Powered by Jasper Roberts - Blog

13:37 21.04.2017
"ესენი ისეთი ვირეშმაკები არიან, ძალიანაც უნდათ ტერიტორიების დაბრუნება, მაგრამ ამის უნარი არ აქვთ"

რატომ აღარ არის ტერიტორიული მთლიანობისაღდგენა აქტუალური, რას ნიშნავს ლავროვის ვიზიტისოხუმში, რას ამბობენ სომხეთში აფხაზეთის გავლითრკინიგზის აღდგენაზე, რის ჩაწერას აპირებდა„ქართული ოცნება“ კონსტიტუციაში? - ამ თემებზე  ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე საუბრობს.

 

"ესენი ისეთი ვირეშმაკები არიან, ძალიანაც უნდათ ტერიტორიების დაბრუნება, მაგრამ ამის უნარი არ აქვთ. არც სხვას ეკითხებიან რჩევას, ამას ლექციების წაკითხვა ურჩევნიათ. მიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი იმაზეც, რომ ამის გაკეთება არც აწყობთ. იმავეს ვიტყვი ერთ ოპოზიციურ ძალაზეც, რომელიც ვითომ ოპოზიციაა და მშვენივრად თანამშრომლობს ხელისუფლებასთან. მათაც ძალიან უყვართ ლოზუნგებით საუბარი და ახლა დაიჩემეს, ძალა ევროპაშიაო. ეს რა უბედურებაა, რას ჰქვია, ძალა ევროპაშია, აშშ-სა და იაპონიას რას უწუნებენ, ან აღმოსავლეთს რას ერჩიან, სხვა თუ არაფერი, 4 მსოფლიო რელიგია - იუდაიზმი, ბუდიზმი, ქრისტიანობა და ისლამი აღმოსავლეთში აღმოცენდა და ამას დაეფუძნა ზოგადსაკაცობრიო ცივილიზაცია. ისევ დაკარგული ტერიტორიების თემას დავუბრუნდები და, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებასაც და მასთან დაახლოებულ ოპოზიციასაც დღევანდელი სტატუსკვო აწყობთ.


ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ხვალ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს, ხელისუფლებას სატირალი თემა აღარ ექნება. თავს ვეღარაფრით გაიმართლებენ, ეკონომიკის გაჯანსაღებაზე, ჯარის გაძლიერებასა და სოციალური საკითხების წინ წამოწევაზე უნდა იფიქრონ. ამის უნარი კი არ აქვთ და ამიტომაც აწყობთ ეს ვითარება. ქვეყნის მართვა რომ სახლობანას თამაში ჰგონიათ, ეს საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის დროსაც გამოჩნდა. ამათ კონსტიტუცია, რუსი დეკაბრისტების ნაწილის მსგავსად, მგონი, ქალის სახელი ჰგონიათ. 1825 წელს აჯანყება კონსტიტუციასთან იყო კავშირში. მოთავეებმა იცოდნენ, რა იყო კონსტიტუცია, მაგრამ ქვედა რგოლებში აზრზე არ იყვნენ. იარაღი რომ იშიშვლეს, ყვიროდნენ, მეფის ტყვეობიდან მშვენიერი კონსტიტუცია გავათავისუფლოთო. ტყვე ქალი ეგონათ კონსტიტუცია".

 

ბარამიძის თქმით, უკეთესი ვითარება ამ მხრივ არც „ქართულ ოცნებაშია“. ერთ-ერთ დახურულ სხდომაზე ერთ-ერთ დეპუტატს განუცხადებია, სააკაშვილის ჯინაზე კონსტიტუციაში შევიტანოთ ლაზიკის განვითარების გეგმაო. მერე ერთი დეპუტატი ამდგარა პატრიოტთა ალიანსიდან და უთქვამს, თქვე დალოცვილებო, იქნება ჯერ თავად ლაზიკა გეპოვათ, სადმე თუა და მერე მისი განვითარების გეგმაზე გესაუბრათო. მანვე აუხსნა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ კონსტიტუციაში ამის ჩაწერა არ შეიძლება.

 

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ კონსტიტუცია სამუშაო დოკუმენტი ჰგონია, რომელიც, ბიუჯეტის მსგავსად, წელიწადში ან კვარტალში ერთხელ უნდა ჩაასწორო. ამათ თავში ვერ შევიდა, რომ კონსტიტუცია ერის მარადიული ფასეულობების, სულიერების, ტრადიციების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ერთიანობისა და თანხმობის უვადო დოკუმენტია. " ისეთ უცნაურობებს წერენ ამ კონსტიტუციაში, ბარემ ისიც ჩაწერონ, რომ 21-ე საუკუნის განმავლობაში საქართველოში წამყვანი პოლიტიკური ძალა უნდა იყოს „ქართული ოცნება“. ამ სისულელეების წერასა და ადამიანების უფლებებზე ლექციების კითხვას სამაჩაბლოსთვის სახელის გადარქმევა გაგეპროტესტებინათ, სჯობდა".

 

დეპუტატი თვლის, რომ რეაქცია მათ არც არჩევნებში გამარჯვებული ანატოლი ბიბილოვის განცხადებების გამო ჰქონიათ. მან ბიბისისთან საუბარში განაცხადა, ჩემი #1 სამოქმედო გეგმა არა ადამიანების უფლებებზე ლექციების კითხვა, არამედ სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შეყვანააო, ზედვე დააყოლა, ამაზე მუშაობას ახლავე ვიწყებო. რატომ არ საუბრობენ იმაზე, რუსეთი აფხაზეთში სარაკეტო დანადგარებს რომ განათავსებს. არც იმაზე გამიგია საპროტესტო განცხადებები, გალში ქართველებს ყველანაირად რომ ავიწროებენ და მშობლიურ ენაზე სწავლის უფლებას არ აძლევენ, ასევე ხმას არ იღებენ აფხაზეთის გავლით რკინიგზის შესაძლო აღდგენაზე.


"მე ვიყავი დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ელჩი დამოუკიდებელ სომხეთში და დღემდე ბევრი ახლობელი მყავს იქ. იქაური პოლიტიკური სიტუაცია მეტ-ნაკლებად კარგად ვიცი და ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ვთქვი, რომ აფხაზეთზე გამავალ რკინიგზასთან დაკავშირებით რაღაც ხდება. ამაზე საუბრობენ როგორც ხელისუფლების, ასევე იქაური ოპოზიციის წარმომადგენლები.


ჩვენი ხელისუფლება ამ თემაზე ხმას არ იღებს, გატრუნულია. სომხეთში კი ამბობენ, რომ სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხებზე ერთ-ერთი შვეიცარიული ფირმა მუშაობს. ამ საკითხზე აქტიურად მსჯელობენ რუსეთსა და სოხუმში.


ქართული მხარე არ დუმს, ლექციებს კითხულობენ. ლექციებით გატაცებულ ხელისუფლებას კიდევ ერთ რჩევას მივცემ. მაისში ჩინეთში აბრეშუმის გზის ზონის ქვეყნების პირველი პირების შეხვედრა ტარდება. ამ შეხვედრაზე, ალბათ, საქართველოსაც მიიწვევენ და იქ მაინც თქვან, რომ იმისთვის, რათა ეს გზა უფრო მშვიდი და უსაფრთხო იყოს, საერთაშორისო თანამეგობრობა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში უნდა დაგვეხმაროს"- აცხადებს გიგლა ბარამიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge