დავით უსუფაშვილი - "ეს ცვლილებები პოლიტიკურად დაავადებული ტვინის მორიგი პროდუქტია"
"ამ კონსტიტუციურ ცვლილებებზე სერიოზული ლაპარაკი შეუძლებელია, რადგან ამ პროცესს არაფერი აქვს საერთო კონსტიტუციასთან, რომელიც, წესით, ქვეყნის ძირითადი კანონი და სახელმწიფოს სამართლებრივი საფუძველია. ამ ცვლილებებით სააკაშვილის ხელისუფლება კონსტიტუციას ეპყრობა არა როგორც ქვეყნის ძირითად კანონს, არამედ როგორც პიარის იარაღს. მათთვის კონსტიტუციას ისეთივე დანიშნულება აქვს, როგორც საარჩევნო ბუკლეტების დარიგებასა და პლაკატების გაკვრას. აი, ამ დონეზე დაიყვანეს კონსტიტუციის როლი და მნიშვნელობა. 2004 წლის თებერვლიდან მოყოლებული კონსტიტუციას სწორედ ასე ეპყრობიან და ეს არის სააკაშვილისა და მისი გუნდის მთავარი პოლიტიკური დანაშაული. ისინი ასეთი დამოკიდებულებით სახელმწიფოს საფუძველს აცლიან. რაც შეეხება ამ ცვლილებების შინაარსს, ეს ისეთი დიდი ნონსენსია, რომ ამაზე მსჯელობა ყოვლად შეუძლებელია", - აცხადებს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერი დავით უსუფაშვილი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ეს ცვლილებები პოლიტიკურად დაავადებული ტვინის მორიგი პროდუქტია".
"ის, რომ ქვეყნის მოქალაქეობის არმქონე პირს, ვინც უნდა იყოს ის, ენიჭება უფლება, მიიღოს ამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობის შესაძლებლობა, არის უპრეცედენტო ნოვაცია, რომელიც სააკაშვილის "პიარშიკებმა" მოიგონეს. ასეთი რამ არსად არსებობს, რადგან ეს ეწინააღმდეგება სახელმწიფოს არსებობის აქსიომურ საფუძველს. ეს ცვლილებები თავიდანვე აბსურდი იყო, მით უმეტეს ბოლო ჩასწორება, რომლის მიხედვითაც ეს უფლება მხოლოდ სამი წლით მოქმედებს. ალბათ, გახსოვთ ნიანგის ცრემლების ღვრა პარლამენტში, როგორც "ნაციონალთა", ასევე "ქრისტიან-დემოკრატთა" მხრიდან, რომ თურმე ამ ცვლილებით იმ თანამემამულეებს აძლევდნენ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის საშუალებას, ვინც საქართველოში დაიბადა, მაგრამ სხვა ქვეყნის მოქალაქეა, აქაოდა, მათზე ვზრუნავთო. კი მაგრამ, მარტო სამ წელიწადს უნდა იზრუნონ და მერე აღარ?" - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით უსუფაშვილი.
"ეს ცვლილებები პოლიტიკურად დაავადებული ტვინის მორიგი პროდუქტია - კოლექტიურ ტვინს ვგულისხმობ. როდესაც პოლიტიკური დაავადება ასეა ფესვგადგმული, ცხადია, ხელისუფლების წარმომადგენლები, მმართველები იწყებენ მნიშვნელოვანი შეცდომების დაშვებას. დარწმუნებული ვარ, ქართველი საზოგადოებაცა და საერთაშორისო დემოკრატიული სამყაროც დაინახავს და სათანადოდ შეაფასებს აქ მიმდინარე პროცესებს. ცოტა ხნის წინ ევროპის რამდენიმე ქალაქში მქონდა მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრები როგორც ევროპარლამენტის წარმომადგენლებთან, აგრეთვე სხვა პოლიტიკოსებთან, ხალხთან, ვინც აქაურობას ყურადღებით აკვირდება. ხელისუფლების ეს ინიციატივა მათთვის იყო ღიმილის მომგვრელი, უკვე მათაც კარგად დაინახეს, სააკაშვილსა და მის გუნდს სახელმწიფო კი არ აინტერესებს, არამედ შეუძლიათ ამ სახელმწიფოს ტერიტორია, მისი კონსტიტუცია, მოქალაქეები ნებისმიერ რამეში გაცვალონ და დაახურდაონ, პოლიტიკური პოზიციები რომ გაიმყარონ", - განმარტავს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე.
"ქართულ ტელესივრცეში არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მაღალპროფესიული გასართობი შოუ, რომელიც ერთ-ერთ ტელეარხზე საღამოს 8 საათზე იწყება, მეორეზე - 9 საათზე, და ამას ჰქვია "მიშას შოუ". დიახ, ეს კაცი ყოველდღე დგამს შოუს. სამწუხაროა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ამით არის დაკავებული. ხან 2-3-4 წელს ითხოვს და იძახის, მაცალეთო, ხან თავის ფერფლს აყრის ჯერ აუშენებელ ქალაქს, ხან თავის ორგანოებზე ცვლის დაკარგულ ტერიტორიებს - ეს სააკაშვილის სულიერი მდგომარეობის საკმაოდ დამთრგუნველ სურათს იძლევა, აგრეთვე, გვიჩვენებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეიცვალოს შექმნილი ვითარება, ეს სჭირდება ქვეყანას და სჭირდება იმ ადამიანსაც, რომელსაც დღეს პრეზიდენტი ჰქვია. როდესაც თანამდებობა ამგვარ ტვირთად იქცევა ვიღაცისთვის, ყველამ რაღაც უნდა იღონოს, რომ როგორმე ამ ტვირთისგან გაათავისუფლოს", - მიიჩნევს დავით უსუფაშვილი.
"რაც შეეხება ქვეყანაში შესვლა-გასვლას, უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც მეც და ოპოზიციის სხვა ლიდერებსაც პატარ-პატარა პრობლემებს სულ გვიქმნიან. მაგალითად, აეროპორტში პასპორტის შემოწმებისას რიგით მოქალაქეებზე ხუთჯერ დიდხანს მაჩერებენ, როგორც ჩანს, მერაბიშვილის უწყებაში არკვევენ ხოლმე რაღაცებს. ამას წინათ მიუნხენიდან ჩამოვფრინდი და ბარგის ასაღებ დარბაზში პოლიციელები ოთხი ძაღლით დადიოდნენ, რაღაცას ეძებდნენ, ოთხივე ძაღლი მოიყვანეს ჩემს ჩანთებთან, ძაღლებმა საეჭვო ვერაფერი ნახეს, მაგრამ ბოლოს პოლიციელმა ისე უჯიკა საწყალ ცხოველს, აწკმუტუნდა, ჰოდა, მომადგა ოფიცერი, თქვენი ბარგი უნდა გავსინჯოთო. ამოატრიალეს ჩემი ჩანთები, არ ვიცი, რას ეძებდნენ. თუმცა ეს დაბრკოლებები რა მოსატანია იმ წინააღმდეგობებთან, რასაც ეს ხელისუფლება ჩვენს მოქალაქეებს უქმნის, ლამის ყოველდღიურად ემუქრებიან ჩვენს მომხრეებს, ათავისუფლებენ მათ და მათ ახლობლებს სამსახურებიდან, იჭერენ..." - დასძენს რესპონდენტი. და შეკითხვას - "კაკო ბობოხიძე თუ კობა ხაბაზი თქვენზე საუბრისას ხშირად ახსენებენ ხოლმე 1989 წლის 10 აპრილს და ამბობენ, რომ ამ დღეს შეხვედით კომუნისტურ პარტიაში", პასუხობს:
"ძალიან სასაცილო მგონია ამ თემაზე ლაპარაკი. 1989 წლიდან გავიდა 23 წელიწადი, 1990 წლიდან აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას ვეწევი, იქიდან მოყოლებული დღემდე, მეტი სალაპარაკო რომ ვერ ნახა ამ ხალხმა ჩემს ბიოგრაფიაში, ეს უკვე მრავლისმეტყველია. კარგი იქნებოდა, ბოლო 23 წლის განმავლობაში ბობოხიძეს ან ხაბაზს თავიანთი პოლიტიკურ ბიოგრაფიაში ჰქონდეთ საამაყო ფურცლები... რაც შეეხება იმ ამბავს, არ ვიცი, სად შეიძლება მოვიძიო ის დოკუმენტი, სადაც წერია, რომ კომუნისტური პარტიის წევრი გავხდი სამხედრო სამსახურის პერიოდში - 1986-1989 წლებში. ჯერ ვმსახურობდი მოსკოვის ოლქში, მერე წელიწად-ნახევარი - უკრაინაში, ქალაქ კრემენჩუგში, როგორც მახსოვს, სამხედრო ნაწილი იყო ნომერი 33-52, თუ ვინმეს ეს აინტერესებს, იქ შეძლებენ მოიძიონ ინფორმაცია და გაარკვიონ ეს ამბავი. რაც შეეხება 1989 წლის 9 აპრილს, ვისაც ეს თემა აინტერესებს, გადახედონ იმჟამინდელ პრესას, სადაც მეტ-ნაკლებად ქვეყნდებოდა განსხვავებული აზრი და იქ ნახავენ, რას ვფიქრობდი და ვაკეთებდი. არ ვიცი, იქნებ, გავითვალისწინო თქვენი რჩევა და თვითონაც გამოვაქვეყნო რაღაცები. ვიცი, რომ პოლიტიკოსმა ყველა შეკითხვას უნდა უპასუხოს, მაგრამ არიან ადამიანები, რომელთა კითხვებზე პასუხის გაცემა მათთვის დიდი ფუფუნება იქნება".
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პარლამენტის წევრობის კანდიდატებისთვის დადგენილი მინიმალური ასაკობრივი ზღვარის 21 წლამდე შემცირების საჭიროებას ვერ ხედავს. საია-ს განცხადებით, არც პროექტის განმარტებით ბარათშია მითითებული და არც კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის განმავლობაში გაცხადებულა, რა პრობლემა შეიძლება გადაიჭრას ასაკის შემცირებით. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც 21-წლიანი ასაკობრივი ზღვარია დადგენილი, ორპალატიანი პარლამენტია და დაბალი ასაკობრივი ზღვარი მხოლოდ ქვედა პალატაზე ვრცელდება. ექსპერტთა აზრით, საქართველოში არსებული რეალობები საფუძველს არ იძლევა პარლამენტართა ასაკობრივი ცენზის შესამცირებლად. ცნობისათვის ჩეხეთში ქვედა პალატის წევრობისათვის 21 წელია დადგენილი, ზედა პალატის წევრობისთვის კი ასაკობრივი ლიმიტი 40 წელია. პოლონეთში 21 წელია დადგენილი სეიმის წევრობისთვის, ხოლო სენატისთვის ზღვარი 30 წელია. იტალიაში, სადაც ქვედა პალატისთვის 25 წელია დადგენილი, ზედა პალატისთვის ეს ლიმიტი 40 წლამდე იზრდება. ამერიკის შეერთებულ შტატებში 25 წელია დადგენილი წარმომადგენელთა პალატის წევრებისთვის, ხოლო 30 წელი - სენატისთვის", - წერს გაზეთი "ყველა სიახლე" სტატიაში სათაურით სახიფათო საკონსტიტუციო თამაშები.
26 მაისს ქუთაისის პარლამენტში ნაციონალი დეპუტატები ჩაფხუტებით დასხდებიან?! საპარლამენტო ოპოზიცია საზეიმო სხდომას ბოიკოტს უცხადებს
"ისეთი პირი უჩენს, რომ 26 მაისის საზეიმო სხდომას ქუთაისის ახალ პარლამენტში მხოლოდ ნაციონალი დეპუტატები დაესწრებიან. ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძე არც თავად აპირებს მშენებარე შენობაში თავის შეყოფას და არც კოლეგებს ურჩევს, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ლორთქიფანიძე გამონაკლისი არ იქნება, უკვე გარკვეულია, რომ ქუთაისში დაგეგმილ საზეიმო სხდომას სრულიად საპარლამენტო ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს - ამის შესახებ ჟურნალისტებს დიმიტრი ლორთქიფანიძემ და ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანმა დაუდასტურეს", - წერს გაზეთი"ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ქუთაისის პარლამენტში დეპუტატები ჩაფხუტებით დასხდებიან / ოპოზიცია ჯანმრთელობას უფრთხილდება და 26 მაისის სხდომას ბოიკოტს უცხადებს.
"გიორგი ახვლედიანის განმარტებით, 26 მაისს ქუთაისში დაგეგმილი სხდომა "ნაციონალური მოძრაობისა" და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი პიარაქციაა. ამიტომ ამ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებენ. ლორთქიფანიძე კი ბოიკოტის მიზეზად იმას ასახელებს, რომ კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით თბილისშია. გუშინდელ სხდომაზე კი დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ ჯერ ოფიციალურად დაუსრულებელ შენობაში შესვლას არც ნაციონალ დეპუტატებს ურჩევს: "სააკაშვილის მიერ წარმოთქმულ შენიშვნას უნდა გამოვეხმაურო. კერძოდ, მის მიერ გამოთქმულ პირდაპირ ეჭვს, რომ თუკი ვერ მოესწრება შენობის დასრულება, ამ შემთხვევაში ბატონ რამაზ ნიკოლაიშვილს პრობლემები შეიძლება ჰქონდეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ღმერთმა დაიფაროს ბატონი რამაზი და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეიძლება მსგავსი პასუხისმგებლობის წინაშე დადგეს და ჯანმრთელობის ფასად დაუჯდეს შეუსრულებელი პირობა", - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, რომლის თქმით, ამ პირობის შესრულება არამცთუ ეჭვის ქვეშ დგას, არამედ დარწმუნებით შეუძლია თქვას, რომ 26 მაისს პარლამენტის შენობა "ვერაფრის დიდებით ვერ მოესწრება" - აღნიშნავს გამოცემა.
"აჩქარებითა სოფელი არავის მოუჭამია" - ჩვენ ამ შენობის ადგილას ერთხელ უკვე ვნახეთ, აჩქარებულმა ნაბიჯებმა რა შედეგი მოგვიტანა - როცა დედა-შვილის სიცოცხლე იმსხვერპლა 2009 წლის 19 დეკემბერს აფეთქებულმა ობელისკმა. ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ ამფეთქებლები დააჩქარეს, რომლებიც მოსამზადებელი სამუშაოების შესასრულებლად განსაზღვრულ დროს კიდევ ითხოვდნენ. დღეს ბატონი პრეზიდენტი ღიად აცხადებს, რომ 26 მაისს ეს შენობა არ დასრულდება და ეს ვიღაცას ინფარქტის ფასად დაუჯდება. ჩემი განცხადება გნებავთ ზრუნვად მიიჩნიეთ, გნებავთ გაფრთხილებად - უმრავლესობა აპირებთ 26 მაისს შეხვიდეთ იმ შენობაში, რომელშიც ხარაჩოების მეტი არაფერია და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებთ საფრთხის ქვეშ. არსებობს ელემენტარული ნორმატივები, რომელიც უნდა შესრულდეს - თუკი მიღება-ჩაბარების აქტი არ არის შესული ძალაში და შენობის ექსპლუატაციაში გაშვების უფლება სპეციალური კომისიიის მიერ არ არის გაცემული, ასეთ შენობაში, მით უმეტეს სახელმწიფო მნიშვნელობის სხდომა ვერ გაიმართება", - აღნიშნა დიმიტრი ლორთქიფანიძემ და მოუწოდა დეპუტატებს, გაითვალისწინონ კანონის ეს მოთხოვნები და ნურც საკუთარ ჯანმრთელობას ჩააყენებენ საფრთხეში და "ნურც მტერს გააცინებენ", - დასძენს გამოცემა.
"მოკლედ, არ არის გამორიცხული, დეპუტატებს საზეიმო სხდომაზე მისვლამ სამშენებლო ჩაფხუტებით მოუწიოთ, თავში რომ არაფერი დაეცეთ. ამაში ვიცე-სპიკერ მიხელ მაჭავარიანის პასუხიდან დარწმუნდებით, რომელიც მან დიმიტრი ლორთქიფანიძის მისამართით წარმოთქვა. მაჭავარიანმა ირონიული ტონით ისაუბრა ბოლო დროს გავრცელებული ხმების შესახებაც, რომ ქუთაისში პარლამენტის საძირკველი წყლითაა დაფარული და მშენებლობა შეფერხებულია: "მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, არც წყალი ამოსულა, არც შენობა დაძრულა. წინსწრებით მიდის სამუშაოები და სწორედ გრაფიკის მიხედვით იყო გადაწყვეტილი, რომ 26 მაისამდე პლენარული სხდომების დარბაზი უნდა დასრულებულიყო. პლენარული დარბაზის მოპირკეთება უკვე დასრულებულია და სიდიდით დაახლოებით ისეთივეა, როგორც თბილისში, დაახლოებით 60 კვადრატული მეტრით არის ნაკლები... უკვე მიმდინარეობს დეპუტატების ოთახების რაღაც ფორმირება და ვეცდები შაბათ-კვირას მოვინახულო მშენებლობა", - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა, რომლის განმარტებით "მშენებლებს აქვთ კითხვები, ამიტომ მან და ქალბატონმა ხათუნა გოგორიშვილმა პასუხი უნდა გასცენ", - წერს სტატიის ავტორი.
"მიხეილ მაჭავარიანი ირწმუნება, რომ ქუთაისში არაფერი არაორდინალური არ ხდება, რის შესახებაც ინფორმაციას პირადად მინისტრ რამაზ ნიკოლაიშვილისგან ფლობს. თუმცა ვიცე-სპიკერის კომენტარი, რომ დეპუტატების ოთახების "რაღაც ფორმირება" მიმდინარეობს, გვაფიქრებინებს, რომ ამ დეპუტატებს შენობაში მართლაც ჩაფხუტებით შეუშვებენ", - დასძენს სტატიის ავტორი.
"მეცხრე არხზე" პრობლემები არ არის - "რეალურად, რასაც ეს სააგენტო წერს, აბსოლუტური სისულელეა" - კახა ბექაური
"სააგენტო "ჯეონიუსის" ცნობით, "მეცხრე არხის" ხელმღვანელობასა და ჟურნალისტებს შორის უკმაყოფილებები დაიწყო. ამავე სააგენტოს ინფორმაციით, უთანხმოება მოხდა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხელმძღვანელ მანან კობახიძესა და "მეცხრე არხის" უფროსობას შორის. არხის გენერალური დირექტორი კახა ბექაური სააგენტოს ინფორმაციას აბსურდულს უწოდებს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ბექაური აცხადებს, რომ "მეცხრე არხზე" პრობლემები არ არის".
"რეალურად, რასაც ეს სააგენტო წერს, აბსოლუტური სისულელეა. არანაირი უკმაყოფილება არ მომხდარა. ყველამ იცის, რომ ჩვენ სრულყოფილი ფორმატით ვერ ვმაუწყებლობთ და საცდელი მაუწყებლობა გვაქვს. ქალბატონმა მანანამ ჩვენს ჟურნალისტთან ორი კომენტარი გააკეთა - ერთი "ქრისტიან-დემოკრატებზე" და ლეიბორისტებზე, მეორე კი ბურჯანაძესა და მის მეუღლეზე. ეს კომენტარები ტელევიზიაში მთავარ გამოშვებამდე ხუთი წუთით ადრე მივიდა, ამიტომაც ეთერში მათი მხოლოდ ნაწილი გავიდა. მეორე დღეს კი უკვე ორივე კომენტარი იყო გასული. ამიტომ ქალბატონ მანანას უკმაყოფილების შესახებ არაფერი მსმენია. ამ თემაზე არც ჟურნალისტებთან და მით უმეტეს ჩემთან უკმაყოფილება არ გამოთქმულა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა ბექაური.
"რაც შეეხება გოგი ახალკაცის გადაცემას, გოგის 40 გრადუსი აქვს სიცხე, შესაბამისად გადაცემას ვერ წაიყვანდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. დღეს მოიკრიბა ძალები, მიუხედავად იმისა, რომ ისევ ცუდადაა და დაჯდება ეთერში. შესაბამისად, ნახავს მაყურებელი, რა მდგომარეობაშია, დღესაც 39 აქვს სიცხე და ისე უნდა წაიყვანოს გადაცემა, რომ კიდევ არ ჩავარდეს ეთერი. შესაბამისად, ერთი გადაცემის ჩაგდებაზე ჭორების აგორება არ არის გამართლებული. "ჯეონიუსზე" გასული კომენტარი სარედაქციო დამოუკიდებლობის შესახებ აბსოლუტური სისულელეა - პირიქით, ძალიან კარგი განწყობაა ჟურნალისტებში და ყველა მაქსიმალურ თავისუფლებას გრძნობს. თუ ასეთი ინფორმაცია ვინმეს აქვს, მაშინ დადოს სახელები და გვარები. ამას იმ მარტივი მიზეზების გამო ვერ გააკეთებენ, რომ "მეცხრე არხის" ჟურნალისტებს ეს პრობლემა არ აქვთ", - დასძენს კახა ბექაური და შეკითხვას - "ფაქტია, რომ "მეცხრე არხს" აფინანსებს ივანიშვილი. მას შემდეგ, რაც არხი ეთერში გავიდა, თუ შეხვდით ივანიშვილს და როგორია მისი შეფასება, ჰქონდა თუ არა რამე შენიშვნები?" - პასუხობს:
"კონკრეტულად ამ საკითხებზე არ გვისაუბრია, მაგრამ შეხვედრა მოეწყო. თუმცა პირად საუბრებზე არ მივიჩნევთ საჭიროდ საუბარს".
ჯაბა სამუშია - "სამწუხაროა, მაგრამ თბილისი კიდევ ერთ სარეიტინგო სიაში აღმოჩნდა სამარცხვინო ადგილზე"
"თბილისი საცხოვრებლად ერთ-ერთი არასასურველი ქალაქი ყოფილა მსოფლიოში და ეს მაშინ, როცა ყოველდღე გვესმის, რომ აქ არის ყველაზე მაგარი გზები და ხიდები, საუკეთესო სკვერები და შადრევნები, რომ თბილისში ცხოვრება საამურია - კვლევა, რომელმაც ამ მოსაზრებას ცივი წყალი გადაასხა, საერთაშორისო ორგანიზაცია ECA International-მა ჩაატარა: ამ კვლევის მიხედვით, მსოფლიოს 400 ქალაქს შორის საქართველოს დედაქალაქმა 199-ე ადგილი დაიკავა. სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა თბილისი აუტსაიდერთა შორის არის: რამდენიმე თვის წინ საკმაოდ ავტორიტეტულმა კომპანია Mercer-მა გამოაქვეყნა სარეიტინგო სია, რომელშიც ცხოვრების დონის მიხედვით 221 ქალაქს შორის თბილისი 214-ე ადგილზე იყო. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშიას სულაც არ აკვირვებს, რომ ჩვენი დედაქალაქი აუტსაიდერთა შორის არის", - წერს გაზეთი "ყველა სიახლე"სტატიაში სათაურით თბილისი კიდევ ერთ სარეიტინგო სიაში აღმოჩნდა სამარცხვინო ადგილზე.
"სამწუხაროა, მაგრამ თბილისი კიდევ ერთ სარეიტინგო სიაში აღმოჩნდა სამარცხვინო ადგილზე. ამ სარეიტინგო სიაში ისეთი მეზობლები გვყავს, კაცი რომ არ ინატრებდა, რადგან არც ერთი მოწინავე სახელმწიფოს დედაქალაქი ჩვენს ახლომახლო არ ჭაჭანებს. სარეიტინგო სიის შედგენისას ბევრი რამ იყო გათვალისწინებული - ჯანდაცვა, სოციალური და ეკოლოგიური გარემო, ტრანსპორტი, კომუნიკაციები და ა.შ. ეს ყველაფერი შეაფასეს უცხოელმა ექსპერტებმა და დაადგინეს, რომ თბილისში საკმაოდ მძიმე მდგომარეობა ყოფილა. მედია, რომელსაც ხელისუფლება აკონტროლებს, გვიმტკიცებს, რომ თბილისი ცხოვრების დონით ევროპული ქალაქია, თუმცა აღმოჩნდა, რომ ევროპელი ექსპერტები სულ სხვაგვარად ფიქრობენ. ამ სარეიტინგო სიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელისუფლების პოლიტიკა აბსოლუტურად მცდარია: არ შეიძლება აშენო ხიდები და მოსახლეობა გყავდეს მშიერი. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ხელისუფლების მთავარი საზრუნავი უნდა იყოს არა კონცერტები და შადრევნები, არამედ ადამიანები", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ჯაბა სამუშია.
"სწორედ ამის გამო საკრებულოს ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე "ქრისტიან-დემოკრატებმა" მკაცრად გავაკრიტიკეთ ბიუჯეტში შეტანილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც ჯანდაცვის სფეროს აკლდებოდა თანხა და გადადიოდა მუხლში, რომელიც საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გამართვას ითვალისწინებს. ეს არის ნათელი მაგალითი, როგორია ხელისუფლების დამოკიდებულება მოსახლეობის პრობლემების მიმართ. არამიზნობრივი ხარჯვის საუკეთესო ნიმუშია გმირთა მოედანი, რომელსაც, სულ მცირე, სამჯერ შეუცვალეს სახე. ეს არის მაგალითი, როგორ შეიძლება გადავყაროთ ფული წყალში მაშინ, როცა ამ თანხით უამრავი პრობლემის მოგვარება შეიძლება", - განაგრძობს რესპონდენტი.
"თბილისში ძალიან მძიმე მდგომარეობაა ეკოლოგიური თვალსაზრისით: აღარაფერს ვამბობ დაბინძურებულ ჰაერსა და განადგურებულ მწვანე საფარზე, ლამის ყოველ მეორე დღეს შეგიძლიათ ნახოთ, რომ მტკვარი ნაგვითაა სავსე, როცა თავისუფლად შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. არსებობს სპეციალური მოწყობილობები, რომელიც მდინარეს წმენდს, მაგრამ ამისთვის თავს არავინ იწუხებს. ძალიან კარგია ევროპის მოედანთან ახალი პარკის მშენებლობა, მაგრამ ნუთუ ეს არის დედაქალაქისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა? კომუნიკაციები მოსაწესრიგებელია და ამ დროს ჩვენ პარკებს ვაშენებთ. სხვათა შორის, ის, რომ დღეს თბილისში წყლის გადასახადი ძალიან მაღალია, პირდაპირ არის დამოკიდებული მოუწესრიგებელ კომუნიკაციებზე. მსოფლიოში, მგონი, ერთ-ერთ წამყვან ადგილზე ვართ წყლის დანაკარგის მიხედვით და ბუნებრივია, "თბილისის წყალი" ამ ზარალს ჩვენ გვახდევინებს. ალბათ, არც ერთი ქვეყნის დედაქალაქში არ არის ამდენი გახეთქილი მილი და დაზიანებული კომუნიკაციები, რამდენიც ჩვენთან", - განმარტავს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
"ჩვენი მოქალაქეების უდიდეს ნაწილს ავადმყოფობის ეშინია - არ შეიძლება ჯანდაცვის სფეროში ეკონომია გააკეთო და მერე ეს ფული კონცერტებში დახარჯო! ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში თბილისელებს ლამის გაუორმაგდათ გადასახადები - გაძვირებულია ტრანსპორტი, მიწის გადასახადი, მოიმატა წყლის, დენის, დასუფთავების ტარიფმა. რატომ უკვირთ, რომ ეს ყველაფერი თვალნათლივ აისახება საერთაშორისო რეიტინგებზე? ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, იმის მიუხედავად, რომ თითქოს ევროპაში აქვთ განათლება მიღებული, თავიანთი აზროვნებით ბოლშევიკები არიან. ყველაფერი ერთი ადამიანის ხელში! - ასეთია მათი დევიზი და ეს არის სწორედ ბოლშევიკური მიდგომა", - დასძენს ჯაბა სამუშია.
"ჩვენ ვეუბნებოდით, რომ იმ 5 ათასი მესაკუთრისათვის, რომლებსაც სამარშრუტო ტაქსი ჰყავდათ, მიგვეცა განსაზღვრული პირობები, რომ "მარშრუტკაში" 15 კაცზე მეტი არ უნდა ჩაესვათ, რომ ფეხზე არავინ უნდა მდგარიყო და ა.შ. არ დაიჯერეს და რა მივიღეთ? - გვყავს ერთი მონოპოლისტი, რომელსაც აკონტროლებს ხელისუფლება და დავკარგეთ 4 ათასზე მეტი კერძო მესაკუთრე, რომელიც თვითონ მოახერხებდა ყველაფრის ორგანიზებას, ინვესტიციებსაც თვითონ ჩადებდა და ქალაქში იმოძრავებდნენ გაცილებით კომფორტული ტაქსები. ხალხიც კმაყოფილი იქნებოდა. იგივე შეიძლება ითქვას ავტობუსებზეც, რომელთა რაოდენობაც ნამდვილად არ არის საკმარისი. დღევანდელ პერიოდს ხშირად ადარებენ შევარდნაძის ეპოქას, ცხრა წელიწადია შევარდნაძე წავიდა, სად ცხრა წლის წინანდელი მსოფლიო და სად დღევანდელი? რეიტინგის ავტორებმა ისიც გაითვალისწინეს, რომ თბილისელების დიდი ნაწილი ავარიულ სახლებში ცხოვრობს. წინა წლის ბიუჯეტში ავარიული სახლების სარეაბილიტაციო თანხას რამდენიმე მილიონი ლარი მოაკლეს და სხვა მუხლში გადაიტანეს, თითქოს ეს პრობლემა საერთოდ არ არსებობდეს. ნახევარი ჩუღურეთი, სოლოლაკი, მთაწმინდა ავარიული სახლებით არის სავსე. სხვათა შორის, სახლები ხშირად ძველი კომუნიკაციების გამოც ზიანდება, მათ ქვეშ წყალი გროვდება და ამის გამო შენობა იბზარება და ფუჭდება", - აცხადებს ჯაბა სამუშია და შეკითხვას - "ხელისუფლების მომხრეები ხშირად ავლებენ პარალელს დღევანდელ და დავით აღმაშენებლის დროინდელ საქართველოს შორის. რას გვეტყოდით ამ შედარებაზე?" - პასუხობს:
"ეს აბსურდული შედარებაა. დავით აღმაშენებლის მეფობის პერიოდში ორჯერ გაიზარდა საქართველოს ტერიტორია. მან მთელი ცხოვრება ამ ქვეყნის გაძლიერებასა და განმტკიცებას შეალია, უფუნქციო შუშის ხიდი კი არ აუგია, გელათი ააშენა და იქ აკადემია გახსნა... სხვათა შორის, დავითის ხანაში საქართველო გაცილებით სამართლიანი სახელმწიფო იყო, ვიდრე დღეს არის. უდიდესი ღვაწლის გამო ქართველებმა ეს დიდი მეფე წმინდანად შერაცხეს. ამ ორი ეპოქის ერთმანეთთან შედარება დაუშვებელია".
|