Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

14:23 01.04.2017
„ლოლუა, ჯინჯოლია, ბებია, გუნია, პერტაია - აფხაზეთის პარლამენტში ქართველები აირჩიეს“

აფხაზეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სომხური მედია საყოველთაო სიხარულმა მოიცვა. სპუტნიკ-არმენია დიდი სიხარულით იუწყება, რომ ადგილობრივ პარლამენტში სომხური საზოგადოების სამი წარმომადგენელი - ლევონ გალუსტიანი, აშოტ მინასიანი და ლევონ დაშიანი მოხვდა. სომხური მედიის ცნობით, ეს სამეული ისტორიულ სამშობლოსთან, ანუ სომხეთთან მჭიდრო კავშირის დამყარებას აპირებს.


ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს თუ გავითვალისწინებთ, სომეხ კანდიდატებს პარლამენტში მოხვედრის ძალიან მცირე შანსი ჰქონდათ. აფხაზეთში საკმაოდ გაიზარდა ანტისომხური განწყობა და აფხაზები მათ მიმართ ხშირად იჩენენ აგრესიას. აფხაზების აგრესიას ის ფაქტიც იწვევს, რომ ეთნიკური სომხების რაოდენობამ ეთნიკური აფხაზების რაოდენობას გადააჭარბა. ოფიციალური მონაცემებით, აფხაზეთში 42.000 სომეხი ცხოვრობს. აფხაზები ამბობენ, რომ ეს ციფრი რეალურზე ორჯერ ნაკლებია.


სომხების მიმართ აფხაზებს იმის გამოც აქვთ აგრესია, რომ ადგილობრივ ბიზნესს ძირითადად ისინი დაეპატრონნენ. სამი სომეხი კანდიდატის გამარჯვება საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრს, ვან ბაიბურთს ძალიან უხარია. მისი თქმით, აფხაზეთში ანტისომხური განწყობის გარდა, ანტირუსული განწყობაც გაზრდილია. რამ განაპირობა აფხაზების ასეთი სახეცვლილება და როგორ ცხოვრობენ ადამიანები ოკუპირებულ რეგიონში? ამაზე ვან ბაიბურთი ახალ თაობას ესაუბრება.


ვან ბაიბურთი:

- რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, სამივე სომეხი კანდიდატი, რომლებმაც არჩევნები მოიგეს, ალექსანდრე ანქვაბის მომხრეები არიან. ამ არჩევნებში მონაწილეობდა ყოფილი დეპუტატი ტრაპიზონიანიც, რომელმაც ხალხის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ეს ადამიანი აფხაზეთის ლიდერის ხაჯიმბას მხარდამჭერი და ღია ფანია. ეს ფაქტი, მგონი, რაღაცებზე მეტყველებს.

- რაზე მეტყველებს? რაულ ხაჯიმბას რომ სომხები არ უყვარს, ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია...

- ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ რაულ ხაჯიმბა არც სომხებს უყვარს და მათ ის კანდიდატიც კი დაიწუნეს, რომელიც პრეზიდენტის მხარდამჭერი იყო. ამ კანდიდატების გამარჯვება მიუთითებს იმაზე, რომ აფხაზეთში ამომრჩეველი გაიზარდა და ზომიერ ხალხს ირჩევენ პარლამენტში. აფხაზეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები მართალია არალეგიტიმურია, მაგრამ ის საბოლოო ჯამში საქართველოსთვის კარგის მომტანი იქნება. იგივე ეს სამი სომეხი დეპუტატი უფრო საქართველოსკენ არის.

- რას ნიშნავს უფრო საქართველოსკენ არის?

- იმას, რომ უფრო საქართველოსკენ არის, ვიდრე პირიქით. საერთოდ აფხაზეთში მცხოვრები სომხები ქართველების მიმართ დადებითად არიან განწყობილი.

- ეს დადებითი განწყობა რაში გამოიხატება?

- ისინი ხშირად ჩამოდიან თბილისში.

- რატომ ჩამოდიან?

- ზოგი ნათესავებთან ჩამოდის, ზოგიც სამკურნალოდ.

- თქვენ შეხვდით ამ ადამიანებს?

- შევხვდი.

- რას ყვებიან აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე? მართალია, რომ აფხაზები მათ ავიწროვებენ?

- მე რამდენადაც ვიცი, აფხაზეთში სომხები კარგ მდგომარეობაში არ არიან. არ ვიცი, დაარქმევთ თუ არა ამას შევიწროვებას.

- მაინც რა პრობლემები ექმნებათ?

- ომამდე აფხაზეთის ტერიტორიაზე სომხები ბლომად ცხოვრობდნენ. მრავლად იყო სომხური სკოლებიც. ახლა ამ სკოლების რაოდენობა განახევრდა. ერთ-ერთი ცნობილი სომხური სკოლა იყო გაგრაში. მე არაერთხელ ვარ ნამყოფი ამ დაწესებულებაში. ადრე იქ 1.800 ბავშვი სწავლობდა. ახლა, როგორც მითხრეს, იქ სულ რაღაც 350 მოსწავლე სწავლობს.

- ბიზნესში რა ხდება? როგორც ამბობენ, აფხაზები სომხებზე იმიტომ განაწყენდნენ, რომ მთელ ბიზნესს ისინი არიან დაპატრონებული...

- ამის შესახებ არაერთი მასალა წამიკითხავს ქართულ პრესაში. იქიდან ჩამოსული სომხები სულ სხვა რამეებს ყვებიან.

- მაინც რას ყვებიან?

- იმას, რომ დიდად არც ბიზნესში არიან გახარებული.

- გინდათ თქვათ, რომ აფხაზეთში ეთნიკურ სომხებს ავიწროვებენ?

- მარტო სომხებს არა, აფხაზეთში ყველას ავიწროვებენ.

- მათ შორის რუსებსაც?

- მათ შორის რუსებსაც.

- ეს ცოტა ძნელი დასაჯერებელია...

- ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ეს არის რეალობა.

- რუსების შევიწროვება რაში გამოიხატება?

- ბევრ რამეში, მათ შორის ახლახან ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებში. ამის გამო რუსეთის დუმის წევრი კონსტანტინე ზატულინი ღიად დაემუქრა აფხაზებს. სოხუმში ყოფნისას სულ თითები უქნია. ზატულინი სოხუმში დამკვირვებლად იყო ჩასული. არჩევნების შედეგით უკმაყოფილო დარჩა. ამის შესახებ აფხაზებსაც ესაუბრა და ერთ-ერთ ინტერვიუში ძალიან მკვახედ ილაპარაკა.

- კონკრეტულად რითი იყო კონსტანტინე ზატულინი უკმაყოფილო?

- იმით, რომ აფხაზეთის პარლამენტში არც ერთი რუსი ეროვნების დეპუტატი არ აირჩიეს. კონსტანტინე ზატულინი ამბობდა, ამდენი წელია, აფხაზებს ვეხმარებით და რუსი როგორ არ აირჩიესო.

- აფხაზეთში რუსები მრავლად ცხოვრობენ?

- ცოტანი არ არიან. ომამდე აფხაზეთის ტერიტორიაზე 60.000-მდე ეთნიკური რუსი ცხოვრობდა. ბოლო აღწერის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აფხაზეთში 20.000-მდე რუსი ცხოვრობს. აქედან გამომდინარე, ერთი რუსი დეპუტატი ხომ მაინც უნდა აერჩიათ. სამაგიეროდ, აირჩიეს ქართველები.

- ვინ ქართველები აირჩიეს?

- ახლავე წაგიკითხავთ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატების გვარებს. ესენი არიან: ლოლუა, ჯინჯოლია, ბებია, გუნია, პერტაია.

- თქვენ გგონიათ, რომ ისინი ქართველები არიან?

- რა თქმა უნდა, ქართველები არიან.

- მეეჭვება, თავადაც ქართველებად თვლიდნენ თავს...

- ეს მხოლოდ დროის საკითხია. როცა ყველაფერი დალაგდება, როცა საქართველო დაკარგულ ტერიტორიებს დაიბრუნებს, ჩემ მიერ ჩამოთვლილი ადამიანები დიდი სიამაყით იტყვიან, რომ ისინი ქართველები არიან.

- ამაში დარწმუნებული ხართ?

- ჩვენ ისეთ ქვეყანას ვაშენებთ, რომ ეს ადამიანები თავიანთი ქართული წარმომავლობით აუცილებლად იამაყებენ.

- მოდით, ისევ აფხაზების ანტისომხურ და ანტირუსულ განწყობას დავუბრუნდეთ, რაზე მიანიშნებს ეს ყველაფერი?

- რაღაცის ნიშანი ნამდვილად არის, მაგრამ მიჭირს იმის თქმა, კონკრეტულად რა უნდათ აფხაზებს. ეს ანტირუსული განწყობა ძალიან დამაფიქრებელია. აფხაზეთის მოსახლეობის 90% რუსულ ენაზე საუბრობს. ამავე ენაზე საუბრობენ პარლამენტსა და მთავრობაში. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ აქ რუსული სამხედრო ბაზებია და, როგორც თავად ამბობენ, მათ უსაფრთხოებას რუსები იცავენ. მოსახლეობა პენსიებს და ხელფასებს რუსეთის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულით ღებულობს. ამ დროს პარლამენტში ვერც ერთი რუსი ვერ მოხვდა. ჩემი აზრით, ეს რუსეთისთვის ერთგვარი მესიჯია და რაც მალე წაიკითხავენ მას რუსები, მით უკეთესი იქნება ყველასთვის. მე ასე მგონია, რომ აფხაზების მესიჯი ასეთია - კი გვეხმარებით, ძმებო რუსებო, მაგრამ პარლამენტში მაინც ქართული გვარები გვირჩევნია.

- ანუ თქვენ იმ ადამიანებს მაინც ქართველებად მიიჩნევთ?

 

- ეს გვარები ქართულია და ამაზე დავას არავინ დაიწყებს. ისინი შეიძლება ამ ეტაპზე თავს ქართველებად არ თვლიან, მაგრამ ნებისმიერ აფხაზს რომ ჰკითხოთ, გეტყვიან, რომ ისინი ქართველები არიან. აშკარაა, რომ აფხაზების ყურს პარლამენტში ქართული გვარები უფრო ელამუნება, ვიდრე - რუსული. მე პირადად ამ ყველაფერს ასეთ ახსნას ვუძებნი, რომ, ყველაფრის მიუხედავად, აფხაზებისთვის ქართველები უფრო მისაღები არიან, ვიდრე რუსები.

ავტორ(ებ)ი : ,,ახალი თაობა"