Powered by Jasper Roberts - Blog

12:35 19.05.2017
საქართველო ევროკავშირისაგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

 

„ოფიციალური თბილისი ევროკავშირისაგან განმარტებას ელოდება იმ მოქმედების გამო, რომელიც საქართველოში ბრიუსელის წარგზავნილმა, სპეცწარმომადგენელმა და ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარემ ჰერბერტ ზალბერგმა ჩაიდინა. ქართული მხარე არ გამორიცხავს, რომ ევროპელი დიპლომატი „პერსონა ნონ-გრატად“ იქნეს გამოცხადებული. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის იანოშ ჰერმანი გამოიძახეს“, - აღნიშნულია სტატიაში, რომელშიც გადმოცემულია დიპლომატიური ინციდენტის მიზეზები, სავარაუდო შედეგები და კომენტარები (ავტორი - იური როქსი).

 


„ჰერბერტ ზალბერგი ახლახან სამხრეთ ოსეთში იმყოფებოდა და ცხინვალში ნაწილობრივ აღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობას შეხვდა. რა თქმა უნდა, ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარემ მაქსიმალურად უნდა იცოდეს ამ რთულ რეგიონში მიმდინარე პროცესები და თბილისიც, რა თქმა უნდა, ამგვარი მისვლა-მოსვლის წინააღმდეგი არ არის, მით უმეტეს ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა გორის რაიონში, საქართველოს ხელისუფლების ნებართვის მიღება და ა.შ - ყველაფერი კანონის თანახმად, ლეგიტიმურად ხდება. მოგვიანებით ქართული მხარის ხელში აღმოჩნდა ცხინვალის ადგილობრივი ტელევიზიით გადაცემული შეხვედრის ვიდეოჩანაწერი, რომლის მიხედვით, ჰერბერტ ზალბერგი პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. იმავდროულად, როგორც ჩანაწერიდან ჩანს, გერმანელი დიპლომატი  არ ამბობს კონკრეტულად სიტყვა „პრეზიდენტს“, არც არჩევნების განსაზღვრებაა მოცემული... მაგრამ თვით მილოცვის ფაქტი თბილისისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა.

 


მართალია, მმართველი „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენელი ცდილობდა მომხდარი ამბავისათვის სკანდალის სახე არ მიეცა, ჰერბერტ ზალბერგის მოქმედება უბრალო გადაცდომად და ეტიკეტის უნებლიე დარღვევად წარმოედგინა, ხმაური მაინც ვერ იქნა თავიდან აცილებული. განგაში ოპოზიციურმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ატეხა. საგარეო საქმეთა ექს-მინისტრის გრიგოლ ვაშაძის პირით: დიპლომატიური უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ჰერბერტ ზალბერგს ცხინვალში გაჟღერებული მილოცვის უკან წაღება (დეზავუირება) უნდა მოსთხოვოსო, რადგან მისი მოქმედება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგაა მიმართულიო. გრიგოლ ვაშაძის თქმით, ეს ფაქტი ხელისუფლების ხუთწლიანი მავნე პოლიტიკის შედეგს წარმოადგენს.

 


მომხდარზე კომენტარი კიდევ ერთმა ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა - სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველომ არამარტო ჰერბერტ ზალბერგის სიტყვების დეზავუირება კი არ უნდა მოითხოვოს, არამედ მისი გამოყვანა „ჟენევის პროცესიდან“, რადგან მისი ნათქვამი პროინციპულად მიუღებელიაა და საკითხის უცოდინარობას ამჟღავნებს. „დიპლომატიას ტავისი მკაცრი წესები აქვს. ამ შემთხვევაში ჰერბერტ ზალბერგმა საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის პრინციპი დაარღვია და ჩვენს ინტერესებს ზიანი მიაყენა“, - განაცხადა ექს-მინისტრმა, პარლამენტის წევრმა სალომე ზურაბიშვილმა და დაამატა, რომ არ გამორიცხავს  ევროკავშირის სპეცწარმომადგენლის გამოცხადებას არასასურველ პიროვნებად -  „პერსონა ნონ-გრატად, სხვებისთვის რომ მაგალითი იყოს“.

 


საქართველოს დიპლომატიურმა უწყებამ ჰერბერტ ზალბერგის მოქმედებას „მიუღებელი“ უწოდა და გაკვირვება გამოხატა, რადგან თვით ევროკავშირმა გამოაცხადა სამხრეთ ოსეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმურად და ამ ფონზე ბრიუსელის სპეცწარმომადგენლის ნაბიჯი კითხვებს იწვევს. შესაბამისად, სამინისტროში ევროკავშირის ელჩი მიიწვიეს ახსნა-განმარტების ჩამოსართმევად.

 


რუსეთში სამხრეთ ოსეთის ყოფილი ელჩის დიმიტრი მედოევის თქმით, ეს ყველაფერი მხოლოდ „ქარიშხალია ჭიქაში“ და მეტი არაფერი. ბატონმა ჰერბერტ ზალბერგმა ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრისას ელემენტალური ტაქტი გამოავლინა და მას არჩევა მიულოცა, რაც ევროპელი დიპლომატის მაღალ პროფესიონალიზმზე და კულტურაზე მეტყველებს. ქართულმა მხარემ ამას წინათაც ხმაური ატეხა იური ლუჟკოვის გამო... მე საკითხს არ ცავუღრმავდები, მაგრამ ვიტყვი, რომ სამხრეთ ოსეთი გააგრძელებს თავის მცდელობებს საერთაშორისო აღიარების მოსაპოვებლად, დინჯად და აუჩქარებლად“, - განაცხადა დიმიტრი მედოევმა.

 


ქართველი ექსპერტი ირაკლი ცქიტიშვილი მომხდარ ფაქტში ორ მომენტზე ამახვილებსა ყურადღებას: პირველი - ჰერბერტ ზალბერგმა მხოლოდ დიპლომატიური ჟესტი გააკეთა. რადგანაც იგი პირველად შეხვდა ანატოლი ბიბილოვს, მიულოცა, თუმცა არ დაფიქრებულა, რომ მისი ნაბიჯი სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ირიბად აღიარებას ჰგავს. მეორე - ევროკავშირის სპეცწარმომადგენლის „პერსონა ნონ-გრატად“ გამოცხადება საქართველოს სახელმწიფოს ღირსების საქმეა: „ოკუპაციის თემა ჩვენთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ თბილისმა ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარის პოსტიდან ჰერბერტ ზალბერგის გაწვევის საკითხი უნდა დააყენოს“.

 


 

ერთ-ერთმა თბილისელმა კომენტატორმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, განაცხადა, რომ ქართული მხარის მოქმედება სრულიად მართებულია, თუმცა შესაძლოა სხვა გარემოებითაცაა ნაკარნახევი, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამასწინანდელ უსიამოვნო განცხადებას უკავშირდება იური ლუჟკოვის საქართველოში ყოფნის გამო. „როგორც ცანს, თბილისს არ სურდა მოსკოვის ექს-მერთან დაკავშირებული სკანდალის გაბერვა, მაგრამ იძულებული გახდა ოპოზიციის აზრი გაეთვალისწინებინა. ახლა კი, როცა საქართველო ბრიუსელთან სკანდალზე მიდის, ამით თბილისი იმის დემონსტრაციას ახდენს, რომ არავისთან, თვით დასავლეთის წარმომადგენელთანაც კი უკან არ იხევს და პრინციპულობას ამჟღავნებს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხში. ახლოვდება „აბაშიძე-კარასინის“ ფორმატის შეხვედრა და ვთუ რუსეთის მხრიდან რაიმე პრეტენზია იქნება წამოყენებული იური ლუჟკოვის ‘შავ სიაში“ შეტანასთან დაკავშირებით, საქართველოს შეუძლია ასე უპასუხოს: ქართული კანონმდებლობის მიმართ უპატივცემლობის გამოჩენის გამო თბილისი პერსონა ნონ-გრატად აცხადებს არა მარტო რუსეთის მოქალაქეებს, არამედ ევროკავშირის დიპლომატებსაც კი“, - თქვა „ნეზავისიმაია გაზეტას“ რესპოდენტმა.

ავტორ(ებ)ი :