Powered by Jasper Roberts - Blog

13:08 21.04.2017
" პრეზიდენტსა და დანარჩენ ხელისუფლებას ქართული ზღაპრის ორ პერსონაჟს სულდისა და ბულდის ვადარებ"

რატომ აღარ არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა აქტუალური, რას ნიშნავს ლავროვის ვიზიტი სოხუმში, რას ამბობენ სომხეთში აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაზე, რის ჩაწერას აპირებდა ქართული ოცნება კონსტიტუციაში? - ამ თემებზე  ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე საუბრობს.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩასვლა აფხაზეთში საქართველოს ხელისუფლებამ მოკრძალებულად გააპროტესტა. ბარამიძის თქმით, ეს ვიზიტი წინა ვიზიტებისგან მკვეთრად განსხვავდებოდა. სერგეი ლავროვმა აფხაზეთში რუსეთის საელჩო გახსნა, რაც ოკუპაციაზე ბეჭდის ხელმეორე დასმაა. ლავროვის წასვლა-წამოსვლაზე ბევრად უარესია ის, რომ დღევანდელ ხელისუფლებას სამაჩაბლო, კოდორი, აფხაზეთი აღარ ახსოვს. მათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც აღარ სტკივათ და იმაზე ფიქრობენ, როგორ გაიხანგრძლივონ ტკბილი არსებობა ხელისუფლებაში.


"დეპუტატი თვლის, რომ სერგეი ლავროვი სოხუმში ჩამოსვლას რომ აპირებდა, ეს დაახლოებით ერთი წლის წინ იყო ცნობილი. საქართველოს ხელისუფლებას ამაზე ერთი წლით ადრე უნდა აეტეხა განგაში. ძალიან ცუდია, რომ ხელისუფლებას იმის გეგმაც კი არა აქვს, თუ როგორ უნდა დაიწყოს მუშაობა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე. არც ის იციან, ამაზე პირდაპირ რუსეთს უნდა ელაპარაკონ თუ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს სთხოვონ დახმარება. ამათ რომ ჰკითხო, დასავლეთში ბევრი მეგობარი ჰყავთ, მაგრამ არც ისინი აქტიურობენ დიდად, მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლებიან. არადა, აქტიური ქმედებებია საჭირო". 


ბარამიძის აზრით, აქტიური ქმედებები ჩვენს პოლიტიკოსებს რატომღაც ტანკების დაქოქვა ჰგონიათ. ხელისუფლებამ დასავლელ მეგობრებს უნდა სთხოვოს, რომ მათმა მთავრობებმა რუსეთთან მოლაპარაკებების დროს საქართველოს საკითხიც დააყენონ. ამის ნაცვლად გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი და ამაყად განაცხადა, თავშეკავების სტრატეგიის პოლიტიკა გვაქვსო.

 

"ეს არის ანეკდოტი. პრეზიდენტსა და დანარჩენ ხელისუფლებას ქართული ზღაპრის ორ პერსონაჟს სულდისა და ბულდის ვადარებ. ორივე ცნობილი ქოსატყუილა იყო და ერთმანეთს ტყუილების თქმაში ეჯიბრებოდნენ. ასევე იქცევიან პრეზიდენტი და მთავრობა.


მისივე თქმით, სულ ახლახან მოსკოვში იყო ჩასული რექს ტილერსონი. ლავროვთან შეხვედრისას ყველაფერზე ისაუბრა. 7.5 წუთი ისაუბრეს უკრაინაზე. საქართველო კი არც უხსენებიათ. არ მუშაობს საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით და სხვა რატომ შეიწუხებს თავს. ამათ პოსტ ფაქტუმ უყვართ მოქმედება, ამიტომ ერთ ინფორმაციას მივაწვდი და იქნებ წინასწარ დაიჭირონ თადარიგი. მაისში მოსკოვში მოსალაპარაკებლად ჩადის ანგელა მერკელი. ახლა მაინც მოიწვიეთ გერმანიის ელჩი, მასთან ერთად ჩამოწერეთ საკითხები და იქნებ რამენაირად შეატანინოთ მერკელს მოსალაპარაკებელ საკითხთა ნუსხაში საქართველო. ესენი კი საქმის კეთების ნაცვლად ლექციებს კითხულობენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge