
27 მაისს "ქართული ოცნება" თავისუფლების მოედანზე "ძალიან ბევრ" ადამიანს ელოდება... "რეგიონალურ ღონისძიებას არ ვმართავთ, ეს არის თბილისზე გათვლილი აქცია" - მანანა კობახიძე
"ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ "რეზონანსს" განუცხადა - სწორედ იმიტომ შეჩერდა არჩევანი თავისუფლების მოედანზე, რომ სტადიონი თუ რომელიმე დახურული შენობა ხალხის იმ რაოდენობას ვერ დაიტევდა, რამდენსაც "ქართული ოცნება" ელოდება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით 27 მაისს "ქართული ოცნება" თავისუფლების მოედანზე 70 ათას ადამიანზე მეტს ელოდება.
"მოგეხსენებათ, დინამოს სტადიონი 65-70 ათას ადამიანს იტევს. ბევრად მეტი ეტევა მაშინ, როცა მოედანიც შეგიძლია გამოიყენო. შესაბამისად, ჩათვალეთ, რომ 70 ათასზე ბევრად მეტ ხალხს ველოდებით აქციაზე, რადგან თავისუფლების მოედანზე გადავწყვიტეთ აქციის გამართვა", - ამბობს ფანჯიკიძე. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ 27 მაისს თავისუფლების მოედანზე მისული ხალხის რიცხვი ივანიშვილის მხარდამჭერების რაოდენობასა და ივანიშვილის რეიტინგს განსაზღვრავს. ასევე იმასაც, რა რეაქცია ექნება საზოგადოებას არჩევნების გაყალბების შემთხვევაში და რამდენი ხალხი გამოვა გარეთ თავისი ხმების დასაცავად. ინფორმაცია, რომ კოალიცია "ქართული ოცნება" 27 მაისს მანიფესტაციას "თავისუფლების მოედანზე" გამართავს, ბიძინა ივანიშვილის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე ოცწამიანი ვიდეომიმართვით გავრცელდა, სადაც ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას "თავისუფლების მოედანზე მისვლისკენ მოუწოდებს", - აღნიშნავს გამოცემა.
"მე, ბიძინა ივანიშვილი, კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი, 27 მაისს, დღის სამ საათზე გელოდებით თავისუფლების მოედანზე, რომ ერთად დავიწყოთ ჩვენი სამშობლოს გაერთიანების პროცესი და ყველამ ერთად ავიხდინოთ "ქართული ოცნება" - ამბობს ივანიშვილი მიმართვაში. "ოცნების" პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ 27 მაისს კოალიცია ძალიან ბევრ ადამიანს ელოდება - კონკრეტული ციფრის დასახელება რთულია, მაგრამ ვერც ერთი საქართველოში არსებული დახურული შენობა ხალხის ამ რაოდენობას ვერ დაიტევს. "თავისუფლების მოედანი არის უბრალოდ შეკრების ადგილი, ყველაზე დიდი და ყველაზე ფართო. ეს არ არის ქუჩის აქცია იმ გაგებით, რა გაგებითაც ადრე ეწყობოდა ხოლმე თბილისში აქციები. მინიმუმსა და მაქსიმუმს ვერ გეტყვით, მაგრამ გეტყვით, რომ ძალიან ბევრ ხალხს ველოდებით", - დასძინა პრესსპიკერმა, რომლის თქმით, ამ აქციაზე კოალიცია ხალხს კიდევ ერთხელ დაარწმუნებს, რომ არჩევნებს მოიგებს", - აღნიშნავს გამოცემა.
"ქართულ ოცნებას" საყვედურობდნენ, რომ პასიური არიან, შესაბამისად, ეს აქცია იქნება მცდელობა, მოძრაობამ პასიურობის იარლიყი ჩამოიშოროს. თუმცა ამ აქციაში სხვა მიზანს უფრო ვხედავ. თუ აქციაზე ბევრმა ხალხმა მოიყარა თავი, რაც მოსალოდნელია, ეს ბევრ კითხვას გასცემს პასუხს. კერძოდ, ადამიანთა რაოდენობა განსაზღვრავს ხელისუფლებისთვის, რამდენად დიდია ივანიშვილის მხარდამჭერთა რიცხვი. ხელისუფლება ამით დაინახავს, რა მასშტაბის შეიძლება იყოს საპროტესტო მუხტი, რაც შეიძლება ივანიშვილის მიმართ ჩადენილ უსამართლობას მოჰყვეს. ასევე თვითონ საარჩევნო პროცესსაც ასეთი აქციები გამოადგება იმ მხრივ, რომ ხელისუფლება დაინახავს, რა შეიძლება მოჰყვეს არჩევნების ხელყოფასა და გაყალბებას", - აცხადებს გამიცემის კორესპონდენტტან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
"27 მაისს თუ აქციაზე ხალხის საკმარისი რაოდენობა მოვიდა, ეს იქნება გაფრთხილება ხელისუფლებისთვის, რომ გაყალბება არ შერჩებათ. ასევე მოსახლეობის გამოსაფხიზლებელი აქცია მომავალი დარღვევების პრევენციისთვის. ანუ, ამ აქციაზე მისული ივანიშვილის მხარდამჭერების მიზანი უნდა იყოს, რომ ჯერ ხელისუფლებას დაანახბონ, რომ ბევრნი არიან და დარღვევებს არ აპატიებენ, შემდეგ კი მხარდამჭერებმა თავისი რაოდენობით უნდა დაანახვონ ინერტულად განწყობილ მოსახლეობას, რომ გამოფხიზლება საჭიროა და გააქტიურონ საზოგადოების ის ინერტული ნაწილიც", - მიიჩნევს რამაზ საყვარელიძე.
"ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ინფორმაცია ცნობილი იქნება მალე, როგორც კი დასრულდება ამაზე მუშაობა. გეტყვით იმას, რაც ამ დროისთვისაა გაცხადებული თავად ბატონი ბიძინა ივანიშვილი მიერ: შეკრება დაიწყება 27 მაისს სამ საათზე თავისუფლების მოედანზე, ანუ ჩვენ ყველანი, "ქართული ოცნება" ველოდებით ხალხს თავისუფლებაზე და გამოვაცხადებთ საარჩევნო კამპანიის დაწყებასა და საქართველოს გაერთიანების დაწყებას", - აცხადებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მანანა კობახიძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რას გეგმავს ივანიშვილი 27 მაისის აქციაზე?
"ეს ადგილი იმიტომ ავირჩიეთ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ველოდებით ამ დღეს, თავისუფლების მოედანი არის საქართველოს დედაქალაქის გული და ადამიანთა დიდ რაოდენობას დაიტევს. იცით რა, ჩვენ რეგიონალურ ღონისძიებას არ ვმართავთ, ეს არის თბილისის მასშტაბით განსაზღვრული აქცია, მაგრამ თუ რეგიონებიდან ჩამოვლენ სტუმრები, რა თქმა უნდა, ამას არავინ შეეწინააღმდეგება. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ: ეს არის თბილისზე გათვლილი აქცია. ლოკომოტივის სტადიონი გამოირიცხა, რადგანაც იქ დაახლოებით 28 000 ეტევა და ამაზე მეტ ადამიანს ველოდებით", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მანანა კობახიძე და შეკითხვას - "ამდენი ხალხი რომ შეიკრიბება, სადმე წასვლას აპირებთ შემდეგ?" - პასუხობს:
"შეკრებაც იქნება და მსვლელობაც მოეწყობა. ამდენი ხალხი ეს უკვე მანიფესტაციაა და მსვლელობაა. დანარჩენ დეტალებს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, მოგვიანებით გაგაგებინებთ".
სააკაშვილი საკუთარ ავტონომიას ქმნის... "რატომ უნდა გამოიყოს ლაზიკა, სრულიად გაუგებარია - რა, ეს შვილია და სხვები გერები არიან?" - ვახტანგ ხმალაძე
"ჯერ სააკაშვილის ავტორობით შექმნილ ახალ საკონსტიტუციო ცვლილებას შევეხოთ, რაც ლაზიკის სპეციალურ სტატუსს განსაზღვრავს. თურმე ლაზიკაში განსაკუთრებული რეგულაციები იმოქმედებს, როგორც სახელმწიფოებრივი მოწყობის, ისე საგადასახადო და ეკონომიკური თვალსაზრისით. კონკრეტულად კი კონსტიტუციაში ცვლილება შევა, რომლის თანახმადაც ლაზიკაში დაბალი საგადასახადო რეჟიმი და მაღალი დონის თვითმმართველობა იქნებაო. მეორე საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების მინიჭებას გულისხმობს, პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით "სააკაშვილი საკუთარ ავტონომიას ქმნის..." / რას ეუბნება საკონსტიტუციო ცვლილებებზე "ალიას" ვახტანგ ხმალაძე?
"კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებს ასეთი შინაარსის ახალი 104/4 მუხლი დაემატება: 2014 წლის 1-ელ იანვრამდე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქესთან ერთად შესაბამისი ასაკიდან ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან საქართველოში და ბოლო ათ წელიწადს მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვთ". მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ცხოვრების ათწლიანი ცენზი ვერ შეეხება, რადგან ქვეყანაში 2004 წლიდან ცხოვრობს, ნაცხელისუფლებამ, რა პრობლემააო, თქვა, ამასაც შევცვლითო. კერძოდ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა ბრძანა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ისე შეცვალოს, რომ ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდეს, რათა ამ თემაზე სპეკულაციები აღარ იყოსო. მორიგი აბსურდული საკონსტიტუციო ცვლილებების დეტალებში გასარკვევად "ალია" კონსტიტუციონალისტს, რესპუბლიკელ ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრა", - აღნიშნავს გამოცემა.
"სამართლებრივი თვალსაზრისით ეს უპრეცედენტო შემთხვევაა. და თუ გავითვალისწინებთ, რომ უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა გამოაცხადა, აქ საქმე შეეხება, ერთი მხრივ, საგადასახადო შეღავათების დაწესებას და მეორე მხრივ, ძალიან ფართო თვითმმართველობის უფლების მიცემასო, ეს შეიძლება იყოს იმდენად ფართო უფლებამოსილება, რაც, ფაქტობრივად, პოლიტიკური ავტონომიის მინიჭებას გაუტოლდება. რაც შეეხება თვითონ ფართო თვითმმართველობის უფლებების მინიჭებას, გონივრულ ფარგლებში ასეთი რამ უნდა ჰქონდეს ნებისმიერ თვითმმართველ ერთეულს. და რატომ უნდა გამოიყოს ამ თვალსაზრისით ლაზიკა, სრულიად გაუგებარია - რა, ეს შვილია და სხვები გერები არიან?" - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძე.
"რაც შეეხება საგადასახადო შეღავათებს, ზოგადი პრინციპია, რომ განსხვავებული საგადასახადო რეჟიმი არ უნდა დადგინდეს ერთი პირისთვის. აქ არ აქვს მნიშვნელობა, ფიზიკური პირია თუ ტერიტორიული ერთეული. ჩვენი კანონმდებლობით არის განსაკუთრებული რეჟიმი - თავისუფალი ეკონომიკური ზონები, რომლებსაც აქვთ განსაზღვრული საგადასახადო შეღავათები, რაც ზოგადად ზონებისთვისაა დადგენილი და შემდგომ უკვე მთავრობა წყვეტს, ვის მიენიჭოს თავისუფალი ეკონომიკური ზონის სტატუსი - ანუ ამის გაკეთება თავისუფლად შეიძლებოდა კონსტიტუციაში ცვლილების გარეშეც - ამდენად, სამართლებრივად სრულიად გაუმართლებელია ასეთი ცვლილების შეტანა. მაშინ ჩნდება კითხვა - რატომ კეთდება ეს? აქ უკვე შეგვიძლია რაღაც ვარაუდების გამოთქმა. პრეზიდენტი სააკაშვილი აცხადებს, ლაზიკა ჩემი პირმშოაო. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ის ცდილობს ამ თავის პირმშოს ყველა სხვისგან სრულიად განსაკუთრებული მდგომარეობა შეუქმნას და ეს გააკეთოს კონსტიტუციურ დონეზე, რათა არჩევნების წაგების შემთხვევაში ოპოზიციამ ვერ შეძლოს მის პირმშოსთვის ამ სრულიად დაუმართლებელი პრივილეგიების ჩამორთმევა", - მიიჩნევს რესპონდენტი.
"ავტონომიას" ან თავისთვის იქმნის, ან პირმშოს უქმნის ამას. თუ ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნები წააგო, მაგრამ შეინარჩუნა ერთმესამედიანი წარმომადგენლობა პარლამენტში, ოპოზიცია ამ საკონსტიტუციო ცვლილებას ვეღარ შეცვლის. ხოლო "მაღალი დონის თვითმმართველობით" გამოწვეული ცვლილებების აუცილებლობა სხვა საკანონმდებლო აქტებში დამოკიდებული იქნება იმაზე, რა სახით ჩაიწერება კონსტიტუცუაში - კონსტიტუციას აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა. შესაძლოა, შევიდეს ცვლილება ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონში, ოღონდ მხოლოდ ლაზიკისთვის. ან შეიძლება მიიღონ ცალკე კანონი, როგორიც არის, ვთქვათ, თბილისის შესახებ კანონი", - განაგრძობს ვახტანგ ხმალაძე.
"რაც შეეხება ევროკავშირის მოქალქეების არჩევნებში მონაწილეობას და ამ უფლებით სარგებლობას მხოლოდ 2014 წლის 1-ელ იანვრამდე, ესენი ისეთ რამეს აკადრებენ კონსტიტუციას, არც ეს იქნება უპრეცედენტო შემთხვევა, რომ ჩაწერონ ასეთი ნორმა - "ეს არ გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ამ ნორმის შესაბამისად იქნენ არჩეულნი, დანიშნულნი ამ კონსტიტუციის განსაზღვრულ თანამდებობებზე" - შესაძლოა ეს გააკეთონ", დასძენს კონსტიტუციონალისტი და შეკითხვას - "ნაციონალების ახალ დათმობებზე რას ფიქრობთ - ივანიშვილის ხათრით ათწლიანი შეზღუდვის მოხსნას ვგულისხმობ?" - პასუხობს:
"ეს ყველა ქმედება არის აბსოლუტურად არასამართლებრივი და გაუმართლებელია. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ისინი მზად არიან ყველაფერი გააკეთონ, მათ შორის გაუგონარი რამეებიც, ოღონდა არ თქვან, რომ მოქალაქედ არ მივიღეთ ივანიშვილი, კონსტიტუციისა და კანონის დარღვევითო. ოღონდ მოქალაქეობა არ მისცენ და მზად არიან, ყველანაირი სისულელე ჩაიდინონ".
ავთანდილ დემეტრაშვილი - "ეს იძულებითი ცვლილება არის გამოსავალი. კარგი იქნებოდა ივანიშვილს მოქალაქეობა ჰქონოდა, მაგრამ მან აბსოლუტურად სამართლიანად დაკარგა მოქალაქეობა, ივანიშვილის ადვოკატებმა შეცდომა დაუშვეს..."
"კონსტიტუციის ხშირი ცვლილება არასასურველია, ვინაიდან ასეთი ხშირი ცვლილებები კონსტიტუციურ სტაბილურობას არღვევს, რაც საბოლოო ჯამში პოლიტიკურ ცხოვრებას არაპროგნოზირებადს ხდის. ეს არის იძულებითი ცვლილება, რომელიც პოლიტიკურ სიტუაციას უკავშირდება. ეს არის გამოსავალი იმ პოლიტიკური სიტუაციიდან, რომელიც შეიქმნა. პოლიტიკურ ცხოვრებაში ძლიერი სუბიექტის გამოჩენამ, ასევე მისთვის წაყენებულმა მოთხოვნამ, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, პრობლემა წარმოშვა. როდესაც ძლიერი პოლიტიკური სუბიექტი გამოჩნდა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს, ცხადია, ეს პრობლემა გახდა. ამიტომ ესაა დროებითი ღონისძიება, რაც, ვფიქრობ, მიზანშეწონილია", - აცხადებს კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ავთანდილ დემეტრაშვილი: კონსტიტუციის ხშირი ცვლა არ შეიძლება"
"სწორი იყო ქრისტიან-დემოკრატების ეს წინადადება, ამ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალი უნდა მოძებნილიყო და წარმოადგინეს კიდეც თავიანთი ხედვა. რაც შეეხება შინაარსს, ეს დროებითი ნორმა რომ არის, პირველივე კომენტარში აღვნიშნე. რა თქმა უნდა, ეს დროებითი დებულება უნდა იყოს, რომელიც რაღაც დროის შემდეგ ალბათ უკვე გაუქმდება, თავის იურიდიულ ძალას დაკარგავს. მე წინააღმდეგი ვიყავი, აღნიშნული ცვლილება კონსტიტუციის ძირითად ტექსტში შესულიყო. ამისთვის ვთავაზობდი არა 49-ე მუხლში ცვლილებების შეტანას, არამედ ამ ნორმის განთავსებას გარდამავალ დებულებებში. როგორც ახლა გაირკვა, ცვლილება გარდამავალ დებულებებში იქნება ასახული. ამ ცვლილებიდან გამომდინარე, კონსტიტუციის დებულებების, საარჩევნო კოდექსისა და რამდენიმე საკანონმდებლო აქტის კომპლექსურად გადახედვა უნდა მოხდეს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ავთანდილ დემეტრაშვილი.
"თუ გვინდა, ეს ცვლილება კონსტიტუციაში შევიტანოთ, არა მხოლოდ 49-ე მუხლი უნდა შეიცვალოს, არამედ 29-ე მუხლიც, რომელშიც გათვალისწინებულია შემდეგი რამ: პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე და იმავდროულად სხვა ქვეყნის მოქალაქეა, არ შეიძლება იყოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე - ეს მუხლიც არის შესაცვლელი. მე აღვნიშნე, რომ ეს არის გამოსავალი. ამ შემთხვევაში კონსტიტუცია გამოდის როგორც შესაძლებლობა, დაარეგულიროს პოლიტიკური ურთიერთობები. წარმოვიდგინოთ, ეს ნორმა რომ არ იყოს შესული, რამდენად სამართლიანი იქნებოდა პოლიტიკური სიტუაცია და რამდენად სწორი იქნებოდა ხელისუფლების დამოკიდებულება შექმნილი მდგომარეობის მიმართ. მესმის, კარგი იქნებოდა, ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა რომ ჰქონოდა, მაგრამ მან აბსოლუტურად სამართლიანად დაკარგა მოქალაქეობა - მე ვიტყოდი, მისი ადვოკატების მოუქნელი საქმიანობის გამო ვეღარ მოიპოვა მოქალაქეობა. ალბათ ადვოკატებს უნდა ეფიქრათ, რომ ორივე მიმართულებით, ნატურალიზაციის გზით და ორმაგ მოქალაქეობაზე შეეტანათ განცხადება. ამით პრობლემა გადაწყდებოდა", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ისევ კონსტიტუციის ცვლილებას რომ დავუბრუნდეთ, როდესაც ასეთი ძლიერი პოლიტიკური სუბიექტი არ მონაწილეობს, არჩევნები კონკურენტუნარიანი არ იქნებოდა. დიახ, ამ არჩევნებს შეაფასებდნენ როგორც უარყოფით და არადემოკრატიულ არჩევნებს. ამიტომ ვიმეორებ, ეს არის გამოსავალი. კონსტიტუციის ხშირი გადასინჯვის და მისი ერთ პიროვნებაზე მორგების წინააღმდეგი ვარ, თუმცა ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ეს უნდა განვიხილოთ, როგორც სიტუაციიდან გამოსავალი. ეს არის დროებითი ღონისძიება და არ უნდა განმეორდეს. ბიძინა ივანიშვილი მოქალაქეობის საკითხი პრეზიდენტის ბრძანებულებით უნდა გადაწყვეტილიყო და არა საკონსტიტუციო ცვლილებებით. ვიმეორებ, თავდაპირველი გადაწყვეტილება ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ აბსოლუტურად კორექტული იყო. შემდეგ კი ივანიშვილის ადვოკატებმა შეცდომა დაუშვეს, რადგან მათ მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე ორივე გზისთვის უნდა მიემართათ", - დასძენს ავთანდილ დემეტრაშვილი და შეკითხვას - "ფიქრობთ, რომ პოლიტიკური გარემიოებებიდან გამომდინარე, ამ არჩევნებს კითხვის ნიშნები რომ არ მოჰყვეს და ლეგიტიმურობის ფარგლებში იყოს ამიტომ ხდება კონსტიტუციის ცვლილება?" - პასუხობს:
"დიახ, ამიტომ ხდება ეს ცვლილება".
|