Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

15:01 24.04.2017
თბილისის რიგით მე-15 მოდის კვირეული დასრულდა

თბილისის რიგით მე-15 მოდის კვირეული, წელს 19 აპრილს გაიხსნა და  ხუთი დღე მიმდინარეობდა. განრიგში კი სულ 21 ღონისძიება იყო.

 

მოდის კვირეული ისტორიის მუზეუმში „ქარვასლა“ 20 აპრილს მარიამ გვასალიას ჩვენებით გაიხსნა. საღამოზე კახაბერის პრეზენტაციაც მოეწყო. დიზაინერმა ანი დათუკიშვილი თავის კოლექციას უჩვეულო გარემოში, სკოლის სასწავლო ოთახებსა და დერეფანში მოაწყო.  კვირეულის განრიგში ასევე იყო პროექტი “იპოვეთ ქალი/ TROUVEZ LA FEMME / FIND THE WOMAN“, რომელიც არტსიტერიუმის ორგანიზებით 21 აპრილს ქარვასლაში გაიმართა და 3 დღეს გასტანა.

 

 თბილისის მოდის კვირეულის განრიგში, შემოდგომა/ზამთარი 2017 წლის სეზონზე,   ბევრი ახალგაზრდა და ნიჭიერი დიზაინერის ჩვენება  შედგა. ესენი იყვნენ: ELENNY - ელენე გიორგაძე, MIA დიზაინერი მია ფაილოძე, Laboratory The Window, ETHERE ACCESOIRE, Atelier 27, Atelier MARTA, გიორგი ტატანაშვილი, LIKAFORLIKA.

 

კვირეულის კულმინაცია უნიჭიერესი დიზაინერის - ლაშა ჯოხაძის ჩვენება გახლდათ, რომელიც,  განახლებულ აღმაშენებელზე, ახალი ტფილისის საფეხმავლო ტერიტორიაზე გაიმართა.

 

კვირეულს ორი უკრაინული ბრენდი ეწვევია, Lara Quint და SAYYA, ასევე,  რუსული ბრენდი ZLATOSTUDIO, სომხური SONCESS და ლონდონში დაფუძნებული ბრენდი ZDDZ, რომლის ჩვენება/პრეზენტაციაც თბილისში კომპანია EY-ის ოფისში გაიმართა.


დაარსებიდან, თბილისის მოდის კვირეულის მიზანი იყო ქართული მოდის სფეროს ხელშეწყობა, მისი განვითარება, ახალი სახელების აღმოჩენა და მათი პოპულარიზაცია. 14 სეზონის მანძილზე თბილისის მოდის კვირეულმა შეძლო ამ მიზნის მიღწევა: ქართული მოდის სფერო მნიშვნელოვნად გააფართოვა, აქცია ბიზნესად და წარადგინა იგი სხვადასხვა ქვეყნის ათობით საერთაშორისო გამოცემაში, რამაც როგორც მოდის სფეროს, ზოგადად ჩვენი ქვეყნის ცნობადობა გაზარდა. კვირეული ჩამოყალიბდა სივრცედ, რომელმაც წარმოშვა ახალი, თამამი და ნიჭიერი დიზაინერები, რომლებიც ახლა წარმატებით მოღვაწეობენ ჩვენ ქვეყანასა და მის ფარგლებს გარეთ. საქართველომ შეძლო საკუთარი თავის დამკვირდება მოდის მსოფლიო არენაზე და მნიშვნელოვანია, რომ ამაში არც თუ მცირე წვლილი მიუძღვის სწორედ თბილისის მოდის კვირეულს. თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებელთა გადაწყვეტილებით პროექტი ქართული მოდის სფეროში ახალ ეტაპს იწყებს. ყველა ნიჭიერ ახალბედას, ჯერ კიდევ უცნობ თუ ნაწილობრივ ცნობილ დიზაინერს, შეეძლება მასზე სრული ჩვენების გაკეთება, საკუთარი თავისა და პოტენციალის წარმოჩენა. კვირეული მათ ფართო აუდიტორიას და სფეროს პროფესიონალებს გააცნობს. სამუშაო პროცესში მოხდება მონაწილეთა მკაცრი შერჩევა, მათი კოლექციების დახვეწა და განვითარება.

 

,,ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში ღონისძიების ორგანიზატორმა - თაკო ჩხეიძემ წლევანდელი ჩვენება დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ უკვე ტრადიციად ქცეული მოდის კვირეული მომავალშიც აუცილებლად ჩატარდება.

 

 

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge