Powered by Jasper Roberts - Blog

12:34 21.04.2017
"უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობა მოსამართლის დაპატიმრებაზე, საბჭოური გამოვლინებაა"

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ვახტანგ თორდია ინტერვიუში კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე საუბრობს.


"ამჟამად დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია პრეზიდენტის არჩევის საკითხმა: საერთო-სახალხო არჩევნებით უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტი თუ ირიბი გზით. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე სწორი იქნება, ამ საკითხზე მსჯელობის დროს ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, თუ რა სახის სახელმწიფო გვექნება: საპარლამენტო რესპუბლიკა, ნახევრად საპრეზიდენტო თუ საპრეზიდენტო. ჯერ კიდევ 2010 წლის ცვლილებებით ჩვენი ქვეყანა საპარლამენტო მოდელისკენ გადაიხარა. კონსტიტუციის ახალ პროექტში გამოსახული ტენდენციები საპარლამენტო რესპუბლიკის ნიშნებს ატარებს, რაც, საბოლოო ჯამში, გამოისახა კიდეც პრეზიდენტის უფლებამოსილების, მისი ფუნქციების შეკვეცით. მაგალითად, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს წარადგენს არა საქართველოს პრეზიდენტი, არამედ იუსტიციის უმაღლესი საბჭო"

 

თორდიას თქმით, მას შემდეგ, რაც დავინახავთ, თუ რა ფუნქციები გააჩნია პრეზიდენტს, ადამიანები მიხვდებიან, რომ ამ უფლებამოსილების მატარებელი პრეზიდენტი ირიბი გზით უნდა აირჩეს და არა - საერთო-სახალხო არჩევნებით. ანალოგიურად არის თითქმის ყველა საპარლამენტო რესპუბლიკაში, თუნდაც გერმანიის მაგალითის აღება სეიძლება.

 

მისივე აზრით, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა მართლმსაჯულების ფუძემდებლური პრინციპია. სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვის პრინციპი არის ერთ-ერთი მთავარი გარანტია იმისა, რომ სასამართლო ხელისუფლებამ ჯეროვნად განახორციელოს საკუთარი მისია და საზოგადოების ნდობა და პატივისცემა დაიმსახუროსსასამართლოს დამოუკიდებლობა, ინსტიტუციურ დამოუკიდებლობასთან ერთად, აუცილებლად გულისხმობს მოსამართლის ინდივიდუალურ დამოუკიდებლობასაც, მისი სამართლებრივი დაცვის მაღალი სტანდარტის არსებობას. ამ კონტექსტში დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანესი და საკვანძო კომპონენტებია: მოსამართლეთა იმუნიტეტი და მათი თანამდებობიდან გათავისუფლების წესებირაც შეეხება მოსამართლის იმუნიტეტს, აუცილებელია, ამ საკითხის გადაწყვეტა ხდებოდეს თავად სასამართლო ხელისუფლებაში არსებული კოლეგიური ინსტიტუტის და არა ინდივიდუალურად რომელიმე თანამდებობის პირის მიერ. 

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ფიქრობს, რომ  დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აძლევს თანხმობას მოსამართლის დაპატიმრებაზე, რაც გარკვეულწილად შეიძლება შეფასდეს, როგორც საბჭოური გამოვლინება. შესაბამისად, მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაკავების ან დაპატიმრების, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი ჩხრეკის საკითხის გადაწყვეტა მიზანშეწონილია მოხდეს სასამართლო სისტემის დამოუკიდებელი და კოლეგიური კონსტიტუციური ორგანოს - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობით.


"საკითხის გადაწყვეტაში სასამართლო სისტემის დამოუკიდებელი ინსტიტუტის, კოლეგიური ორგანოს ჩართულობა განამტკიცებს როგორც მოსამართლის დამოუკიდებლობისა და დაცულობის ხარისხს, ასევე საზოგადოებაში აამაღლებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ლეგიტიმაციისა და სანდოობის ხარისხსაც და  ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია"-აცხადებს თორდია. 

 


ავტორ(ებ)ი : geotimes.ge