
პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის, ალექსანდრ კვასნევსკის შეფასებით, 2001 წლის შემდეგ საქართველოში სერიოზული, პოზიტიური ცვლილებები მოხდა.
ამის შესახებ კვასნევსკიმ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“2001 წელს საქართველოში პოლონეთის პრეზიდენტის რანგში ვიმყოფებოდი. მინდა აღვნიშნო, რომ ამ პერიოდში აქ სერიოზული პოზიტიური ძვრები მომხდარა და ეს შესამჩნევია. რა თქმა უნდა, არის პრობლემებიც, თუმცა არის ამ პრობლემების მოგვარების პერსპექტივაც”, – აღნიშნა პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე, მთლიანად საქართველოში არსებულ მდგომარეობას.
კვასნევსკიმ და იაკობაშვილმა იმსჯელეს საქართველოს ურთიერთობაზე რუსეთთან, რეგიონის სხვა ქვეყნებთან და ევროკავშირთან.
“რაც შეეხება პრობლემების მოგვარებას, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის, როგორც ყველა სახელმწიფოსთვის, პრობლემების მოგვარების ძირითადი გზა არის დემოკრატიული ინსტიტუტების და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება”, – განაცხადა კვასნევსკიმ.
თემურ იაკობაშვილის განმარტებით კი, კვასნევსკის ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მან შეძლოს ევროპაში საქართველოს შესახებ სწორი ინფორმაციის გატანა.
“მსჯელობის ძირითადი საგანი იყო ოკუპირებული ტერიტორები და, ზოგადად, ოკუპაცია. ჩვენ კვასნევსკის გავაცანით, თუ რას აპირებს საქართველოს ხელისუფლება პრობლემების მოსაგვარებლად, ასევე, ვისაუბრეთ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის პრაქტიკულ ნაწილზე და იმის თაობაზე, თუ როგორ ვხედავთ ამ ყველაფერში ევროკავშირის მონაწილეობას”, – განაცხადა თემურ იაკობაშვილმა.
ალექსანდრ კვასნევსკი საქართველოში მეგობრული ვიზტით დღეს ჩამოვიდა. შემდეგი შეხვედრა კვასნევსკის გრიგოლ ვაშაძესთან ექნება.
დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, უშიშროების საბჭოს მდივან ეკა ტყეშელაშვილთან.
|