Powered by Jasper Roberts - Blog

13:45 15.06.2017
„თანავარსკვლავედები“ - ჩინური თანამედროვე ხელოვნება თბილისში

8 ივნისს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, თანამედროვე ჩინელი ხელოვანების ნამუშევრებით გამოფენა „თანავარსკვლავედები“ გაიხსნა. 

 

მასშტაბური ექსპოზიცია თანამედროვე ჩინელ არტისტებს აერთიანებს, რომლებიც დიდ გავლენას ახდენენ ჩინეთის დღევანდელ პოლიტიკურ, სოციალურ თუ კულტურულ რეალობაზე. მათი ნამუშევრები პრობლემების გადაჭრის განსხვავებულ გზებს გვთავაზობს. 

 

აი ვეივეი, ჰუ შიაოიანი, ლი შურუი, ლიუ ვეი, ლუ პინგიანი, ლუ შანჩუანი, მა ქიუშა, ვან გუანგლი, ვანგ სიშუნი, ვანგ იუანგი, ში მოლინი, შიუ ქუ, შიუ ზენი, იან შინგი, ზანგ დინგი, ზანგ ზენიუ, ზაო იაო, ზაო ზაო - ამ სახელებს უკავშირდება ეროვნულ მუზეუმში გამოტანილი 40-მდე ავანგარდისტული ნამუშევარი.

 

გამოფენას წარმოადგენს კოლექციონერი ჯონ დოდელანდი და საქართველოს ეროვნულ მუზეუმი.  გამოფენის პარტნიორია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ხოლო მედია პარტნიორი კომპანია „BIO International” და მისი დამფუძნებელი ოლგა ბაბლუანი. 

 

გამოფენა ჯონ დოდელანდის მხარდაჭერით განხორციელდა.  წარმოშობით ფრანგი კოლექციონერი, უკვე 2 წელია საქართველოს მოქალაქეა. 


„საქართველო პერსპექტიული ქვეყანაა. აბრეშუმის გზა, ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთობების რეალური ხიდია. გამოფენა თანამედროვე ჩინელი ხელოვანების, თავისუფალ სიტყვას წარმოადგენს. ეს გამოფენა დიდი მასშტაბის მატარებელია, პირველი და უნიკალური კავკასიის რეგიონში. თბილისში ყველას შეუძლია ნახოს ის, რასაც მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ნახულობენ ადამიანები.“ - ჯონ დოდელანდი

 

 აი ვეივეი

„ქათმის ფინჯანი“ 2015

ჩინელი ხელოვანი, პოლიტიკური აქტივისტი. დაიბადა 1957 წელს პეკინში, ის დღეს დევნილია ჩინეთის მთავრობის მიერ და ევროპაში ცხოვრობს. აი ვეივეი იშვიათ და ძვირფას ნივთს მასიურად აწარმოებს. იგი ყალბ ფინჯნებს ამზადებს იმისთვის, რომ ფაიფურისადმი ჩინელი მდიდარი ხალხის ტრფიალი გააკრიტიკოს. ისინი  მილიონებს იხდიან ფაიფურის ერთ ფინჯანში. მხატვრის ნამუშევრების გადაფასებით ტრადიციული ფინჯნის გაუფასურება ხდება.

 

 

 

ვანგ გუანგლი

090820, 2009

ჩინელი ხელოვანი, დაიბადა 1966 წელს. ვანგ გუანგლი საკუთარ თავს დროსა და სივრცეში ათავსებს, სადაც ხატვის პროცესი შედეგზე და მისი ნამუშევრების კონცეფციაზე ახდენს გავლენას, ემოციებს არათანმიმდევრული ხელოვნების სერიებში ატარებს. ტილოს კიდეებიდან ცენტრისკენ მეთოდურად მოძრაობით იგი სიღრმეებს ქმნის მონოქრომებსა და ფერად ზედაპირებს შორის.

 

ლიუ ვეი

იისფერი ჰაერი G, 2008

ჩინელი ხელოვანი, დაიბადა 1972 წელს პეკინში. ლიუ ვეი სწორხაზოვანი და მათემატიკური გზით დაკითხავს ურბანულ გარემოსა და ქალაქის მოწყობას. „იისფერი ჰაერი G“-თ იგი ურბანულობას ვერტიკალური, სისტემური ნაკვთების მქონე ნახატებით შეისწავლის.

 

გამოფენა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში 11 სექტემბრამდე დარჩება.

გამოფენის კურატორია - ამი ბარაკი.

პროექტი განხორციელდა - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge