Powered by Jasper Roberts - Blog

14:43 20.03.2017
"აშკარაა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ძლიერია საბჭოური ტრადიციები, როცა კანონებს ხალხის გასაკონტროლებლად ღებულობდნენ"-უილიამ ლაჰიუ

ოლღა ალენოვა ესაუბრება აგრეთვე ევროინტეგრაციის საქმეთა სახელმწიფო მინისტრს ვიქტორ დოლიძეს და საგარეო საქმეთა ექს-მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს. პირველი ხაზს უსვამს საქართველოს წარმატებებს („ევროპული ოჯახის წევრი ვხდებით, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, იზრდება საინვესტიციო მიზიდულობა, პერსპექტივაშია „აბრეშუმის დიდი გზის“ პროექტში ჩართვა...), მეორეს თქმით კი, საქართველოს, ფაქტიურად, საგარეო პოლიტიკა არ აქვს.


ავტორი ეხება საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს. იგი აღნიშნავს, რომ ამ საკითხში მმართველ პარტიასა და ოპოზიციას სხვადასხვა შეხედულებები აქვთ. ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ „დიდ ძმას“ [რუსეთს] საქართველოს პოლიტიკურ ორიენტაციაზე არანაირი გავლენა არ აქვს, საქართველო მტკიცედ დგას ევროინტეგრაციის გზაზე“, რომან გოცირიძე კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება პრორუსულ პოლიტიკას ატარებს. „ოპოზიციას იმის დამტკიცება, რომ ივანიშვილი რუსეთის ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული, არ შეუძლია. აშკარაა, რომ მთავრობა რუსეთთან მიმართებით თავშეკავებულია, თუმცა მოსკოვს თითქმის არ აკრიტიკებენ, გარდა აიმისა, რომ საუბარში ხშირად ახსენებენ „ოკუპირებულ ტერიტორიებს“. ერთადერთი არგუმენტი, რომელსაც ოპოზიცია იმოწმებს, ესაა „გაზპრომ“-თან ურთიერთობა“- წერს სტატიის ავტორი და იხსენებს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის მიერ რუსულ კომპანიასთან ხელმოწერილ შეთანხმებას, რომელსაც ოპოზიცია საქართველოსთვის წამგებიანად თვლის.


 

„როცა „რუსთავი-2“-ისა და ქვეყანაში შექმნილ ვითარების შესახებ ხელისუფლებისა და ოპოზიციის თვალსაზრისი გავიგე, მე საქართველოში ნატოს წარმომადგენლობაში წავედი, რათა გამეგო, როგორ აფასებენ აქ მიმდინარე მოვლენებს დასავლელი დამკვირვებლები. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ ამბობს, რომ საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდება, მაგრამ ამ გადაწყვეტილების მიღება დღეს დამოკიდებულია ალიანსის თითოეულ წევრი ქვეყნის პოზიციაზე. კონსენსუსი ამ საკითხში ჯერ-ჯერობით მიღწეული არ არის, ამიტომაც ნატო საქართველოს ამ ეტაპზე რეფორმების გატარებასა და თანამშრომლობის გაგრძელებას სთავაზობს“, - წერს პუბლიკაციის ავტორი და მკითხველს აცნობს საქართველოსა და ნატოს თანამშრმლობის ამსახველ ფაქტებს (ავღანეთში, სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა, კრწანისში ერთობლივი წრთვნების ცენტრის დაარსება და ა.შ.).


„ნატოს წარმომადგენელი არ იზიარებს ქართული ოპოზიციის ნეგატივიზმს: მისი აზრით, საქართველოში რეფორმები სრულიად ეფექტურად ხორციელდება, ხოლო ის ფაქტი, რომ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცსამსახური გამოეყო, ხოლო იუსტიციის სამინისტროს - პროკურატურა, ხელს უწყობს დემოკრატიის პროცესს. უილიამ ლაჰიუს თქმით, პოლიტიკური ცხოვრება საქართველოში უფრო ლიბერალური გახდა, დღეს ხელისუფლების კრიტიკა ყველა მოქალაქეს შეუძლია. „რეფორმები ხორციელდება. ნელა, მაგრამ მაინც. ამჟამად კონსტიტუციის ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს, რომელმაც პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის დამოკიდებულება უნდა დაარეგულიროს. რაც შეეხება პრობლემებს... არსებობს პრობლემა სახელმწიფო საიდუმლოების სფეროში: ბევრი სფერო ისევ დახურულია, აუცილებელია მეტი გამჭვირვალობა. ეს ეხება მასმედიასთან დამოკიდებულებასაც, სახელმწიფოსა და მოქალაქის ურთიერთობას. აშკარაა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ძლიერია საბჭოური ტრადიციები, როცა კანონებს ხალხის გასაკონტროლებლად ღებულობდნენ. ამ ყველაფრის შეცვლას დრო ჭირდება“, - ამბობს უილიამ ლაჰიუ. იგი დღევანდელ მთავრობას ხუთი წლის წინანდელს ადარებს და ხაზს უსვამს, რომ დღეს სიტყვის თავისუფლების დონე უფრო უკეთესია, „თუ მხედველობაში არ მივიღებთ „რუსთავი-2“-თან დაკავშირებულ მოვლენებს“.

 

და „რუსთავი-2“-თან დაკავშირებით რას იტყოდით? - ვეკითხები.


"ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ამ საქმეს, მაგრამ ჩვენს ფუნქციებში არ შედის რჩევები მივცეთ საქართველოს ხელისუფლებას იურიდიული საკითხების გადაჭრის დროს. ამ სფეროში გადაწყვეტილებებს თვითონ სუვერენული სახელმწიფოები ღებულობენ. თუმცა, რასაკვირველია, ნატოს ცალკეულ წევრებს შეუძლიათ თავიანთი აზრი ჰქონდეთ ამ საკითხთან მიმართებით და ოფიციალურ თბილისს რჩევები მისცეს, მათ შორის ევროკავშირსაც“, - ამბობს უილიამ ლაჰიუ ჩემტან საუბარში“, - წერს ავტორი.


ვრცელი პუბლიკაციის დასასრულს ოლღა ალენოვა მკითხველს აცნობს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი-2“-თან დაკავშირებით (რომლის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება გაურკვეველი ვადით შეჩერდა - ტელეკომპანიის ქიბარ ხალვაშის მფლობელობაში დაბრუნების თაობაზე). „ევროპამ ჩვენი დემოკრატია გადაარჩინა“, - ეს სიტყვები ნიკა გვარამიას ეკუთვნის, რომლის ციტირებას ავტორი ახდენს. „საქართველოს ხელისუფლებისთვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება გასაოცარი აღმოჩნდა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სასწრაფოდ გაემგზავრა სტრასბურგში [სიტუაციის გასაგებად], პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ კი ყველაფერი „რუსთავი-2“-ს დააბრალა - ტელეარხი სახელმწიფოს უპირისპირდებაო და აღნიშნა, რომ  ყველაფერი უნდა გაკეთდეს საქართველოს სახელმწიფოს ინსტიტუტების პრესტიჟის დაცვისათვის: „დარწმუნებული ვარ, რომ ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული საქართველო გამოვა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. სამაგიეროდ,  პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელსაც ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილთან და მისი პარტიის მთავრობასთან კონფრონტაცია აქვს (ზოგჯერ მეტად და ზოგჯერ ნაკლებად, მაგრამ  მაინც), აშკარად მხარი დაუჭირა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge