Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

17:37 05.10.2016
მაია გოთუას ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი ტრადიციულად აგრძელებს აკადემიურ საქმიანობას

ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი თავისი არსებობის 17 წლის მანძილზე  ტრადიციულად აგრძელებს აკადემიურ საქმიანობას და წარმოადგენს ალერგოლოგიური პროფილის დასავლური ტიპის თანამედროვე სამკურნალო დაწესებულებას, რომელიც ბავშვთა და მოზრდილთა სამედიცინო მომსახურეობას უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებზე  დაფუძნებული მეთოდებით უზრუნველყოფს.

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრში მოქმედი მკურნალობის სტანდარტები საერთაშორისოა, დაფუძნებულია ალერგოდიაგნოსტიკის უახლეს, მუდმივად განახლებად მეთოდოლოგიაზე, რომელიც   მსოფლიოში ოქროს სტანდარტად აღიარებული კომპანიების მაღალტექნოლოგიურ ანალიზატორებზე სრულდება.  თვით ადამიანების ალერგოლოგიური ტესტირება  მაღალი სპეციფიკურობისა და მგრძნობელობის, ფართო სპექტრის სადიაგნოსტიკო ალერგენებით ხორციელდება. ალერგოდიაგნოსტიკის სიზუსტე  მკურნალობის  სწორ არჩევანს განაპირობებს. აღსანიშნავია, რომ სამკურნალო ალერგენები  თითოეული პაციენტისათვის ინდივიდუალურად უცხოეთში იწარმოება  და  მკურნალობის კეთილსაიმედო ეფექტს განსაზღვრავს.

 

ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის ცენტრს  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მაია გოთუა ხელმძღვანელობს. ის არის საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი. მრავალი საერთაშორისო ფორუმის მონაწილე და სპიკერი. დისერტაციები დაცული აქვს ალერგიულ დაავადებათა იმუნოგენეტიკის სფეროში, გავლილი აქვს სტაჟირება საფრანგეთში,  გერმანიაში, ამერიკაში, ავსტრიაში. არის ევროპის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიის (EAACI) წამლისმიერი ალერგიის ინტერეს ჯგუფის აქტიური წევრი. ევროპის რესპირაციული და ამერიკის თორაკალური საზოგადოებების წევრი.   ბიომედცენტრალის“ კლინიკური და მოლეკულური ალერგიის ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი (Member of the Editorial Board of the Clinical and Molecular  Allergy of BioMedCentral)  და მსოფლიოს ალერგიის ორგანიზაციის ჟურნალის რევიუერი (Reviewer of the World Allergy Orrganization Journal of BioMedCentral). გარდა კლინიკური პრაქტიკისა, ქალბატონი მაია  აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროცესში და მიღებულ სართაშორისო გამოცდილებას  საკუთარ ქვეყანაში ნერგავს. ის არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მან აღზარდა ახალგაზრდა განათლებული, უკვე  აღიარებული  ალერგოლოგების თაობა, რომელებთან ერთად მუდმივად დარგის განვითარებაზე ზრუნავს. მისი ინიციატივითა და თანამონაწილეობით შედგენილია ასთმის, რინიტის, ატოპიური დერმატიტის და სხვ. ალერგიულ დაავადებათა მართვის ეროვნული გაიდლაინები. არის ალერგოლოგიის და იმუნოლოგიის რეზიდენტურის პროგრამის დირექტორი, მოლეკულური ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის უნივერსიტეტების საერთაშორისო ქსელის  (The International Network of Universities for Molecular Allergology and Immunology (INUNIMAI) კოორდინატორი საქართველოში, სხვადასხვა საერთაშორისო ეპიდემიოლოგიური და  კლინიკური კვლევის ( Clinical Trials) ხელმძღვანელი (Principal Investigator) .

 

 

 

 

ალერგია თანამედროვე საზოგადოების სერიოზული პრობლემაა და ბუნებრივია, რომ ალერგოლოგიური პროფილის ჩივილების მქონე პაციენტთა რიცხვი იზრდება, ეს  თვალსაჩინოდ საგრძნობია თქვენს ცენტრშიც  წელიწადის ნებისმიერ დროს, დილიდან შებინდებამდე პაციენტთა სიმრავლეა.  როგორ ხვდება ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრში პაციენტები, სჭარბობენ ბავშვები, თუ მოზრდილები, ემსახურებით, თუ არა უცხოეთის მოქალაქეებს?

ჩვენი ცენტრი  როგორც ბავშვებს, ისე მოზრდილებს ემსახურება. ალერგია უფრო ხშირად  ბავშვთა ასაკში გამოვლინდება, მშობელიც უფრო მეტად ყურადღებიანია შვილის, ვიდრე საკუთარი თავის მიმართ. საყურადღებოა ალერგიის ოჯახური გამოვლენა, მით უფრო თუ მშობლები, ან დედმამიშვილებია ალერგიით  დაავადებული. ხშირად პაციენტები სერიოზული ან გართულებული პრობლემებით მოგვმართავენ. ნაწილი თირვითდინებით ხვდება ჩვენს ცენტრში, უმრავლესობას კი ოჯახის ექიმები, პედიატრები, ყელ-ყურ-ცხვირის ექიმები, დერმატოლოგები და სხვები აგზავნიან, რომლებმაც საჭიროდ ჩათვალეს პაციენტის მართვაში სპეცილისტის -ალერგოლოგის ჩართვა. ხშირად მოგვმართავენ  ბრონქული ასთმის, მთელი წლის მანძილზე, ან სეზონური ალერგიული სურდოსა და კონიუნქტივიტის, ალერგიული დერმატიტის და შეშუპების, ჭინჭრის ციების, კვებითი და ინსექტური ალერგიის რთული მდგომარეობის მქონე პაციენტები, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ  სიცოცხლისთვის საშიში დაუყოვნებელი ტიპის გენერალიზებული სისტემური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით. ასევე ხშირად აგზავნიან პაციენტებს მედიკამენტური ალერგიის დიაგნოსტიკის მიზნითაც. ვიყენებთ რა უახლეს საერთაშორისო პროტოკოლებს, განსაკუთრებულ სიფრთხილეს ვიჩენთ ამ სირთულის პაციენტების მიმართ. ჩვენს პაციენტებს შორის გარდა ადგილობრივებისა, არის უცხოელებიც, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის, ისე მსოფლიოს განვითარებული ქვეყნებიდან. ალერგიის ცენტრში ყველა პირობაა შექმნილი ამ პაციენტების მისაღებად. ექიმი - ალერგოლოგის მაღალპროფესიული  კონსულტაცია შეიძლება ჩატარდეს  რუსულ და ინგლისურ ენაზე. ალერგოლოგიური პაციენტები უმრავლეს შემთხვევაში საჭიროებენ მონიტორინგს, რაც პაციენტის უცხოეთში დაბრუნების შემდეგ ხორციელდება ექიმთან ვიდეო და აუდიო კომუნიკაციის საშუალებით.

რამდენად რთულია დაავადების გამომწვევი მიზეზის დადგენა, როგორ ხდება ალერგიის დიაგნოსტიკა?

ალერგიას საფუძვლად  სხვადასხვა იმუნოლოგიური მექანიზმი უდევს. ექიმის განსწავლულობასა და  ანალიტიკურ აზროვნებაზეა დამოკიდებული დიაგნოსტიკის სწორი მეთოდის შერჩევა, შესაბამისად მგრძნობიარე და სპეციფიკური ტექნოლოგიის გამოყენება და სწორი მკურნალობის დანიშვნა. ყველაზე მოსახერხებელია, რომ თვით პაციენტს სადიაგნოსტიკო ალერგენების კრებულით კანის ტესტირება ჩაუტარდეს, თუ ეს ვერ ხორციელდება (დაავადების გამწვავების, ან კანის შეცვლილი რეაქტიულობის გამო) დიაგნოსტიკა სრულდება პაციენტის სისხლის სინჯის გამოყენებით. ამასთან მნიშვნელოვანია,  ალერგიული სიმპტომების გამომწვევი არაიმუნოლოგიური მიზეზების (პარაზიტოზი, გასტროენტეროლოგიური პრობლემები, ალერგიული საკვების გადამეტება და სხვ.) გამორიცხვა.

 სეზონური გართულებები თუ ახლავს ალერგიულ დაავადებებს, წლის რომელ პერიოდში შეინიშნება განსაკუთრებით პაციენტების სიმრავლე და როდის უნდა ვიყოთ ფრთხილად?

ადამიანებს წელიწადის ნებისმიერ დროს ალერგიის სხვადასხვა გამოვლინება აწუხებთ. ალერგიასთან პანიკური დამოკიდებულება არასწორია, სიფრთხილე -კი მუდამ გვმართებს. წელიწადის ცივ პერიოდში უფრო ხშირად პაციენტებს რესპირაციული ხასიათის ალერგიული პრობლემები აქვთ, რაც უკავშირდება კარშიდა (indoor) ალერგენების (მტვრის ტკიპების, ნესტის სოკოების, შინაური ცხოველების და სხვ.) და ვირუსული ინფექციების ზემოქმედებას. კვებითი ჰიპერმგრძნობელობა ხშირად ასოცირებულია დღესასწაულებზე კვებით გადამეტებასთან. თუ საქმე გვაქვს ჭეშმარიტ კვებით ალერგიასთან, საკვების უმცირესი ნაწილიც საკმარისია ალერგიული რეაქციის გამოსაწვევად და პაციენტი რისკის ქვეშაა ნებისმიერი კონტაქტის დროს. პოლინოზი, ანუ მცენარეთა მტვრის მიმართ ალერგია აქტუალური ხდება წელიწადის თბილ პერიოდში ბუნების გამოღვიძებასთან დაკავშირებით. ამ დროს შეიმჩნევა პოლინოზის მქონე პაციენტების სიჭარბე. ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე ხეების, ბალახების/მარცვლოვნების და სარეველების ყვავილობის მიხედვით პაციენტებს აწუხებთ სეზონური გამწვავებები ალერგიული რინო-კონიუნქტივიტის, ასთმური მოვლენების ან კანის გამოვლინების სახით.

მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში უკვე წლებია ყოველდღიურად ხდება სპეციალური აღჭურვილობისა და ტექნიკის საშუალებით ჰაერში გავრცელებული მცენარეული მტვრის შეგროვება და დათვლა ( რასაც ინგლისურად pollen count- ი ეწოდება). აღნიშნული მეთოდით დგინდება, თუ წლის რომელ პერიოდში, რომელი მცენარის ყვავილის მტვერი არის გავრცელებული იმ რეგიონის ჰაერში. მიღებული ინფორმაციით შეიქმნა  ქალაქების მიხედვით ჰაერში ალერგენების გავრცელების კალენდრები.

გლობალური დათბობის პირობებში თითოეული ქვეყნისათვის დამახასიათებელი აეროპოლინაციური კალენდარის შექმნა და მეტეოროლოგიური ფაქტორების გათვალისწინებით მასზე დაფუძნებული ალერგიის გამომწვევი მცენარეული მტვრის ჰაერში გავრცელების პროგნოზირების სამსახურის ორგანიზება განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს. აღნიშნული სამსახურები აქვთ ევროპისა და ამერიკის  განვითარებულ ქვეყნებს.

ალერგოდიაგნოსტიკის შედეგად შესაძლებელია დადგინდეს პოლინოზის გამომწვევი მცენარეები, ხოლო პაციენტის ადგილსამყოფელი ქალაქის აეროპოლინაციური კალენდარის საშუალებით - გაირკვეს ალერგიის გამომწვევი მცენარეების ყვავილობის პერიოდი, ეს ინფორმაცია ეხმარება ალერგოლოგს პაციენტს მიაწოდოს შესაბამისი სპეციალური პრაქტიკული რეკომენდაციები, რომლებიც მისი დაავადების კონტროლსა და პრევენციას უზრუნველყოფს (მედიკამენტების წინასწარ მიღება, დამნაშავე ალერგენებთან მიჩვევის -ალერგიული ვაქცინაციის თავისებურებების გათვალისწინება და სხვ.).

.ჩვენი ცენტრის მიერ რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო გრანტის ფარგლებში  საქართველოს სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მიმდინარეობს ჰაერში შეწონილი მცენარეთა მტვრის (Pollen Count) ყოველდღიური მონიტორინგი, რის საფუძველზე შეიქმნა ამ ქალაქების მცენარეთა ყვავილობის კალენდარი. გამოვლინდა პაციენტებისათვის მნიშვნელოვანი ახალი, აქამდე უცნობი ალერგენები, რომლებიც დაემატა ალერგოდიაგნოსტიკის პანელს და სამკურნალო  ალერგენების ნუსხას.

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრმა საერთაშორისო ექსპერტიზის გავლის შემდეგ 2015 წლიდან დაიწყო თავისი მონაცემების განთავსება  ევროპის აეროალეგენების ქსელის მონაცემთა ბაზაში. ეს უკანასკნელი უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს აეროპოლინაციის სამსახურის საერთაშორისო  აღიარებისა და გლობალური პრევენციული პროგრამების შემუშავების თვალსაზრისით.

ქალბატონო მაია, თქვენ ხართ ცნობილი ექიმი, მაგრამ ყველა ექიმი არ არის დაჯილდოვებული ლიდერული თვისებებით,  არც ყველას აქვს სამეცნიერო კვლევების წარმოების ა პედაგოგიური ნიჭი, იმასაც ამბობენ, რომ ხართ „ყამირის გამტეხი“ ადამიანი და ახალგაზრდა ასაკიდან ბევრი რამე  პირველად წამოიწყეთ საქართველოში, ხომ ვერ გაგვიმხელთ თქვენი წარმატების საიდუმლოს?

ადამიანის ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახს, მასწავლებლებს და სულიერ მოძღვარს. ვარ მორწმუნე და ვმადლობ უფალს, რომ დავიბადე ქუდ-ბედიან პერანგში გამარჯვების დღეს - 9 მაისს, გოთუების დიდ ტრადიციულ ოჯახში.

ბაბუა - პართენ გოთუა იყო ცნობილი  ეროვნული საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი. მას    საფუძვლიანი განათლება უცხოეთში ჰქონდა მიღებული და  ილია ჭავჭავაძესთან, აკაკი წერეთელთან თანამშრომლობდა. ბებია - სოფიო კემულარია, იაკობ და ნიკო ნიკოლაძეების დისწული, სრულყოფილად ფლობდა უცხო ენებს და ფორტეპიანოზე  კარგად უკრავდა. მამა-ალექსანდრე გოთუა  საქართველოს ენერგეტიკის ერთერთი თვალსაჩინო ლიდერი იყო. მისი ხელმძღვანელობით საქართველოში .მრავალი ჰიდროელექროსადგური  აიგო. დედა -ლეილა მხეიძე - ღვაწლმოსილი პედიატრი. გადმოცემით დედა „არგვეთის ერისთავების,  წმ დავით და კონსტანტინეს შთამომავალია“, დედამ   პედიატრთა მრავალი თაობა აღზარდა. ორი მამიდაც - თინა და თამარ გოთუები იყვნენ ცნობილი ექიმები,  ყოველივემ განაპირობა ჩემს მიერ სამედიცინო განათლების არჩევა. დავამთავრე 53-ე საშუალო სკოლა ოქროს მედლით, წარჩინებით დავასრულე სამედიცინო უნივერსიტეტი, კლინიკური ორდინატურა და ასპირანტურა ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის მიმართულებით.  აქაც გამიმართლდა, ჩემი მასწავლებელი იყო  საქართველოში ალერგოლოგიის სკოლის დამფუძნებელი, უაღრესად დიდ ნიჭით დაჯილდოვებული და განათლებული პიროვნება- აკადემიკოსი გურამ გურგენიძე. დღემდე ჩემი მასწავლებელი, და ერთგული მეგობარია - პროფესორი ამირან გამყრელიძე, რომლის უშუალო თანამონაწილეობით დავინტერესდი ალერგიულ დაავადებათა იმუნოგენეტიკის საფუძვლებით, მომიწია იმდროისათვის უახლესი მეთოდების ათვისება და საქართველოში დანერგვა. ამიტომ განსაკუთრებულად მადლობელი ვარ ბატონი ამირანის, ვინაიდან მისი ინიციატივით ჩვენი ჯგუფი სულ თანამედროვე ალერგოლოგიის კლინიკისა და მეცნიერების ავანგარდში იყო, რასაც დღესაც ვცდილობთ, ამიტომაც წლის მანძილზე ძალიან დიდ დროს ვატარებ უცხოეთში, მხოლოდ ამ წელს გახლდით გერმანიაში, ჰოლანდიაში, შვეიცარიაში ესპანეთში, ამერიკასა და ავსტრიაში. ყოველთვის ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ ჩემს უცხოეთში აქტივობას აუცილებლად უნდა მოჰყვეს სასარგებლო შედეგი და სავალდებულოა მიღებული გამოცდილების გაზიარება ჩვენი ცენტრის ახალგაზრდა თანამშრომლებთან და ზოგადად კოლეგებთან, ამიტომაც საქართველოშიც ძალიან დაკავებული ვარ, მაქვს უამრავი ლექცია და ტრეინინგი. ჩემი ყოველდღიური გრაფიკი ყოველთვის გადატვირთულია: პაციენტები, ცენტრის საქმეები, მსმენელები, სტუდენტები, დისერტანტები... გვიან ვბრუნდები სახლში და კიდევ უფრო გვიანობამდე  ვმუშაობ, ზოგჯერ - გათენებამდე.  ბიძაჩემი - მწერალი ლევან გოთუა გადასახლების უსასტიკეს პირობებში ღირსეულად ითმენდა კატორღულ ცხოვრებას და მშიერ-მწყურვალი, დაღლილ-დაქანცული, ოთხად მოკეცილი, მალულად კალამ-ქაღალდისა და წიგნების უდიდესი გასაჭირის პირობებში ისტორიულ რომანს - „გმირთა ვარამს“ წერდა, აბა მე რა მეთქმის, სამუშაო პირობები კარგი მაქვს და მეტი მომეთხოვება. საქმე თავისით არ გამოვა, უფლის შემწეობა და პირადი თავგანწირვაა საჭირო. ცხოვრებაც  სულ ია-ვარდით ვერ იქნება მოფენილი. ჩემი სამსახურეობრივი ტვირთი ჩემმა მეუღლემ - თეიმურაზ დოლიძემ და დედამ გაინაწილეს. მეუღლემ, როგორც მათემატიკური განათლების პროგრამისტმა დიდი დახმარება გამიწია დისერტაციების პროგრამული უზრუნველყოფის საქმეში და  ჩემთან ერთად  პირადი აქტიური თანამონაწილეობით  შესაძლებელი გახდა ნათია და გია შავდიებთან ერთად შვეიცარულ-ქართული სამედიცინო ცენტრ „ციტოს“ საფუძველის ჩაყრა (1996 წ) და გამართვა, რაც როგორც მოგეხსენებათ, იმ რთულ დროს უკიდურესად ძნელი საქმე იყო.

 ამ ეტაპს მოჰყვა ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დაარსება (1999 წ), გაფართოება და ასე მუდმივ შრომასა და სწავლაში ვართ მე და ჩვენი ცენტრის თანამშრომლები დღესაც, თუმცა სამწუხაროდ, 4 წლის წინ მოულოდნელად მეუღლე გარდამეცვალა, მეორე წელიწადია დედაც აღარ არის... დარდს რა გამოლევს, მაგრამ არ ვიმჩნევ... ჰოდა მეც ვცდილობ არ ჩამოვრჩე დროს, თვალ-ყურს ვადევნებ მოდას, თანამედროვე ტექნოლოგიებს, ვცხოვრობ ჯანსაღი ცხოვრების წესით და ვინარჩუნებ სპორტულ ფორმას.  ეკლესია მამხნევებს, მახარებენ შვილები, შვილიშვილები, მეგობრები და ახლობლები. მიყვარს ადამიანი და მსიამოვნებს პაციენტის დახმარება, სიახლის ინტერესიც არ მტოვებს... განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ჩემს პროფესიულ სრულყოფაში ჩემს ბიძას, მამას ბიძაშვილს, კლოდ დე კემულარიას. კლოდის მამა - იოსები საქართველოს გასაბჭოებას პროტესტით შეხვდა და ფრანგ მეუღლესთან და სხვა ქართველებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში. მან პარიზში ილამაზ დადეშქელიანთან და ლევან ზურაბიშვილთან ერთად  წმ. ნინოს სახელობის ქართული ეკლესია დაარსა. მან საუცხოო განათლება მისცა მის შვილს- კლოდს.

კლოდ დე კემულარია ამჟამად ცოცხალია. მას 60 წლის განმავლობაში საფრანგეთში ეკავა  სხვადასხვა  საპასუხისმგებლო მაღალი თანამდებობა: იყო ფინანსური კომიტეტის დირექტორი ნაციონალურ ასამბლეაში, საფრანგეთის ფინანსთა მინისტრიმონაკოს პრინცის, რენიეს კაბინეტის თავჯდომარე, რამდენიმე ბანკის,  და ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს წევრი. განსაკუთრებულად დიდია მისი დამსახურება ბანკ PARIBAS წარმატებაში. ჰოლანდიაში საფრანგეთის ელჩობის შემდეგ, ის გახდა საფრანგეთის წარმომადგენელი გაეროში, იყო გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი, ფრანგული მოდის ერთერთი ვარსკვლავის, ფირმა NINA RICCI–ის დირექტორთა საბჭოს წევრი. მნიშვნელოვანმა დიპლომატიურმა კავშირებმა საერთაშორისო მასშტაბით განაპირობა, რომ ჩამოეყალიბებინა „მონაკოს კლუბი“(“Monaco Club”), სადაც გაწევრიანდა მსოფლიოს მრავალი ყოფილი პრეზიდენტი,  პრემიერ მინისტრი და მოქმედი თვალსაჩინო დიპლომატი. ის იყო მონაკოს კლუბის ხმელთაშუა ზღვის საკითხების პოლიტიკური შესწავლის ინსტიტუტის დირექტორი, გაეროს საფრანგეთის ასოციაციისა და საერთაშორისო საბჭოს „“მოძრაობა ევროპისაკენ“  საპატიო წევრი, არის მრავალი ორდენისა და ჯილდოს კავალერი.

ბიძია კლოდის დახმარებით მე გავიარე სტაჟირება პრაქტიკულ ალერგოლოგიასა და იმუნოლოგენეტიკაში პარიზის საუკეთესო კლინიკებსა და სამეცნიერო ცენტრებში, რამაც სერიოზული პოზიტიური კვალი დატოვა ჩემს პროფესიულ ზრდაზე. ამას გარდა თვით კლოდ დე კემულარიასთან წლების მანძილზე  ახლო ურთიერთობამ უაღრესად ბევრი მასწავლა  ზნეობრივი ცხოვრების, ემიგრანტის მიერ სამშობლოსა და ოჯახური ტრადიციების დაფასებისა  და გაუნელებელი სიყვარულის შესახებ, დამაახლოვა  საფრანგეთის მდიდარ კულტურასა და ელიტარულ ცხოვრებას. ნატიფი კულტურისა და მაღალიტელექტუალური გარემო  სერიოზული სტიმული იყო ჩემი პიროვნული ჩამოყალიბებისათვის. 

ქალბატონო მაია, თქვენ მსოფლიოს მრავალი საუკეთესო კლინიკა გინახავთ, ურთიერთობთ მაღალპროფესიულ კადრებთან, საინტერესოა, როგორი კრიტერიუმებით არჩევთ კადრებს?

გულწრფელად  გეტყვით,  საქართველოში ახალგაზრდა სამედიცინო პროფესიული კადრების შერჩევა ჯერჯერობით რთულია. რა თქმა უნდა საქართველოს ჰყავს ნიჭიერი და მშრომელი ახალგაზრდობა, მაგრამ ბევრი უცხოეთში  მიდის სასწავლებლად და უკან ვერ ბრუნდება შესაფერისი სამსახურის შოვნის შიშის გამო. ჩემი მიზანია ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი მუდმივად დარჩეს დასავლური ტიპის კონკურენტუნარიან სამედიცინო დაწესებულებად, რომელშიც მუშაობა იქნება პრესტიჟულიც და შრომისა და ცოდნის მიხედვით  - ფინანსურად ანაზღაურებადი. ეს მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ტექნოლოგია იქნება საერთაშორისო სტანდარტებს მორგებული და კადრები - მუდმივად პროფესიულად მზარდი.  ამიტომაც ჩვენი ცენტრის განსაკუთრებული ზრუნვა მიმართულია ჩვენი იმუნოლოგიური ლაბორატორიის სრულყოფისკენ, რასაც წარმატებით უძღვება ბიოლოგიის დოქტორი თამარ აბრამიძე. მას  გავლილი აქვს სხვადასხვა ფუნდამენტური  სტაჟირება ევროპისა და ამერიკის წამყვან ლაბორატორიებში, ის ხელმძღვანელობს ცენტის სამეცნიერო ნაწილს და მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში.  ლაბორატორიის პროფესიონალურად დახვეწილი კადრები ახორციელებენ ლაბორატორიის საქმიანობის შიდა და გარე ხარისხის კონტროლის პერმანენტულ უზრუნველყოფას.

ჩვენ ცენტრში მედდებისა და დამხმარე პერსონალის გარდა 10 ალერგოლოგი მუშაობს, სავალდებულოა კარგი პროფესიული სამედიცინო განათლება, მუდმივი სტაჟირება, უცხო ენებისა და  თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების საფუძვლიანი ცოდნა, კარგი საკომუნიკაციო უნარი... მე ვარ ასაკით ყველაზე უფროსი, ყველა ახალგაზრდა თანამშრომელი ალერგოლოგად ჩამოყალიბდა ჩემი უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ და ამჟამად დამოუკიდებლად საქმიანობს. რთული პაციენტის მდგომარების განსახილველად ჩვენს ცენტრში ვიწვევთ გაფართოებულ კონსილიუმს და  ყველა ექიმს აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება. მიხარია, რომ გვყავს განათლებაზე ორიენტირებული, დაფიქრებული ექიმები, რომლებიც მუდმივად კითხულობენ და მათთან ერთად მეც  ვიზრდები. ჩვენ ცენტრში მომუშავე პერსონალს აქვს წვდომა ფასიან პროფესიულ საიტებზე, რაც სერიოზული დახმარებაა პროფესიული ზრდისთვის. მე ძალიან ვამაყობ ჩემი აღზრდილებით. ჩვენი ექიმები გაწევრიანებულია ევროპის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიაში (EAACI) და რეგულარულად მონაწილეობას იღებენ მისი ყოველწლიური კონგრესების მუშაობაში. ჩვენი ცენტრის ორი სამეცნიერო ნაშრომი დაჯილდოვებულია ევროპის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის პრიზით. მარტო წელს გამოქვეყნდა ჩვენი დაწესებულების  6 სტატია საერთაშორისო მნიშვნელობის სერიოზულ ჟურნალებში.

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი-ალერგოლოგი მედიცინის დოქტორი მაია რუხაძე არჩეულია  ევროპის აკადემიის ალერგოლოგიისა  და  კლინიკური იმუნოლოგიის (EAACI), ალერგიის, ასთმისა და სპორტის სექციის ბორდის წევრად, EAACI- ის მიერ ის  ორჯერ დელეგირებული იყო ბრიუსელში,  ევროპარლამენტში ევროკავშირის სიმპოზიუმზე ალერგიის მართვისა და პრევენციის საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენი ცენტრის ახალგაზრდა ექიმი - ნინო ლომიძე არჩეულია, EAACI-ის იუნიორთა საბჭოში პირველადი ჯანდაცვის სექციის ბორდის წევრად და აქტიურად არის ჩართული იუნიორთა  პროფესიულ საერთაშორისო საქმიანობაში. პარალელურად  ის ასრულებს  სადისერტაციო ნაშრომს კვებითი ალერგიის თანამედროვე პრობლემებზე. ჩვენი ცენტრის ერთადერთი მამაკაცი ალერგოლოგი - ბიძინა კულუმბეგოვი მიუხედავად პაციენტებით დიდი დატვირთულობისა, ახერხებს შეითავსოს ტელეკომპანია იმედის სამედიცინო გადაცემის ტელეწამყვანობა და სამართლიანად საყოველთაო სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობს.  ელენე კაკაბაძე მიუხედავად ოჯახური დატვირთვისა (მას ჰყავს სამი შვილი) ახერხებს ალერგიის ცენტრის ბათუმის ფილიალის მეურვეობას და რეგულარულად პაციენტებს  იღებს ბათუმში. არც ტყუპი მცირეწლოვანი ვაჟების დედა, ნინო მჭედლიშვილი პასიურობს, პაციენტების გარდა, სამეცნიერო სფეროში აქტიურობს და მოპოვებული გრანტებით საერთაშორისო კონგრესების მუშაობაში მონაწილეობას იღებს. ცენტრის ავლაბრის ფილიალის წამყვანი ექიმი - ნანა მგალობლიშვილი ასევე ასრულებს  სადისერტაციო ნაშრომს ბრონქული ასთმის მართვის უახლესი შესაძლებლობების შესახებ. სიტყვა გამიგრძელდა, ყველა თანამშრომელი, ექიმები (მადონა დევიძე, ქეთევან კვარაცხელია და სხვ.), თუ მედდები ცენტრის საიმედო დასაყრდენია,  თავისებურად უნიკალური და პროფესიულად მზარდი. ჩვენ ვცდილობთ, რომ ხელი შევუწყოთ თანამშრომლებს დაექიმებს გვიხარია ჩვენი საერთო წარმატება.

მუდმივად ვეძებ  ახალ აღსაზრდელ კადრებს, ნიჭიერ, მომავალზე ორიენტირებულ ახალგაზრდებს, ამიტომაც აქტიურად ვთანამშრომლობთ სამედიცინო უნივერსიტეტებთან. ალერგიის და იმუნოლოგიის ცენტრი არის დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო ბაზა.

ცნობილია თქვენი დამსახურება ქართული ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის სკოლის განვითარების საქმეში, რა შეგიძლიათ თქვათ ქართული ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის მომავლის შესახებ.

გახსოვთ ალბათ, გოტფრიდ ლეიბნიცის სიტყვები: „აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა“. ამიტომაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მასწავლებლებისგან გადმოცემული ტრადიციის მიღწეულით განმტკიცება და  შემდგომი წინსვლა.

ცენტრის მომავლის განვითარების კონცეფციაა: „განათლება, თანამშრომლობა, პროფესიონალიზმი“. თავისი არსებობის 17 წლის მანძილზე ალერგიის და იმუნოლოგიის ცენტრი დგას დარგის განვითარების ავანგარდში და უზრუნველყოფს პროფესიონალურ პრაქტიკულ საქმიანობას და ამავდროულად ნაციონალური და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას საქართველოს, ამიერკავკასიისა და საერთაშორისო მასშტაბით.

ამიერკავკასიის რეგიონში პირველმა, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრმა, 2000 წლიდან მოახდინა მსოფლიო ბაზარზე არსებული ალერგიის დიაგნოსტიკისა და სამკურნალო ლიდერი კომპანიების ტექნოლოგიების დანერგვა და უახლესი ამერიკული და ევროპული სტანდარტების შესაბამისი კლინიკური საქმიანობის განხორციელება.  ცენტრის მომავალი პრაქტიკული და საგანმანათლებლო აქტივობაც  სწორედ იმ  ინოვაციების გამოყენებას ემყარება, რომლებიც  ალერგოლოგიური და იმუნოლოგიური პროფილის სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მსოფლიო ლიდერული კომპანიების  მიერ არის მოწოდებული . განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ალერგიული პაციენტებისათვის ასთმისა და ალერგიის საგანმანათლებლო სკოლის აქტივობის გაზრდას და მოსახლეობისათვის საგანმანათლებლო, სატელევიზიო და რადიო გადაცემების ორგანიზებას.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge