Powered by Jasper Roberts - Blog

13:53 19.05.2017
"თბილისს სჭირდება 5 მილიარდი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში, რომ დედაქალაქს დაემსგავსოს" - სოსო ცინცაძე

პოლიტოლოგი, პროფესორი სოსო ცინცაძე ახალ თაობასთან ინტერვიუში მერობის კანდიდატებზე საუბრობს.

 

 

ალბათ უკვე იცის რამდენიმე ადამიანმა, თუ ვინ იქნება მერი, მაგრამ ამ შემთხვევაში თვითონ კანდიდატმა შეიძლება არც კი იცოდეს. პრაგმატიზმის გათვალისწინებით, კალაძის ადგილას მე მაგალითად ამ ჯოჯოხეთს თავს ავარიდებდი, რასაც თბილისისი მერობა ჰქვია.

ქალაქი ტრადიციულად უკვე, ბოლო 25 წელია  ისე ღრმად არის ჭაობში ჩაფლული, რომ ვერც ერთი მერი ვერ ამოათრევს ქალაქს ამ ჭაობიდან არსებული ბიუჯეტით. რა სჭირდება დღეს თბილისს? თავის დროზე ნაპოლეონ მესამემ პარიზის მერად თავისი მეგობარი, ბრწყინვალე არქიტექტორი დანიშნა, ვისაც ენდობოდა და რომელსაც მისცა განუსაზღვრელი ბიუჯეტი. დღეს სწორედ ეს არის საჭირო. მაშინ შეიქმნა ელისეს მინდვრები, დიდი მოედნები, პროსპექტები, მაშინ გახდა პარიზი პარიზად. მანამდე პარიზი ვიწრო ქუჩებით და ზაფხულის ხვატით აუტანელი იყო, ლუი მე-14 ტყუილად არ გაქცეულა ვერსალის სასახლეში, პარიზიდან მოშორებით, რადგან პარიზში ცხოვრება შეუძლებელი იყო. დღეს თბილისს სჭირდება 5 მილიარდი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში, რომ დედაქალაქს დაემსგავსოს და, რაც მთავარია, პატიოსანი მენეჯმენტი. ადამიანი, რომელიც ღირსეულად იზრუნებს თბილისზე და თბილისელებზე

 

ნახევარი თბილისი უნდა დაინგრეს და ხელახლა აშენდეს. მთავარი არის ის, რომ მერი პრინციპული უნდა იყოს. ნეპოტიზმით, გაუგებარი ხარჯებით, კორუფციით _ ამ სისტემით არ ვიცი, რად უნდა კალაძეს მერობა. არადა ამბობენ, რომ კალაძეს მერობა სურს ყველაზე მეტად. მშვენივრად არის, ვიცე-პრემიერია, ენერგეტიკის მინისტრია, 10-ჯერ თუ მეტჯერ არა ნაკლებია პასუხისმგებლობა, ამ ფონზე რად უნდა ეს თავის ტკივილი, არ მესმის“, - განაცხადა ცინცაძემ. 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge