|
[Presage.tv]
არასამთავრობო ორგანიზაცია „არჩევანის თავისუფლებისათვის" წევრის, ირაკლი მელაშვილის განცხადებით, იურიდიულ კომიტეტის თავმჯდომარესთან, პავლე კუბლაშვილთან კამპანია ,,ეს შენ გეხებას ფარგლებში" შეხვედრის შემდეგ ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში რიგ შეთანხმებას მიაღწიეს.
,,ერთმნიშვნელოვნად შეთანხმებულია, რომ კანონში აღარ იარსებობს პირდაპირი და არაპირდაპირი პირის ცნება, საკუთარი პოლიტიკური პოზიციის გამოხატვისთვის, პარტიის მხარდაჭერის ან მის წინააღმდეგ აგიტაციისთვის კანონით არანაირი შეზღუდვები არ დაწესდება. ძალიან მკაფიოდ გაიწერება კონტროლის პალატის უფლებამოსილებები და მისი საქმიანობის წესი. პარტიას არ გაუუქმდება საარჩევნო რეგისტრაცია, რაც ადრე ძალიან საშიში იყო. კონტროლის პალატას ერთპიროვნულად ყადაღის დადების უფლება აღარ ექნება."-განაცხადა მელაშვილმა.
რაც შეეხება, შეუთანხმებელ საკითხებს, მელაშვილის თქმით, მათსა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესთან შეთანხმება ვერ შედგა პოლიტიკური პარტიისთვის ერთი ორგანიზაციიდან გაკეთებული შემოწირულობების ლიმიტზე.
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების" შესახებ კანონის მოქმედი რედაქციით, თუ შემომწირველი ფიზიკური პირები შემოსავალს მთლიანად ან ნაწილობრივ ერთი წყაროდან (ფიზიკური ან იურიდიული პირებისაგან ან მათთან დაკავშირებული პირებისაგან) იღებენ, მაშინ მათ მიერ ერთი საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ წლის განმავლობაში განხორციელებულ შემოწირულებათა საერთო ოდენობა 500 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთან, თითოეულის მიერ განხორციელებული შემოწირულების საერთო ოდენობა 60 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
მელაშვილი მიიჩნევს, რომ მოქალაქეებისთვის და პოლიტიკური პარტიებისთვის ამ კანონმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მდგომარეობა, ახლა კი, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული ამ ნორმებს კონტროლის პალატა როგორ გამოიყენებს.
მელაშვილის განცხადებითვე, კამპანია ,,ეს შენ გეხება" გრძელდება და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის სხვა ნორმატიულ აქტებზეც იმუშავებენ.
|