Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:35 22.04.2017
ოთხი ქართველი დიზაინერის განსხვავებული ინტერპრეტაცია თბილისის მოდის კვირეულზე

21 აპრილს, 18:00 საათზე, ისტორიის მუზეუმში „ქარვასლა“ თბილისის მოდის კვირეულის მე-15 სეზონის რიგით  მესამე ღონისძიება გაიმართა.

 

საღამოზე ოთხი დიზაინერი მონაწილეობდა: ატელიე "Marta", "Ethere Accessoire", "Tatana" და ატელიე "Lika".  თითოეული მათგანის სტილი  ინდივიდუალობითა და დახვეწილობით გამოირჩეოდა.

 

ღონისძიება ატელიე „Marta“-ს ჩვენებით გაიხსნა, რომლის ინსპირაცია თანამედროვე, ყოველდღიური და სადღესასწაულო სტილი  გახლდათ. შიფონისა და ხავერდის მასალებისაგან დამზადებულმა  დახვეწილმა სამოსმა მაყურებლის აღფრთოვანება  დაიმსახურა.

 

„მოდის კვირეულის მესამე დღე ატელიე „Marta“-ს  ჩვენებით გაისხნა. ამ კოლექციაში, ჩემი ინსპირაცია ქართული თემატიკა, თანამედროვე, ყოველდღიური და სადღესასწაულო სტილი გახლავთ.


ძირითადად, ხავერდი და შიფონი გამოვიყენე და  საბოლოო ჯამში, კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, რომ ჩემმა ჩანაფიქრმა გაამართლა და ძალიან მიხარია, რომ საზოგადოება და ჟურნალისტები მსგავსი ტიპის ჩვენებებით ასე  არიან დაინტერესებულნი“- აღნიშნა  „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში ატელიე „Marta“-ს დიზაინერმა ნათია არველაძემ.

 

ზამთრის კოლექციის ჩვენებითა და ორიგინალური აქსესუარებით  მაყურებლის სიმპატია   „Ethere Accessoire“-მაც დაიმსახურა. პასტელურ ფერებში გადაწყვეტილი ზომიერად კლასიკური  და დახვეწილი სტილი  „Ethere Accessoire“- ს „მომავლის ქალბატონს“ წარმოადგენს.

 

„რამდენიმე თვის განმავლობაში  ვემზადებოდი ჩვენებისთვის   და ამჯერად, ზამთრის კოლექცია წარმოვადგინე. გამოვიყენე პასტელური ფერები და მაყურებელს შემთავაზე უფრო შერეული მასალა.


ჩემი წლევანდელი ჩვენება იმითაც არის საინტერესო, რომ  სამოსს დაემატა აქსესუარები: ბეჭდები, სათვალეები, ხელთათმანები... ვეცადე, მაქსიმალურად საინტერესო და მრავალფეროვანი ყოფილიყო დღევანდელი საღამო.

 

საბოლოო ჯამში, კმაყოფილი ვარ და ვფიქრობ, რომ დღევანდელი საღამო შედგა“-აღნიშნა  „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში  Ethere Accessoire“-ს დიზაინერმა გვანცა თუთბერიძემ.

 

ღონისძიება დაიხურა  ატელიე „Lika“-ს ჩვენებით, რომლის მთავარი თემატიკა “მშვენიერი ქალი“ გახლდათ.

 

„ძალიან ცოტა დრო მქონდა მოსამზადებლად და უმოკლეს დროში შევძელი შემექმნა საკმაოდ ვრცელი კოლექცია. გამოვიყენე ხავერდი და ბეწვი“-განაცხადა დიზაინერმა.

 

ჩვენებას უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა. 21 აპრილის მოდის კვირეულით ყველა მათგანი კმაყოფილი დარჩა.

 

გია ჯაჯანიძე - ტელეწამყვანი: ძალიან მომეწონა დღევანდელი მოდის კვირეული, ინდივიდუალური და საინტერესო ნამუშევრები წარმოადგინეს დიზაინერებმა და ვულოცავ მათ ამ წარმატებას. მიხარია, რომ თბილისში ასეთი კარგი ჩვენებები იმართება.

 

დალი ჩიტალაძე- მოდის ექსპერტი: ძალიან მომეწონა Ethere Accessoire“-ის ჩვენება. განსხვავებული და საინტერესო იყო და რაც მთავარია, გამორჩეულად მომეწონა Ethere“-ის თავსაბურავები. თბილისში არ არსებობს ადგილი, სადაც მიხვალ და შეიძენ ორიგინალურ თავსაბურავს და „Ethere“-ის კოლექცია ამ მხრივ ნამდვილად იშვიათი და გამორჩეულია. ვულოცავ მას ამ დიდ წარმატებას.

 

ქრისტი ყიფშიძე-მოდელი: საკმაოდ მაღალი დონის ჩვენებები წარმოადგინეს დიზაინერებმა, თითოეული მათგანი გამოირჩევა ინდივიდუალური და დახვეწილი სტილით და ვისურვებდი, რომ ხშირად ჩატარდეს მსგავსი ტიპის საღამოები.

 

თაკო ჩხეიძე- თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორი:  დღეს ოთხი დიზაინერის ჩვენება გაიმართა და  საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით-აღნიშნა თაკო ჩხეიძემ „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში.

 

მოდის კვირეული  19 აპრილს, 18:30 საათზე გაიხსნა და ხუთ დღეს გასტანს. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

/ნათია ღამბაშიძე/

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge