|
[Presage.tv]
პროექტ "კარდაკარში" საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ერთვებიან. შეიქმნა საზოგადოებრივი ორგანიზაციაც, რომელშიც ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები გაერთიანდნენ.
ხელოვანთა ჯგუფი, ქვეყანაში დემოკრატიული საარჩევნო გარემოს შექმნის მიზნით, კოლეგებს ამომრჩეველთა ერთიანი სიების გადამოწმების პროცესში ჩართვისა და მოქალაქეობრივი ვალის შესრულებისაკენ მოუწოდებენ.
სალომე ბაკურაძემ, დავით დეფიმ, ბესო კალანდაძემ, გოგა ბარბაქაძემ და გიორგი კალანდიამ ,,კარდაკარის” პროექტში მოხალისეებად ჩართვა გადაწყვიტეს. როგორც ინიციატივის ავტორები აცხადებენ, მათ შექმნეს საზოგადოებრივი მოძრაობა სიების დაზუსტებისათვის – ,,მე მინდა ვეწერო ცოცხლებში”. მოძრაობის ერთ- ერთი წევრის, პოეტის დავით დეფის განცხადებით, თავისუფალი და გამჭირვალე არჩევნები, უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის. ამ პროცესში კი დღეს მხოლოდ პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები არიან ჩართული.
„რატომღაც მეჩვენება, რომ ამ საკითხით საზოგადოება არ არის დაინტერესებული და აღნიშნულ პროცესებში ნაკლებად იღებს მონაწილეობას. ამიტომ მე მივიღე მათი გამოფხიზლების გადაწყვეტილება. ვფიქრობ კარგი იქნება შეიქმნას საზოგადოების წარმომადგენლების დიდი რაოდენობით დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელებიც ამ პროცესში ჩართულთა კონტროლს და მეთვალყურეობას შეეცდებიან“, - განაცხადა დავით დეფიმ.
პოეტის თქმით, 11 ათასი ადამიანი უკვე ჩართულია ამ პროცესში, თუმცა მათი რაოდენობა უნდა გაიზარდოს. ამიტომ სპორტსმენებს, რეჟისორებს, მსახიობებს, ვინც საზოგადოებაში მეტნაკლებად ავტორიტეტით და პოპულარობით სარგებლობენ მოუწოდებს დაინტერესდნენ ამ საკითხით. „მე ვფიქრობ ეს გამოიწვევს საზოგადოების მეტ დაინტერესებას და აღნიშნულ პროცესებში ჩართულობას“.
„წარმოდიგინეთ,რომელიმე მათგანმა გადაწყვიტოს კონკრეტული ადამიანის კონკრეტულ მისამართზე დაზუსტება და მასთან მანქანით, კამერებით, ჟურნალისტებით და შემადგენლობით მივიდეს. ხომ საინტერესო იქნება. შეიძლება ეს ცოტა ექსტრაორდინალურად ჟღერდეს, მაგრამ შედეგს გამოიღებს“, - აცხადებს დავით დეფი.
დავით დეფი არც იმას გამორიცხავს, რომ საზოგადოებას კომისიის მიმართ უნდობლობა აქვს. „ხშირად გამიგია, რომ სიების გადასამოწმებლად მისულ კომისიის წევრებს კარებს არ უღებენ. მე ეს საკითხი როგორც მოქალაქეს ძალიან მაწუხებს. ჩვენს პატარა ქვეყანაში რამდენიმე მილიონი ადამიანი ცხოვრობს და რა გახდა დავთვალოთ ყველა და ეს ყბადაღებული თემა ერთხელ და სამუდამოდ დავხუროთ“ - განაცხადა პოეტმა. მისი თქმით, მოძრაობის მთავარი მიზანი საზოგადოებაში სწორედ ამ ნდობის გაღვივებაა.
გაერთიანების წევრები საარჩევნო სიების დაზუსტების კომისიის თავმჯდომარეს, მამუკა კაციტაძესთან შეხვედრას აპირებენ.
|