
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული მოძრაობის აქციის "სამაისო" დარბევა ქუთაისში
"ქუთაისში კოალიცია "ქართული ოცნების" ახალგაზრდული მოძრაობის აქცია წყლის ჭავლით დაშალეს. მიუხედავად იმისა, რომ აქციის დაშლის ვიდეომასალა არსებობს, ქუთაისის მერი გიორგი თევდორაძე საერთოდ უარყოფს "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის აქციის დაშლის ფაქტს. გუშინვე "ქართული ოცნების" იმერეთის რეგიონალურმა ლიდერებმა აქციის დაშლის დეტალები საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩს გააცნეს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ქუთაისში "ქართული ოცნების" აქცია წყლის ჭავლით დაშალეს.
"ჩვენ ქუთათურებისთვის დღესასწაულის მილოცვა გვინდოდა. კოალიციის ახალგაზრდული მოძრაობის წევრებმა 2 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისში, დავით აღმაშენებლის ძეგლთან ღამის 12 საათზე სანთლების აქცია გავმართეთ. სიმბოლური აქცია რუსთაველის ქუჩიდან მშვიდობიანი მსვლელობით დაიწყო და აღმაშენებლის ძეგლთან დასრულდა, სადაც ახალგაზრდებმა სანთლებით გამოსახეს წარწერა - "გილოცავთ ქუთაისობას". რამდენიმე წუთში ჩვენთან ხუთი ადამიანი მოვიდა და გვკითხეს, რატომ შეიკრიბეთო, მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებად წარგვიდგინეს თავი. მათ ვუთხარით, რომ აქცია მშვიდობიანი იყო, ერთ საათში დავასრულებდით და ადგილს ჩვენ თვითონ დავასუფთავებდით. თუმცა ნახევარ საათში მოვიდა ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მანქანა და წყლის ჭავლი მოგვიშვირა. გამოჩნდნენ უცნობი პირებიც, რომლებიც მერიის თანამშრომლები არიან - მათ აქციის მონაწილეებს აგრესიულად "საქმის გარჩევა" დაუწყეს", - აცხადებს კოალიცია "ქართული ოცნების" ქუთაისის ახალგაზრდული საბჭოს წევრი შალვა კიკნაველიძე. ის დასძენს, რომ დარბევაში ის პირებიც მონაწილეობდნენ, რომლებმაც ორი კვირის წინ აქტივისტებს სცემეს და "ქართული ოცნების" გაზეთები გადაუყარეს", - აღნიშნავს გამოცემა.
"წამოვიდა წყლის ჭავლი, სულ სველი ვიყავით, იყო გინება. შეტაკება მოხდა მანქანებს შორის. შეურაცხყოფილი ვართ", - აღნიშნა რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე თამთა სვანიძემ. "ჩვენ რომ არ ავრიდებოდით, მანქანა გადაგვივლიდა. ერთი ჩვენი აქტივისტის მანქანაც დააზიანეს. ამის შემდეგ ადგილზე მოვიდა კიდევ ოთხი ავტომობილი, რომელშიც მყოფმა პირებმა არ თქვეს, ვინ იყვნენ და სად მუშაობდნენ. ისინი პროვოკაციას აწყობდნენ, რამდენიმე მათგანი ჩვენმა წევრებმა ამოიცნეს: ისინი ქუთაისის მერიის თანამშრომლები იყვნენ - განაცხადა კოალიციის ქუთაისის ახალგაზრდული საბჭოს წევრმა შალვა კიკნაველიძემ. მან ადგილობრივ "ახალ გაზეთთან" მერიის თანამშრომლების სახელები და გვარები არ დაასახელა, თუმცა ცნობილი გახდა, რომ მათ შორის იყო კახა ხვარეშია, ასევე თუთბერიძე და ცაავა", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ივანიშვილის მომხრეები ქუთაისში წყლის ჭავლით დაშალეს / კანონიერი იყო თუ არა "ქართული ოცნების" ახალგაზრდების დარბევა.
"კიკნაველიძის განცხადებით, არსებობს ფოტო- და ვიდეომასალა, რომელზეც აქციის მიმდინარეობა არის აღბეჭდილი. მისი თქმით, აღნიშნულ მასალებს თავადვე გამოაქვეყნებენ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწვდიან შემდგომი რეაგირებისთვის. მისი მტკიცებით, მიუხედავად აქციის დაშლის მცდელობისა, სიმბოლური აქცია მაინც მოაწყვეს და ის ერთ საათში დასრულდა. საია ქუთაისში აქციის მიმდინარეობის დროს მერიის დასუფთავების სამსახურის ჩარევას გაუმართლებლად მიიჩნევს. ახალგაზრდა იურისტების განცხადებით, შეკრება ტრანსპორტის სავალ ნაწილზე არ იმართებოდა და ამ ღონისძიების ორგანიზატორებს არ მოეთხოვებოდათ გაფრთხილების შეტანა ქუთაისის მერიაში. შეკრება იყო კანონიერი. საია დამაჯერებლად არ მიიჩნევს დასუფთავების სამსახურის ქმედების გამართლებას ქალაქის სანიტარიულ-ჰიგიენური ან ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების დაცვის ინტერესებით - "გაუგებარია, რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას ქალაქის სანიტარიულ ან სახანძრო უსაფრთხოებას პლასტიკურ ჭიქაში ჩადებულმა რამდენიმე სანთელმა?" მათი დასკვნით, მერიის ქმედება - გაეწმინდა ქალაქი პლასტიკური ნარჩენებისგან, გამართლებული იქნებოდა მხოლოდ შეკრების დამთავრების შემდეგ, თუკი დემონსტრანტები თავად არ გაიტანდნენ პლასტიკურ საგნებს. საია მიიჩნევს, რომ შეკრების შეზღუდვა იყო უკანონო და გამოხატვის თავისუფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევა. საია მზადყოფნას გამოთხვამს, სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს შეკრებაში მონაწილე პირებს", - აღნიშნავს გამოცემა.
"არსად არ ჩანდა არც ერთი საპატრულო ეკიპაჟი, რომელიც წესრიგს დაიცავდა. ძეგლის ქვემოთ სანთლებით დაწერილი "ორი მაისი" ქუთაისის ხელისუფლების დაკვეთით დასუფთავების მანქანებმა ჩააქრეს და ტროტუარებზე მოძრავებმა დაარბიეს. როგორც ჟურნალისტს, მხოლოდ ერთი რამ მაკვირვებდა - ქუთაისის სახანძრო სამსახური, რომელსაც არასოდეს შეუძლია საკუთარი ძალებით სტიქიასთან გამკლავება, აქციის მონაწილეების დასარბევად საკმაოდ მომარაგებული აღმოჩნდა და არც წყალი უთავდებოდა. თუმცა რა გასაკვირია, როცა აქციის დარბევას სხვა საჯარო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, თავად ქალაქის პირველი მეხანძრე, ქალაქის მერის ყველაზე ერთგული და განუყრელი მეგობარი კახა მაჩიტიძე აკონტროლებდა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით "იცი რატომაც არ შეგიშვებთ "ალიას", ამიტომ უკან დაიხიეთ და დატოვეთ ტერიტორია! ვერ შეხვალ და მორჩა!" / როგორ დაარბიეს ქართული ოცნების" აქცია და რა ხდებოდა ქუთაისში პრეზიდენტის ვიზიტის დროს.
"მასთან ერთად იმყოფებოდა ტერიტორიული მართვის ორგანოების, იმავე მუნიციპალიტეტების "მაყურებელი" კახა ხვარეშიაც. მათთან ერთად იყვნენ გუბერნატორის პირადი "ზონდერბრიგადებიც", რომლებსაც დავალება ჰქონდათ მიცემული: "წადით, არ იჩხუბოთ, მაგრამ აგინეთ"! ერთმა მანქანამ შეძლო ასსაფეხურიან კიბეებთან დასწეოდა "ოცნების" აქტივისტებს და გუბერნატორის დავალება სახმო სიმების დაწყვეტამდე ამოსული შეძახილით შეესრულებინა: "ბიძინა ივანიშვილის დედას ...!" როცა დასუფთავების მანქანებიც "დაიღალნენ" სირბილით, დარბეულ ახალგაზრდებს გუბაზ სანიკიძეს შეუერთდა და 2 მაისის ღამეს შეფასებაც მისცა: "ეს ერთ რამეზე მეტყველებს, რომ ავადმყოფი მართავს ამ ქვეყანას, ახლა ქუთაისის პრივატიზება გადაწყვიტა ამ ლენჩმა, ამ ავადმყოფმა, მანიაკმა. სექსუალური გადახრების მქონე მანიაკმა. ქუთაისი არ არის ის ქალაქი, რომელიც სააკაშვილს აჰყვება". ახალგაზრდებმა დამტვრეული სანთლები ყუთებში ჩააწყვეს და საბარგულებით გაიტანეს. თითქმის სველებმა და ნარბენებმა ერთმანეთს ჩაშხამებული, მაგრამ მაინც დღესასწაული მიულოცეს", - წერს რეპორტაჟის ავტორი.
"2 მაისს პრეზიდენტის ვიზიტი მარათონს უფრო ჰგავდა და ცენტრალურ მოედანზე დაკვირვებული თვალი ადვილად შეაჩნევდა ბევრ წაქცეულ ბავშვსა და მოხუცს! საქმიანობაშეფერხებული იყო ადგილობრივი მედია, რომელიც მეტისმეტი სიუხეშითა და ხელჩართული ცემა-ტყეპით გამორჩეული სამთავრობო დაცვის მთავარი სამიზნე გახლდათ... ასევე მიზანში იყო ამოღებული "ალიაც", რომლისთვის რეაბილიტირებული თეატრის კარი მხოლოდ ამ ტექსტით დაიხურა და სხვა დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია - "არ გიშვებთ... დატოვეთ ტერიტორია და მორჩა!". უკან გამოსულს სამთავრობო დაცვისა და პოლიციელების ამალა მომყვებოდა, როგორც ნაცების მხრიდან ყველაზე არასასურველ ჟურნალიტად შერაცხულს. შეუსვლელობით ბევრი არაფერი დამიკარგავს - ამბავი, ისიც ყველაზე რეალური, იმ კიბეებზე იყო, სადაც "ნაცქალები" სააკაშვილის ტაშისმკვრელებად ჰყავდათ გამაგრებული - სოცუზრუნველყოფის სამსახურის უფროსი კახა ქორიძე პარტაქტივის სუსტ სქესს აღფრთოვანებით ხვდებოდა: "თქვენ ხართ ჩემი და კახა ხვარეშიას დები, ჩემი ნაციონალი ქალები"! - "აბა რაა! გაიხარეთ, არ შეგარცხვენთ..." "არშერცხვენის" დემონსტრირებაც იქვე იყო, მობილიზებული "ნაცქალები" თუ ტაშს უკრავდნენ, თუ "მიშა შენ გენაცვალეს" გაჰყვიროდნენ", - დასძენს რეპორტაჟის ავტორი.
სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში პაპუნა დავითაია სამინისტროსთან "დიასპორული პარლამენტის" შექმნის იდეამ შეაწუხა
"სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში პაპუნა დავითაია ინიციატივით გამოდის - საქართველოში შეიქმნას დიასპორული პარლამენტი. როგორც თავად მინისტრი ბრძანებს, ჯერჯერობით ეს მხოლოდ იდეაა, მაგრამ უფრო დაიხვეწება და პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით წარდგება. დავითაიას თქმით, დიასპორული პარლამენტი სათათბირო ორგანოს წარმოადგენს, რომელიც დიასპორასთან ურთიერთობის სახელმწიფო სამინისტროსთან იარსებებს. იგი შეიკრიბება წელიწადში ერთხელ ხუთდღიანი სესიების ფარგლებში. სხდომები გაიმართება პარლამენტის სხდომათა დარბაზში. პარლამენტის თავმჯდომარე იქნება სახელმწიფო მინისტრი. ასევე ეყოლება სპიკერი, რომელსაც აირჩევს დიასპორული პარლამენტი და მას სავარაუდოდ ექნება საქართველოს პარლამენტის საპატიო წევრის სტატუსი", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით როგორი იქნება დიასპორული პარლამენტი.
"პარლამენტში შეიქმნება ბიუროები და კომიტეტები: მიგრაციის, განათლებისა და კულტურის, ეკონომიკური პოლიტიკისა და სხვ. რა პრინციპით აირჩევიან პარლამენტის წევრები, ამასთან დაკავშირებით დავითაია ამბობს, რომ დიასპორულ პარლამენტში იქნება 45 დეპუტატი. 30 აირჩევა პირდაპირი წესით დიასპორის მიერ, ხოლო 15-ს ნიშნავს სახელმწიფო მინისტრი. დავითაიას კვოტებზეც უფიქრია და განმარტავს, რომ დიასპორულ პარლამენტში დეპუტატების ყოლის შესაძლებლობა ექნებათ იმ ქვეყნებში არსებულ საქართველოს დიასპორებს, რომელთა რაოდენობა 1000 მაინც არის, ხოლო თითოეულ ქვეყანას ექნება დაახლოებით სამი კვოტა. არჩეული კი ის დეპუტატები იქნებიან, რომლებსაც უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი ექნებათ", - აღნიშნავს გამოცემა.
"რატომ იგეგმება 15 დეპუტატის დანიშვნა თავად დიასპორის სამინისტროს მიერ, ამაზე დავითაია ამბობს, რომ მაგალითად, საფრანგეთში არის უზარმაზარი ქართული დიასპორა და მათი უმეტესობა 90-იანი წლების შემდეგ წავიდნენ და სწორედ მათი რიგებიდან შეირჩევა დიასპორული პარლამენტის წევრი. მაგრამ რომ არ იყოს დარღვეული ერთიანობა და იქ მოხვდნენ ძველი ქართული დიასპორის წარმომადგენლებიც, ამის დასაბალანსებლად ინიშნება 15 დეპუტატი. იდეის გასამყარებლად კი დავითაია უცხოეთის გამოცდილებას იშველიებს და ამბობს, მსგავსი გამოცდილება არსებობს იტალიაში, ფინათსა და ხორვატიაშიო. კითხვები მაინც გაჩნდა - ვინ დააფინანსებს ამ დეპუტატების წელიწადში ერთხელ ჩამოსვლას, დაენიშნებათ თუ არა ხელფასი ან შემდგომში სამუდამო პენსია, რა გაკეთდება და რას შეჰმატებს ახალი პარლამენტი ქვეყანას - ამ კითხვების დასმას "რეზონანსი" მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა, სახელმწიფო მინისტრისთვის, მაგრამ პაპუნა დავითაია ზარებს ტრადიციულად არ პასუხობს. ქართველი ექსპერტები კი ცალსახად აცხადებენ, რომ ეს მკვდრადშობილი იდეაა", - დასძენს გამოცემს.
"რა უფლებამოსილება ექნება, რა საკითხების გადაწყვეტისთვის იქმნება ეს პარლამენტი, რა სახსრებს განაგებს და რას უშვრებიან რუსული დიასპორის წარმომადგენლებს, რომელიც ყველაზე მრავალრიცხოვანია? თანაც თუ დეპუტაცია შეიქმნება, რაღაც საკითხი ხომ უნდა გადაწყვიტონ, თუ განსაზღვრული არ იქნება მათი ფუნქციები, მაშინ გამოდის, რომ ხელოვნურად შექმნილი ორგანო იქნება... რა შეიძლება იგულისხმებოდეს ამ იდეაში, ვერ გეტყვით. ალბათ, მაინც საარჩევნო მოტივებიდან გამომდინარეა. დიასპორის წარმომადგენლები უფრო სხვაგვარად უყურებენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ვიდრე ჩვენი თანამოქალაქეები. ალბათ ხელისუფლებას სურს მისი მხარდამჭერების რიცხვი დიასპორის ხარჯზე გაამდიდროს. ეს პარლამენტი მათთვის მინიმუმ ტრიბუნად იქცევა და ალბათ ეს არის წამყვანი ამ იდეაში, საქართველო პარადოქსების ქვეყანაა და ეს კიდევ ერთი პარადოქსი იქნება - გვაქვს პარლამენტის ორი შენობა და ახლა ორი პარლამენტიც გვექნება. მინიმუმ ხუთი-ექვსი პარლამენტი რომ შეიქმნას - შიდა დიასპორის, რუსეთში მცხოვრები "მოღალატე" ქართველების და ა.შ., რას იტყვით?" - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.
"უფრო ავანტიურას ჰგავს... დავიწყოთ იქიდან, რომ ჯერ არ ვიცით, რა სოციალური, პოლიტიკური, ინტელექტუალური ბაზაა და რა პრინციპით უნდა მოხდეს შერჩევა. რომ ამბობენ, ყველაზე მეტი საფრანგეთში გვყავსო, ნურას უკაცრავად, ყველაზე მეტი რუსეთში გვყავს და თანაც პოლიტიკურად აქტიური დიასპორა. არ უნდა დაფიქრდნენ, იმავე ხუბუტიას აქვს თავისი ორგანიზაცია, ხომერიკს თავისი, პეტერბურგში ებრალიძეს თავისი სოციალური დასაყრდენი, როგორ ფიქრობთ, ისინი თავიანთი ხალხით არ აავსებენ ამ "პარლამენტს"? თუ ჩვენ ავუკრძალავთ ხომერიკს, ებრალიძეს, ხუბუტიას და სხვებიც გამოჩნდებიან, არჩევნები არ მოაწყონ და თავისი ხალხი არ გაიყვანონ? თუ იმას ვეტყვით, რომ რუსეთის დიასპორა არ უნდა იყოს "საქართველოს დიასპორულ პარლამენტში?" ჩვენ ხომ ვიცით, რა პრინციპით გაიმართა არჩევნები დუმაში, იმავე პრინციპით გაიმართება ქართული დიასპორის არჩევნებიც - საბოლოო ჯამში რას მივიღებთ? რასაკვირველია, ეს ინიციატივა არის მკვდრად შობილი, მაგრამ ჩანს, დღეს, როცა არჩევნები ახლოვდება, ყველას უნდა ექსტრავაგანტური ინიციატივებით გამოიჩინოს თავი. მაგრამ თუ ეს საკითხი გახდება მსჯელობის საგანი პარლამენტში ან რომელიმე ორგანოში, ეს მხოლოდ იმის მანიშნებელი იქნება, რა დონეზეა დღეს ჩვენი საზოგადოება", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დიპლომატიური აკადემიის რექტორი სოსო ცინცაძე.
ეკა ბესელია - "რეგისტრაციის ვადა იწურება 27 მაისს, იუსტიციის სამინისტრო ისე არ მოიქცევა, როგორც მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მიღების დროს მოიქცა"
"რეგისტრაციაში გაუტარებლობისა და მორიგი ხელოვნური ბარიერის შექმნის ალბათობა დაშვებულია იმ გამოცდილებიდან გამომდინარე და იმ ანალიზის საფუძველზე, რომელიც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კეთდება ანუ როგორ იქცევა ხელისუფლება მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა ქართულ პოლიტიკაში. იქცევა აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ, ქმნის ხელოვნურ, უკანონო ბარიერებს, რომ მთავარ პოლიტიკურ ოპონენტს მაქსიმალური პრობლემები შეუქმნას და პოლიტიკური ბრძოლის არენიდან განდევნოს", - აცხადებს ეკა ბესელია გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ეკა ბესელია: "რეპრესიებით ხალხს ვერ დააშინებენ".
"ამ გამოცდილების გათვალისწინებით და იმ კონტროლის დაკარგვის ფონზე, რა დროსაც სააკაშვილი შეცდომას შეცდომაზე უშვებს, რამის გამორიცხვა პოლიტიკურად არასწორია. ამიტომ იყო დაშვებული მანანა კობახიძის მიერ ეს პროგნოზი. ყველაფერი უნდა დაუშვა, იმდენად არაადეკვატურია უკვე სააკაშვილი. მაგრამ თუ ვლაპარაკობთ კანონისა და სამართლის ენაზე, რა შეიძლება მოხდეს, უახლოეს მომავალში ველოდები ერთადერთ გადაწყვეტილებას, რომ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" უნდა დარეგისტრირდეს. იმიტომ, რომ ყველა თანმხლები დოკუმენტი, რომელიც წარედგინა იუსტიციის სამინისტროს, ზუსტად კანონის მოთხოვნების შესაბამისად არის წარდგენილი. მათ შორის, ჩვენ გავითვალისწინეთ კანონის ნათქვამი, რომ რეგისტრაციისთვის აუცილებელია პარტიის 1000 წევრის ხელმოწერა. ჩვენ დავუშცვით ის, რომ შეიძლებოდა იუსტიციის სამინისტროს ხელოვნურად რაღაც ხარვეზები აღმოეჩინა, რამე არ მოსწონებოდა, ვიღაც გადაეხაზა - ამიტომ ორჯერ მეტი - 2201 ადამიანის ხელმოწერა წარვადგინეთ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ეკა ბესელია.
"პრაქტიკულად არ არსებობს არანაირი თეორიული საფუძველი, რის საფუძველზეც შეიძლება იუსტიციის სამინისტრომ რეგისტრაციაზე უარი თქვას. ვფიქრობ, პარტია ყველა შემთხვევაში დარეგისტრირდება. თუ რამე ხელოვნური პრობლემები შეიქმნება, ჩვენ ამასაც გადავლახავთ. არ არის აუცილებელი, ეს იყოს საარჩევნო კამპანიის გამოცხადებამდე. ეს პარტიის რეგისტრაციას ხელს არ უშლის. თუმცა რეგისტრაციის ვადა იწურება სწორედ 27 მაისს. იუსტიციის სამინისტროს აქვს ზუსტად ერთთვიანი ვადა, რომლის შემდგომაც მან გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. თუ არ მიიღებს გადაწყვეტილებას, მიიჩნევა, რომ პარტია დარეგისტრირებულია. ამიტომ ეს საკითხი პრაქტიკულად 26 მაისისთვის გარკვეული უნდა იყოს. იუსტიციის სამინისტრო ისე არ მოიქცევა, როგორც მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მიღების დროს მოიქცა. მაშინ ბოლო დღეს გამოაცხადა გადაწყვეტილება და ისიც მოუმზადებლად, დაუსაბუთებლად და უკანონოდ თქვა უარი", - დასძენს ეკა ბესელია.
|