Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:31 09.03.2016
პანკისის ხეობაში თარხან ბათირაშვილის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ადასტურებენ

თარხან ბათირაშვილის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციას პანკისის ხეობაში ამ ეტაპზე არ ადასტურებენ. როგორც ხეობის მცხოვრებლებმა "კურიერს" განუცხადეს, პანკისში მსგავსი რამ არავის გაუგია. "არანაირი ინფორმაცია არ არის პანკისის ხეობაში. კაციშვილისგან არ გამიგია. აქ ერთადერთი მამა ჰყავს, ისიც ავადმყოფია. ჩემგან ცოტა მოშორებით ცხოვრობს და ბოლო ხანებში არც მინახავს. რაც შეეხება ბათირაშვილს, მასზე მხოლოდ ის გამიგია, რომ სირიაში რომ იმყოფებოდა, მაგრამ მის მერე სად წავიდა, სად გაიქცა, აზრზე არ ვარ", - განაცხადა პანკისის ხეობის იმამმა ომარ ხანგოშვილმა.

 

ხეობის კიდევ ერთი მკვიდრის, ახლუდინ ჟაკალაევის თქმითაც, ბათირაშვილის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია გაიგეს, თუმცა, "როგორც უთხრეს, ვერ ადასტურებენ".

"ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი, წარმოშობით პანკისელი ტერორისტი აბუ ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი შესაძლოა მოკლული იყოს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აბუ ომარ ალ-შიშანის ლიკვიდაციისთვის საჰაერო ოპერაცია ჩატარდა. არსებული ცნობით, ბათირაშვილის ლიკვიდაციას პენტაგონიც ადასტურებს.

 

როგორც ცნობილია, ამერიკის სახაზინო დეპარტამენტს თარხან ბათირაშვილი ტერორისტების სიაში ჰყავდა შეყვანილი და მის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 5 მილიონი დოლარი ჰქონდა დაწესებული.

ავტორ(ებ)ი : ipn