Powered by Jasper Roberts - Blog

13:58 21.04.2017
აფხაზეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტთან დაკავშირებით

ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო რადიოსადგურმა კომენტარი გააკეთა აფხაზეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტთან დაკავშირებით.

გთავაზობთ მცირე შემოკლებით:

 


საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებული პროტესტის მიუხედავად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აფხაზეთში ვიზიტით მაინც ჩავიდა.

 


იმის გათვალისწინებით, რომ 2008 წელს რუსეთმა ოფიციალურად აღიარა აფხაზეთის [და მასთან ერთად სამხრეთ ოსეთის] დამოუკიდებლობა, რუსეთის საგარეოპოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის ვიზიტი ამ რესპუბლიკაში შეიძლება ორი მხრით განვიხილოთ.

 


პირველი - რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის თვალსაზრისით: ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს ინტეგრაციული პოლიტიკა დასავლეთთან და კერძოდ, ჩრდილოატლანტიკურ სამხედრო ალიანსთან რუსეთისათვის ერთობ გამაღიზიანებელ ფაქტორს წარმოადგენს. ცხადია, მოსკოვი ითვალისწინებს თბილისის [პროდასავლურ] პოზიციას. შესაბამისად, რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობაში არსებული პრობლემების მოგვარება არ სურს. ამიტომაც რუსეთის ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლები ხშირად ჩადიან საქართველოსაგან გამოყოფილ [სეპარატისტულ] რესპუბლიკაში იმ მიზნით, რომ თბილისზე ზეწოლა მოახდინონ. რუსეთის აზრით, ამგვარი პოლიტიკის წყალობით თბილისი საბოლოო ჯამში იძულებული გახდება უარი თქვას თავის პროდასავლურ ორიენტაციაზე.

 


მეორე - რუსეთის რეაქცია და მისი პოლიტიკა სეპარატისტული რესპუბლიკებისადმი დიდწილად განპირობებულია ე.წ. ყოფილი აღმოსავლური ბლოკის ქვეყნების მოქმედებით. მართლაცდა, ასეთი ნაბიჯით რუსეთს სურს აჩვენოს სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს, რომ მოსკოვი სერიოზულად ეკიდება და მხარს უჭერს თავის მოკავშირეებს. თავის მხრივ, საქართველოც აცნობიერებს, რომ რუსეთი მზად არ არის რაიმე დათმოს თავის მოკავშირეებთან დამოკიდებულებაში. საქართველო და უკრაინა, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ დასავლეთთან და სურთ, რომ ნატოს რეგიონში უფრო ძლიერად იყოს წარმოდგენილი, ამის გამო სხვადასხვა პრობლემებს აწყდებიან: ორივე ქვეყანას აწუხებს სეპარატიზმი, განდგომილი ტერიტორიები და საერთოდ, ორივე დაშლის წინაშე დგას.

 


ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა განსაკუთრებით გაუარესდა 2008 წლიდან, ქართული არმიის სამხედრო მოქმედების შედეგად. საქართველოს სამხედრო ამბიციები რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომით დასრულდა. ამ ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის (მათ საქართველოსაგან დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ 1990-იანი წლების დასაწყისიდან გამოაცხადეს) სუვერენიტეტი აღიარა. მოგვიანებით საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმად, ეს ორი რესპუბლიკა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს წარმოადგენენ.

 


ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ რუსეთ-საქართველოს პოლიტიკურ ურთიერთობას დღემდე ნეგატიური ხასიათი აქვს. იმავდროულად ამერიკის შეერთებული შტატები იმ მიზნით, რომ ვაშინგტონმა დასავლეთის ქვეყნებზე თავისი გავლენა შეინარჩუნოს, მუდმივად აქეზებს ამ ქვეყნებს ანტირუსული განცხადებებისაკენ.

ავტორ(ებ)ი :