Powered by Jasper Roberts - Blog

12:43 21.04.2017
"ოცნება“ არ დაუშვებს რეფერენდუმის ჩატარებას"- გია ხუხაშვილი

"საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის" დამფუძნებელი გია ხუხაშვილი გაზეთ "რეზონანსთან" აცხადებს, რომ რეფერენდუმი და პლებისციტი ძალიან კარგი იდეაა, მაგრამ ამას "ქართული ოცნება" არ დაუშვებს.


კონსტიტუციის დამკვეთი ხალხია და წესით, პოლიტიკური ელიტა, როგორც ხალხის მსახური, ამ დაკვეთებს უნდა ასრულებდეს. ხელისუფლება კი ჯიუტად ცდილობს, რომ ამის საპირისპიროდ მოიქცეს. ბუნებრივია, პლებისციტის ან რეფერენდუმის ინიცირებაც ხელისუფლების მხრიდან უნდა მოხდეს და ისინი ამას არ დაუშვებენ, რადგან მშვენივრად იციან როგორი განწყობებია საზოგადოებაში. ისინი კი ამბობენ, რომ არ ენდობიან კვლევებს, მაგრამ კვლევა შეიძლება მახინჯდებოდეს 5-7%-ით, ხოლო როდესაც 92% გეუბნება, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა იყოს არჩეული, შენ კი ჯიუტად მაინც შენსას იძახი, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებასთან კომუნიკაციაში დაინტერესებული არ ხარ, ხალხის აზრი არ გაინტერესებს. შესაბამისად, როცა ამბობენ, ჩვენ ჩვენი აზრები ხომ ვთქვით და ახლა სახალხო განხილვებს ვიწყებთო, ბუნებრივია ჩვენ ამაში ეჭვი შეგვეპარება, რომ ისინი არანაირ სახალხო განხილვებს არ აპირებენ. იმიტომ, რომ ხალხის განწყობა უკვე დაფიქსირებულია და ეს ხელისუფლებაში მშვენივრად იციან", - ამბობს გია ხუხაშვილი.


პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება შეეცდება ვითომ საერთო-სახალხო განხილვა დაიწყოს, შეკრიბოს თავისი აქტივისტები დარბაზებში და "იაფფასიანი სპექტაკლები გვაჩვენონ".

 

ოპოზიციას ბევრჯერ დაუქადნია და არ გაუკეთებია. თან, ვთვლი რომ ოპოზიციას პოლიტიკურად ხელს აძლევს კიდეც ხელისუფლებამ რაც შეიძლება მახინჯი კონსტიტუცია დადოს. ეს ოპოზიციას პოლიტიკური პროცესის გამწვავების, კრიზისის შექმნის გარკვეულ პერსპექტივას შეუქმნის. პოლიტიკური ტაქტიკის თვალსაზრისით, რაც უფრო მეტ შეცდომებს დაუშვებს ხელისუფება დღეს, ნახევრად ცოცხალი ოპოზიციისთვის ის უკეთესია, მისთვის ეს გაცოცხლების შანსია. ხელისუფლების საზოგადოებასთან დაპირისპირება ოპოზიციას აძლევს ხელს. სხვა საკითხია, მოახერხებენ ამა თუ არა ტემპერატურის აწევას. საბოლოო ჯამში, როდესაც ხელისუფლება უპირისპირდება არა მხოლოდ პოლიტიკურ ელიტას, არამედ ხალხის განწყობას, ბუნებრივია ეს ცეცხლთან თამაშია", - აცხადებს გია ხუხაშვილი

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge