Powered by Jasper Roberts - Blog

13:55 20.03.2017
„რუსთავი-2“ უკანასკნელი ბასტიონია"-რომან გოცირიძე

ოლღა ალენოვა ესაუბრება რომან გოცირიძეს. იგი ამბობს, რომ „რუსთავი-2“-ის ამბებში ბიძინა ივანიშვილია ჩარეული, რომელსაც არ სურს ოპოზიციური ტელარხის არსებობა. მისი თქმით, დღეს საქართველოში საფრთხე ექმნება თავისუფალ სიტყვას. ხელისუფლებამ ყველა ტელეკომპანია ხელში ჩაიგდო - გაერთიანდა „იმედი“, მაესტრო“ და „ჯი-დი-ესი“, საბიუჯეტო „საზმაუ“ კი საკმაოდ დიდი ხნით წყვეტს მაუწყებლობას, რაც დაუშვებელია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოების წინ. „რუსთავი-2“ უკანასკნელი ბასტიონია. თუ ხელისუფლება ამ ტელეარხსაც ხელში ჩაიგდებს, საქართველოს ევროპის გზაზე სერიოზული პრობლემები გაუჩნდება. ამას ევროპელი დამკვირვებლებიც აცხადებენ“, - ამბობს რომან გოცირიძე. ავტორი პარალელურად სერგი კაპანაძესაც ესაუბრება (საგარეო საქმეთა მინისტრის ექს-მოადგილეს), რომლის თქმით, „ხელისუფლება აკონტროლებს მედიასივრცეს, პარლამენტს... ახლა კი „მეოცნებეებს“ კონსტიტუციის შეცვლაც სურთ. მათ უნდათ, რომ პრეზიდენტს ხალხი კი არ ირჩევდეს, არამედ მათ მიერ კონტროლირებული პარლამენტი, ანუ ისე, როგორც ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს სურს“.


 

რომან გოცირიძე მკაცრად აკრიტიკებს ბიძინა ივანიშვილისეული მმართველობის წესს, „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულ საშინაო და საგარეო პოლიტიკას. იგი აღნიშნავს, რომ ოლიგაქრმა მოსახლეობისთვის მიცემული სიტყვა არ შეუსრულა, სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია სულ უფრო უარესდება (სტატიაში ჩამოთვლილია საარჩევნო დაპირებები, რომლებიც არ შესრულებულა). რომან გოცირიძე დარწმუნებულია, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის წყალობით გაიყო „ნაცმოძრაობა“ ორ ნაწილად: „ქართული ოცნებისადმი“ წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ „ნაციონალებს“ შეუძლიათ, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ოლიგარქს არ აწყობს ძლიერი ოპოზიციური პარტიის არსებობა. რომან გოცირიძე დადებითად აფასებს მიხეილ სააკაშვილის საქმიანობას პრეზიდენტის პოსტზე და პარტიის ხელმძღვანელად ყოფნის პერიოდში. იგი აღნიშნავს მის დამსახურებას რეფორმების გატარების საკითხში, პატრულის შექმნაში, კორუფციასთან ბრძოლაში, ეკონომიკის განვითარებასა და სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდაში (ავტორი ხაზს უსვამს, რომ რომან გოცირიძე მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ეროვნულ ბანკს ხელმძღვანელობდა, დღეს კი პარლამენტში საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა. შეიძლება ითქვას, რომ იგი კომპეტენტური პოროვნებააო).

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge