ გადაიფიქრა პრეზიდენტობა?
_ არა, ამის ამბიცია არ გვაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ მოხსნა. ამ ნაბიჯით მოვიხიბლეთ. ჩვენდა მოულოდნელად, საქმე ისე წარიმართა, როგორც გვინდოდა. ბატონმა ებრალიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტობა მისი თვითმიზანი არაა, ასევე განაცხადა, რომ არანაირი ახალი პარტიის გაკეთებას არ აპირებს.
_ მაგრამ ანონსირებული იყო, რომ რომელიმე პოლიტიკურ ძალას დაუჭერდა მხარს თავისი კაპიტალით. ეს ახალი ძალა ეროვნული საბჭო ნამდვილად არ უნდა იყოს, რადგან დიდი ზარ-ზეიმით არ შეგხვედრიათ. სხვა ძალაზე დებს ფსონს?
_ ეს მე არ ვიცი, მაგრამ ებრალიძე ჩვენს მიმართ ანტიპათიით არაა განწყობილი. ჩვენი შეთავაზებაც გაზიარებული იქნა მის მიერ. გვსურდა, რომ შექმნილიყო ქართული ლობი რუსეთში. როგორც სომხური ლობი არსებობს და ზრუნავს სომხეთში მცხოვრებ მოქალაქეებზე, ასე ეზრუნა ქართულ დიასპორასაც ქართველებზე. მე მოსკოვში ჩავედი, რადგან ვეძებდი ქართველებს, რომლებიც საბედნიეროდ ვიპოვე.
_ ფულისთვის არ ჩასულხართ?
_ არა, მე ქართველების სანახავად ჩავედი. ქართველი კაცი რომ ქართველს დაელაპარაკება, არ მგონია, ეს საუბარი უშედეგოდ დამთავრდეს. ყოველგვარი დაძაბულობა განიმუხტა, როცა ფორუმზე ვთქვით, რომ არ გვსურდა რუსეთში გადმოგვეტანა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაძაბულობა, ხოლო ამ დაძაბულობის დასაფინანსებლად ფული ებრალიძისთვის გამოგვერთმია. არც იმისთვის, რომ საარჩევნო აგიტაცია ჩაგვეტარებინა და დიასპორაში მომხრეები მოგვეძებნა. ჩვენი ამოცანა იყო ქართული ლობის შექმნა, რომელიც ქართულ ინტერესებს გაუწევდა ლობირებას რუსეთში. იქაური პოლიტიკური ძალები დაინტერესებულნი არიან ქართველებით, რადგან იქ ისინი სოციალური სტატუსით ზოგიერთ რუსზე მაღლა დგანან. ქართველები არიან ბიზნესმენები, პოლიტიკოსები, მსახიობები, სპორტსმენები და ცხადია, მათი ხმა რუსეთისთვის მომგებიანია. რუსეთში ქართველებს დიდი გავლენა აქვთ. რუსეთის დუმა ცდილობს ამ ადამიანებთან საერთო ენის გამონახვას, რის გამოც ჩვენც მომგებიან მდგომარეობაში ვართ. საქართველოდან ამას სხვანაირად ვუყურებდი, მაგრამ როცა ადგილზე ვნახე, სულ სხვა წარმოდგენები შემექნა. ნახევარი მილიონი კაცი რომ შეიკრიბოს, თქვენ გგონიათ, მას პუტინი თავის იმპერიულ გეგმებს მოახევს თავს? პირიქით. ამიტომ არსებობს ქართული ლობის შექმნის აუცილებლობა. რუსეთში მცხოვრები ქართველები დიდი ძალაა. როცა ამდენი ხალხი იღებს ერთიან რეზოლუციას, ეს ძალა პუტინის ზრახვებზე მაღლა იდგება.
_ ჯერ წასულები არ იყავით რუსეთში, რომ კლიმიაშვილმა თქვენზე განაცხადა, ესენი არავის მიუწვევია და სად მიდიანო. ასეთი თავპირისმტვრევა რა საჭირო?
_ რა ვიცი, რატომ თქვა ასეთი რამ, ჰკითხეთ მას. განაწყენებული კაცის პოზიცია ჰქონდა. ჩვენი ჩასვლით ჩვენ მოვექეცით ყურადღების ცენტრში და ეს ბევრს არ ესიამოვნა. ჩვენი მიზანი ყურადღების მიპყრობა არ ყოფილა, უბრალოდ, ასე გამოვიდა.
_ ჟირინოვსკიმ ხელი რატომ არ ჩამოგართვათ? არც მას სჯერა თქვენი?
_ რამხელა სკანდალი ატეხეთ, არ გაგვჩენია ხელის ჩამორთმევის ორმხრივი სურვილი ჩვენ და ჟირინოვსკის. ჟირინოვკის გარდა კომუნისტებსაც შევხვდით და მიხეილ ლეონტიევსაც. მათთან საუბრისას მე მხარს მიმაგრებდა ის რეზოლუცია, რომელიც მიღებული იქნა ებრალიძის ფორუმზე. ჟირონივსკისა და სხვებს კარგად ესმით, რომ აფხაზეთსა და ოსეთის საკითხს გვერდს არ ავუვლით და მხოლოდ სავიზო რეჟიმის გამარტივება არ იქნება ჩვენი მთავარი საზრუნავი. დუმაში გვითხრეს, აფხაზები და ოსები მოდიოდნენ და გველაპარაკებოდნენ, ამის გამო მიიღეს დამოუკიდებლობა, ჩამოსულიყავით თქვენც და გეთქვათ, რა გინდოდათო.
_ ახლა ხომ ჩახვედით. იმედი გაქვთ, რომ ჩვენს ერებს შორის ყინული გალღვება?
_ რატომაც არა. კიდევ ერთი რამ აღმოვაჩინე. რუსეთის ოპოზიციას აქამდე ყველა იგნორირებით ეკიდებოდა. არადა, როგორი ანგარიშგასაწევი ძალა ყოფილა. ქართველებს ჰგონიათ, რომ თუ პუტინს მოელაპარაკებიან, ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ასე არაა. თუ მხოლოდ პუტინს ელაპარაკე და ოპოზიცია აიგდე, შეიძლება პუტინზე უარესადაც კი `დაგარტყას~. რუსეთში ანტიქართული განწყობილებები ძლიერია და ამიტომ ახალი თამაშის წესებია მოსაფიქრებელი.
_ როგორი განწყობაა რუსულ ოპოზიციაში ქართველების მიმართ?
_ მკვეთრად ნეგატიური, რა დასამალია. ჩვენი ამოცანა იყო, ამ ნეგატიური განწყობილებების შესუსტება და პირველი კონტაქტების დამყარება.
_ ებრალიძემ თქვა, არიან პოლიტიკური ძალები, ვისთანაც ვითანამშრომლებო. ვინ არიან ეს ძალები?
_ შეიძლება ჩვენც ვიყოთ.
_ შეიძლება? ღიად არ უთქვამს ებრალიძეს, რომ თქვენი ჩასვლით დიდად აღფრთოვანებული იყო.
_ დიახ, ჩვენს მიმართ კეთილგანწყობილია. საკოორდინაციო საბჭო შევქმენით, რომელშიც ეროვნული საბჭოც შედის.
_ საარჩევნოდ რუსულ კაპიტალს გამოიყენებს ოპოზიცია?
_ ბუნებრივი შეკითხვაა, მაგრამ არასასიამოვნო. ხაზს ვუსვამ, რომ რუსეთში ფულისთვის არ ჩავსულვართ, ეს იყო ერთგვარი წინასაარჩევნი პიარი. სააკაშვილი ვეღარ გამოგვაცხადებს მოღალატეებად და აგენტებად, მთელი გეგმა ჩაეშალა. ებრალიძეს ბრალდებები მოუხსნეს და ის არც სააკაშვილის მეტოქე იქნება საპრეზიდენტო არჩევნებში.
_ სამაგიეროდ ბონდო შალიკიანი იქცა ახალ პოლიტიკურ საფრთხობელად...
_ ებრალიძეს რომ ვერაფერი მოუხერხეს, ბონდო შალიკიანს დააცხრნენ თავს. ებრალიძე და ფორუმი არავის გაუხსენებია, მერე ყველაფერი შალიკიანზე გადააწყვეს.
_ ისიც კი თქვეს, ძიძიგურს ფული მისცაო...
_ კარგით რა, ამაზე უარესებიც თქვეს. შალიკიანი დეპუტატი იყო და უფლებამოსილება რომ შეეწყვიტათ, ისეთი სისაძაგლე მოუგონეს, რომ დღეს სასაცილოა. სააკაშვილის მთელი პოლიტიკა აგებულია მტრების ძიებაზე, ალბათ მოიგონებს კიდევ ვიღაცას საარჩევნოდ.
_ პეტერბურგში შალიკიანმა მადლობა რატომ გადაგიხადათ?
_ დიდი მადლობა, რომ მიცავდითო. მე მას ვუთხარი ის, რაც ოდესღაც ვუთხარი ჯაბა იოსელიანს, მე თქვენ კი არ გიცავდით, არამედ კანონს-თქო.
_ და ბოლოს, თუ მოხვალთ არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში, შეეცდებით სააკაშვილის მიერ დევნილი პოლიტიკოსების დაბრუნებას საქართველოში?
_ არცერთი მათგანის დაბრუნება ჩემი პოლიტიკური ამოცანა არ არის, ისევე როგორც სააკაშვილისდროინდელი ჩინოვნიკების დაპატიმრება.
|