Powered by Jasper Roberts - Blog

16:05 21.04.2017
ემუქრება თუ არა საქართველოს ტერორიზმის საფრთხე?

წუხელ ღამით, პარიზში, შანზ-ელიზეზე, სროლის ხმა ისმოდა. ფრანგული გამოცემა L’Express-ის ინფორმაციით, ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.

 

შემთხვევის შედეგად, ერთი პოლიციელია მოკლული, ორი დაჭრილია, თავდამსხმელი კი -ლიკვიდირებული.

 

ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. სახალიფომ აღნიშნული განცხადება თავისი პროპაგანდისტური ორგანოს, „ამაყის“ მეშვეობით გააკეთა.

 

„პარიზში შანზ-ელიზეზე თავდასხმის შემსრულებელი ბელგიელი აბუ იუსეფია, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი მებრძოლი“, - ნათქვამია ტერორისტული დაჯგუფების განცხადებაში.

 

საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის განცხადებით კი, კვალი, რომელმაც პარიზში მომხდარ ინციდენტს შესაძლოა ნათელი მოჰფინოს, ტერორისტული ხასიათისაა. 

 

ამის შესახებ ოლანდმა სპეციალურ გამოსვლაში განაცხადა. მან მოკლული პოლიციელის ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა.

 

„უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენი პოლიცია მიზანშია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა პოლიციელებმა, ჟანდარმებმა და სამხედროებმა თავიანთი ფუნქციები შეასრულონ. ჩვენი თანამოქალაქეები დაცულები არიან და ასეც იქნებიან“, - აღნიშნა ოლანდმა.

 

პრეზიდენტის თქმით, საარჩევნო პერიოდში უსაფრთხოების სამსახურები მაქსიმალურად მობილიზებულნი იქნებიან, რათა საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოება უზრუნველყონ.

 

ფრანგმა სამართალდამცავებმა პარიზში, შანზ-ელიზეზე გუშინ განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილის სამი ახლობელი დააკავეს. 

 

მათ ინფორმაციით, პირი, რომელმაც პარიზში პოლიციელებს ესროლა, წარმოშობით ფრანგი იყო. დაჯგუფება ”ისლამურ სახელმწიფოში” კი მას ბელგიელად” მოიხსენიებენ. 

 

პარიზში მომხდარ ტერაქტს მსოფლიო ლიდერები გამოხმაურნენ:

 

„ის, რაც დღეს მსოფლიოში ხდება, სინამდვილეში საშინელებაა, მაგრამ მეჩვენება, რომ ეს ტერორისტული აქტია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სამძიმარი გამოუცხადა საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია გერმანიის მთავრობის პრესმდივნის შტეფან ზაიბერტის განცხადებაში. 

 

ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მყოფი იტალიის პრემიერ-მინისტრი პაოლო ჯენტილონი ასევე გამოეხმაურა აღნიშნულ ინციდენტს: 

 

„სამძიმარს ვუცხადებ ფრანგ ხალხსა და საფრანგეთის ხელისუფლებას ამ საკმაოდ დელიკატურ მომენტში, რაც არჩევნებამდე სამი დღით ადრე მოხდა“, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა. 

 

პარიზის ტერაქტს  საქართველოს პრემიერ-მინისტი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა:

 

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პარიზში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელსაც პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი ტერორიზმთან ბრძოლაში მხარდაჭერას უცხადებს ცივილიზებულ მსოფლიოს. ჩვენ გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ტერორიზმი იქნება დაძლეული,”-ნათქვამია განცხადებაში.

 

პარიზის ტერაქტს „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, სამხედრო პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია გამოეხმაურა:

 

- პარიზში მომხდარი ტერაქტის პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ჯიჰადისტებმა ჩეჩენი კავკსიური ისლამური ემირატის ტაქტიკა გამოიყენეს, რომელმაც 2008 წლიდან გამოაცხადა, რომ ისინი განახორციელებდნენ თავდასხმას ძალოვანი სტრუქრურისა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების წინააღმდეგ. მაშინ რუსეთის ფედერალურ ძალებზე იყო საუბარი. დაახლოებით იგივე ტაქტიკა აიღო „ისლამურმა სახალიფომ“ და ახორციელებს თავისი მოწინააღმდეგის მიმართ. ეს არის ერთგვარი ომის სახეობა.

 

სრიასა და ერაყში მიმდინარეობს გამალებული სამხედრო მოქმედებები და იქ არის იგივე რეგიონალური ომი. ესეც არის საომარი მოქმდებებების გახსნა ევროპის ქვეყნების მიმართ. აქამდე იყო რუსეთის მიერ მიყენებული დარტყმები, სანკტპეტერბურგის ტერაქტი, შემდეგ კი ევროპის ქვეყნების მიმართ განხორციელებული ქმედება.

 

- კიდევ არის პარიზში ტერაქტის განმეორების საფრთხეები?


- დიახ, ტერაქტის განმეორების საფრთხეები საკმაოდ მაღალია, რადგან  საომარი მოქმედებებია გახსნილი ისლამურ სახალიფოსა და დსავლეთის კოალიციას შორის. 

 

ტერატქტებს აქამდე  ერთგვარი პერნამენტული ხასიათი ჰქონდა, ახლა უკვე ქრონიკულ მასშტაბებში გადავიდა. გერმანიაში ვანდალური ქმედება განხორციელდა, მანამდე იყო პოლონეთი, შემდეგ თურქეთი, ამერიკაშიც აქვს ტერაქტებს ადგილი და იქაც პასუხისმგებლობას „ისლამური სახელმწიფო“ იღებს. ტერაქტები ხორციელდება სერთაშორისო დონეზე და სამწუხარო  ფენომენია. ფაქტობრივად, ეს არის გლობალური პროცესი, ჰიბრიდული ომის დონეზე. 

 

-  საქართველოს თუ ემუქრება საფრთხე? 

- საქართველოში გარკვეული საშიშროება არსებოს. საფრთხეები საკმაოდ მაღალია, რადგან არცერთი ქვეყანა არაა დაცული  „ისლამური სახელმწიფოსგან“ ტერაქტების განხორციელებით, მათ შორის არც საქართველო - აღნიშნა “ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში ვახტანგ მაისაიამ.

 

  / ნინო ოთარაშვილი /

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge