"2 წლის შვილი უმძიმეს მდგომარეობაში მყავს. ავთვისებიანი სიმსივნე აქვს. ექიმები გვეუბნებ@იან, სასწრაფოდ უცხოეთში აქვს ქიმიოთერაპიის კურსი ჩასატარებელიო. ძალიან გთხოვთ, შემხვდით. ჩემი ლუკას ამბავი თქვენს გაზეთში რომ დაიწერება, იქნებ ვინმე ღვთისნიერი დაეხმაროს", - მითხრა რუსთაველმა ზურაბ ლომიძემ.
- 28 წლის ვარ, მეუღლე 20 წლისაა. ლუკას გარდა ერთი წლის გიორგი გვყავს, რომელიც ახლა ძიძასთან იზრდება იმის გამო, რომ ჩემი მეუღლე და დედაჩემი კიევში არიან ლუკასთან ერთად. ლუკა 2-3 თვისა იქნებოდა, როდესაც შევამჩნიეთ, მარჯვენა თვალი ოდნავ შეშუპებული ჰქონდა. ექიმები გვეუბნებოდნენ, საშიში არაფერია. ეტყობა, ცრემლი უგროვდება ან კაპილარების კვანძებია გადიდებული, რომ გაიზრდება, მერე მოიყვანეთო. ლუკა 1 წლის და 8 თვის რომ გახდა, შეშუპება ძალიან შესამჩნევი გახდა. ტომოგრაფია გადავუღეთ და გამოჩნდა პატარა სიმსივნე, რომელიც თვალის ორბიტას აწვებოდა და გარეთ გამოჰქონდა.
ახლა ამბობენ, რომ ლუკას თანდაყოლილი სიმსივნე ჰქონია. თურმე მარჯვენა თვალის ძვალიც არ იყო სრულად ჩამოყალიბებული და იქ გაიზარდა სიმსივნე. 1 წლის და 10 თვის რომ გახდა ლუკა, სიმსივნე თბილისში ამოაჭრეს, მაგრამ გვითხრეს, ბოლომდე ვერ ამოვიღეთ, სიმსივნე საძილე არტერიაზე გადიოდა და სრულად რომ ამოგვეჭრა, შეიძლება ბავშვი დაღუპულიყოო. დაგვაიმედეს, სიმსივნე კეთილთვისებიანია და აღარ გაიზრდება. სამი თვის შემდეგ მოიყვანეთ და სხივებით გავაქრობთ დანარჩენ სიმსივნესო. თურმე შეცდნენ. ერთი თვეც არ იყო გასული, ბავშვს ძალიან დაუსივდა თვალი. ექიმები მაინც მამშვიდებდნენ, ეტყობა, ინფექციაა შეჭრილიო. მაშინვე რომ დაესვათ ზუსტი დიაგნოზი, ბავშვი თვალს აღარ დაკარგავდა. რაკი აქ იმედი გადამეწურა, კიევში წავიყვანეთ. სასწრაფოდ გაუკეთეს ოპერაცია, - თვალი ამოუღეს. 2 თვეა ნიკა უკრაინაში ჰყავთ. ოპერაციიდან მესამე დღეს გადაუღეს ტომოგრაფია, თვალზე აღარა აქვს სიმსივნე, მაგრამ ხერხემალზე ერთ ადგილას გამოჩნდა მეტასტაზი. მეუღლემ დღეს დამირეკა, რომ ბავშვს ჯირკვლებიც გასდიდებია. სასწრაფოდ ქიმიოთერაპია სჭირდება, რომ სისმსივნე მთელ სხეულში გააქროს. კიეველმა ექიმებმა გვირჩიეს, ჩვენ შეიძლება ამ სიმსივნეს ვერ მოვერიოთ, გერმანიაში ან ისრაელში წაიყვანეთო. დაახლოებით 30 ათასი ევროა ამისათვის საჭირო. ჩვენ ყველაფერი გავყიდეთ. ბინასაც ვყიდი და მანქანასაც, მაგრამ საკმარის ფულს ვერ ვაგროვებთ.
ჩვენ ლუკას სიცოცხლის გადასარჩენად ვიბრძვით. იქნებ გამოჩნდეს ვინმე ღვთისნიერი და შეძლებული ადამიანი, რომელიც ლუკას სიცოცხლეს გვაჩუქებს. დაწყებული მთავრობით, ყველასთან ვიყავი, მივედი "იავნანაშიც" და "ქართულ ოცნებაშიც", მაგრამ მეუბნებიან, საქველმოქმედო ღონისძიებები შეჩერებულიაო. პირადად კი ვერავის შევხვდი. იქნებ თქვენი გაზეთის საშუალებით მივაწვდინო ხმა ისეთ ადამიანებს, რომელთაც ჩემი ლუკას სიცოცხლის გადარჩენა შეუძლიათ. თქვენს გაზეთში წავიკითხე, როგორ დაეხმარნენ თქვენთან გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ მცხეთელ და-ძმას. მათი ამბავი მთელმა საქართველომ გაიგო და იქნებ მეც დამეხმარონ. ძალიან გთხოვთ, მაჩუქეთ შვილის სიცოცხლე".
გთხოვთ, დაეხმაროთ პატარა ლუკას, რომელმაც თვალი დაკარგა, მაგრამ მისი სიცოცხლის გადარჩენა კიდევ შეიძლება.
საქართველო ბანკი:
GE37BG0000000887273500
ბანკის კოდი:BAGAGE 22
მიმღები: ზურაბ ლომიძე
|