Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:43 05.05.2017
მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის მე-5 სეზონი AVTANDIL-ის ჩვენებით გაიხსნა

 4 მაისს, თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში «MOMA”  „Mercedes-Benz Fashion week“ გაიხსნა.

 

პირველ ჩვენებაზე საკუთარი ნამუშევრები დიზაინერმა ავთო ცქვიტინიძემ წარმოადგინა. ძალიან თამამი, ძლიერი და თვისუფალი ქალი, - ეს იყო ის ძირითადი შტრიხები, რაც AVTANDIL-ის კოლექციაში იგრძნობოდა. როგორ ჩაიარა ახალ კოლექციაზე მუშაობამ, ამასთან დაკავვშირებით კომენტარი დიზაინერმა „ჯორჯიან თაიმსსთან“ გააკეთა:

 

 

„როდესაც საკუთარ თავს ეძებ, შენში სხვადასხვა ემოციებს აღმოაჩენ ხოლმე. მინდოდა, ისეთი ქალის სახე შემექმნა, რომელსაც აბსოლუტური თავისუფლება აქვს საკუთარ თავთან და შეუძლია, სამყარო თავის გარშემო ატრიალოს. ასეთი ქალები, ყოველთვის ძლიერები არიან და ყველაფერი ისეა, როგორც მათ სურთ. ეს ქალბატონი ყველანაირი ტიპის ემოციის მატარებელია  - ძალიან თამამი, საქსუალური. ალბათ, რაც განვახორციელე, იმ იდეას თავისუფლება სრულად მოიცავს.


სტილში ყოველთვის  რთული კონსტრუქციები მაქვს. ძალიან ბევრი  ვიმუშავეთ თარგზე. წარმოდგენილი მქონდა 50 ნამუშევარი.  მუშაობის დროს იმდენად რთულდებოდა და მოდიოდა ფერთა გამა, რომ ბოლოს სინაზისკენ წავიყვანე  და ისეთი მასალა შემოვიტანე, რომელსაც,ალბათ, არც არავინ ელოდა. რადიკალურად განსხვავებული იყო ტექნიკური მასალები, ნაწარმი, რომელიც დამუშავებული იყო ლაზერით. ასე, რომ რთული კოლექცია იყო, ისევე როგორც მისი ხასიათი“, - აღნიშნა ცქვიტინიძემ.


 

 

ჩვენებას უამრავი ცნობილი სახე  და მოდის სფეროს წარმომადგენელი ესწრებოდა. სამოდელი სააგენტო "იმიჯ ცენტრის" ხელმძღვანელმა ია კიწმარიშვილმა „ჯორჯიან თაიმსთან“ ავთანდილის ახალი კოლექცია შეაფასა:

 

„შეჩვეულები ვართ, რომ ყოველ ჩვენებაზე AVTANDIL-ი სიახლეებს გვთავაზობს. მის კოლექციაში დღესაც ის დავინახე, რასაც ყოველთვის ვხედავ - ქართველი ქალი გახადოს ძლიერი. დღევანდელი სილუეტი, ჩემი აზრით, სწორედ ამას უწყობდა ხელს. ეს იქნება თავისუფალი, ძლიერი, ენერგიული ქალის სახე. ვულოცავ ავთანდილს დღევანდელ დღეს  და ქალებს ვურჩევ, ავთანდლის კოლექციით გამოხატონ საკუთარი სიძლიერე“, - აღნიშნა კინწურაშვილმა.


 

მოდის კვირეულის გახსნას ესწრებოდა საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, რომელმაც  დებიუტანტებს განსაკუთრებულად მიულოცა და წარმატებები უსურვა.

 

„ძალიან მახარებს ის, რომ ქართული მოდა ზენიტშია. ბევრს აინტერესებს და უცხოეთიდანაც კი ჩამოდიან სტუმრები. ყველა აღიარებს, რომ ქართველი დიზაინერები საკმაოდ საინტერესოდ მუშაობენ. ვულოცავ მათ, განსაკუთრებით დებიუტანტებს, რომლებისთვისაც ეს არის პირველი ნაბიჯი მოდის სამყაროში და თუ მოახერხებენ ადგილის დამკვიდრებას ამ დიდ ინდუსტრიაში, ეს მათთვის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი წარმატება იქნება“, - განაცხადა ჩიჩუამ „ჯორჯიან თაიმსსთან“.

 

„Mercedes-Benz Fashion week“ 4-დან 8 მაისის ჩათვლით გაიმართება, სადაც 2017 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციებს 42 ქართველი და უცხოელი დიზაინერი წარმოადგენს.

 

პროექტის ორგანიზატორი სოფო ჭყონია, აცხადებს, რომ „Mercedes-Benz Fashion week“-ს 70-მდე საერთაშორისო სტუმარი ეყოლება.

 

„ჩვენთან თითქმის ყოველ სეზონს AVTANDIL ხსნის და ამიტომ ეს რაღაც ტრადიციადაც კი იქცა. ავთანდილი საქართველოში  დიდი ხანია დიზაინერია და ქვეყნის საზღვრებს გარეთაც ბევრი იცნობს, ამიტომ  გადავწყვიტეთ, რომ მას გაეხსნა.  „Mercedes-Benz Fashion week“-ზე მონაწილეობას  დაახლოებით  42 დიზაინერი მიიღებს და 70 საერთაშორისო სტუმარი გვეყოლება“, - განაცხადა ჭყონიამ.

 

გუშინდელ ჩვენებაზე ასევე საკუთარი კოლექციები წარმოადგინეს დიზაინერებმა: LIYA, ANUKA KEBURIA, SALOME, RIA KEBURIA GALLERY, VASKA და DATUNA.

 

აღსანიშნავია, რომ ამჟამინდელი კვირეული გამოირჩევა ექსპოზიციებისა და შოუების განსაკუთრებული მრვალფეროვნებით. განსხვავებული განათება, გახმოვანება,  ინსტალაციები, მუსიკა და სივრცე  დიზაინერებს საშუალებას მისცემს წარმოაჩინონ მოდა, როგორც ხელოვნება და დააფიქრონ საზოგადოება, სად გადის ზღვარი ხელოვნებასა და მოდის დიზაინს შორის. ჩვენებების და გამოფენების უმრავლესობას თანამდროვე ხელოვნების მუზეუმი უმასპინძლებს.

 

შეგახსენებთ, რომ წინა სეზონზე გამართულ მოდის ჩვენებებს 300-ზე მეტი პუბლიკაცია და რეპორტაჟი მოჰყვა.  მოდის კრიტიკოსებმა თბილისს აღმოსავლეთ ევროპის მოდის დედაქალაქი უწოდეს და ნიჭიერი დიზაინერების გასაცნობად თბილისისკენ ბილეთის ყიდვა ურჩიეს.  Elle, Vogue, Grazia , Harper’s Bazaar, Online Forbes, Marie Claire  ჟურნალისტები, ფოტოგრაფები, ბლოგერები და რედაქტორები სულ მალე ისევ საქართველოს დედაქალაქში მოიყრიან თავს.

 

 /თინათინ დვალი/

 

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge