Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:37 22.04.2016
გურჯაანში ღვინის კასრებისგან ავეჯის წარმოება დაიწყეს

გურჯაანში არსებულ ღვინის კასრების საწარმოში კასრებისგან ავეჯის დამზადება დაიწყეს. საწარმოში სხვადასხვა დიზაინის სავარძლებს, მაგიდებს, სასმელის შესანახ ბარებს, სკამებსა და დეკორატიულ ნივთებს ძველი კასრებისგან ამზადებენ. სუვენირებისა და ავეჯის ფასი ზომისა და დიზაინის მიხედვით 10-დან 450 ლარამდე მერყეობს.

 

როგორც  „პროფესიონალური მეღვინეობის პროდუქტები“-ს ხარისხის კონტროლის მენეჯერმა თორნიკე ჩუნთიშვილმა განაცხადა, ღვინის კასრების საწარმოში დამზადებულ ავეჯი გერმანიაში ექსპორტზე გააქვთ.

 

„კასრებისგან ავეჯის ხაზის დამზადების იდეა ცოტა ხნის წინ გაგვიჩნდა. ბიზნესის გასაფართოვებლად მთელი საქართველო შემოვიარეთ და ღვინის ქარხნებიდან შევიძინეთ ძველი, გამოუყენებელი ღვინის კასრები, რომლებსაც სპეციალისტები ამუშავებენ და სხვადასხვა დიზაინის ავეჯსა და სუვენირებს აკეთებენ. ავეჯს ვამზადებთ როგორც ჩვენი დიზაინით, ასევე დამკვეთების სურვილით. ჩვენს ახალ წამოწყებას დიდი დაინტერესება მოჰყვა. ავეჯი უკვე გავიტანეთ ექსპორტზე გერმანიაში. ახლა მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ თურქეთსა და საფრანგეთში“,- განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს თორნიკე ჩუნთიშვილმა.

 

მისივე თქმით, სს „პროფესიონალური მეღვინეობის პროდუქტები“-ს დამფუძნებლებს ღვინის კასრების მწარმოებელი საწარმოს გახსნის იდეა 2 წლის წინ გაუჩნდათ. მათ შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში მიღებული დაფინანსებით გურჯაანში მიტოვებული, ძველი ქარხანა აღადგინეს და მუხის კასრების წარმოება დაიწყეს. ამჟამად საწარმოში 15 ადამიანია დასაქმებული, რომლებიც ამერიკული და ფრანგული ჯიშის მუხის მასალით თვეში 300-მდე კასრს ამზადებენ. საწარმო ერთადერთია მთელს ამიერკავკასიაში. კასრების ფასი 500-დან 550 ევრომდეა.


„კასრების წარმოება ხდება მუხის ფიცრებით, რომლის იმპორტიც ამერიკიდან და საფრანგეთიდან წარმოებს. ამ მასალებით ხდება კასრის აკინძვა, შიდა და გარე დამუშავება, სარტყელების მოჭიმვა, კასრის გამოწვა სპეციალური დანადგარით. ამის შემდეგ ჩვენ ვიღებთ საერთასორისო სტანდრატების შესაბამის 225 ლიტრიან მუხის კასრს, რომელსაც სრულად შეუძლია უზრუნველყოს ალკოჰოლური სითხე იმ არომატით და სურნელებით, რითაც მუხის კასრში დაძველებული ღვინო თუ კონიაკის სპირტი გამოირჩევა. ჩვენს საწარმოში დამზადებული კასრები მაღალ ხარისხთან ერთად დაბალი ფასით გამოირჩევა. მაგალითად, ფრანგული წარმოების კასრების ჩამოტანა დაინტერესებულ პირს 700 - 750 ევრო უჯდება, ჩვენი კასრების ფასი კი 500-დან 550 ევრომდეა. მუხის ფიცრების დაძველების მინიმალური ვადა 1.5 წელიწადია. გვაქვს ასევე მცირე ზომის დეკორატიული მუხის კასრები, რომელიც ოფისების, მარნების, ჰოლის თუ შოურუმების გასაფორმებლად გამოიყენება“,- აღნიშნა თორნიკე ჩუნთიშვილმა.

 

მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში კასრების გატანას ყაზახეთშიც გეგმავენ.

 

წყარო: geopressnews.ge

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge