Powered by Jasper Roberts - Blog

15:15 20.04.2017
საქართველო სუმოისტთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს

20 აპრილს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სამინისტროში უმასპინძლა ევროპის სუმოს ფედერაციის პრეზიდენტს დარიუშ როზუმს და გენერალურ მდივანს რიხო რანიკმას. შეხვედრას ესწრებოდა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე და საქართველოს სუმოს კავშირის პრეზიდენტი თენგიზ რუხაძე.

 

მხარეებმა ისაუბრებს თბილისში 22-23 აპრილს გასამართ ევროპის ჩემპიონატზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 13 ქვეყნის 290 სპორტსმენი. ევროპირველობა 21/23-წლამდელებში და უფროსებში, ვაჟთა და ქალთა შორის გაიმართება. ევროპის ჩემპიონატი Check in Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება. ასევე, სტუმრებმა მოინახულეს ქართული სპორტის მუზეუმი, სადაც დაცულია ქართველი სუმოისტების მიერ სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე მოპოვებული მედლები და თასები.

ევროპის ჩემპიონატს დიღომში მდებარე ძიუდოს აკადემია (ბელიაშვილის #5) უმასპინძლებს. ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს ჩემპიონ-პრიზიორებს 21 და 23-წლამდელები გამოავლენენ. წინასწარი შეხვედრები დილის 09:00 საათიდან დაიწყება, 14:00 საათზე შედგება ჩემპიონატის ოფიციალური გახსნის ცერემონია, ხოლო 15:00 საათიდან ფინალური ბლოკის შეხვედრები.

 

23 აპრილს  მედლებისთვის უფროსები იბრძოლებენ. ჩემპიონატის დასკვნით დღეს ჩატარდება გუნდური შეჯიბრებაც, რომელიც როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის გაიმართება. წინასწარი შეხვედრები 10:00 საათიდან დაიწყება, 15:30 საათიდან ფინალები, ხოლო 16:00 საათიდან გუნდური შეჯიბრია ჩანიშნული. საქართველო თბილისურ ევროპირველობაზე 14 სპორტსმენით წარდგება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებს, ამ დრომდე მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე მოპოვებული აქვთ სამივე სინჯის 156 მედალი. 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge