Powered by Jasper Roberts - Blog

13:30 17.06.2017
ვინ უნდა იყიდოს ქართული მიწა?

Radio Voice of America - რადიო "ამერიკის ხმა"

https://www.amerikiskhma.com/a/georgian-land-to-be-sold-or/3901956.html

 

ქართული მიწა - როდესაც ამ სიტყვათშეთანხმებას ახსენებთ, დარწმუნებული იყავით, რომ თქვენ ქართველი ადამიანის ემოციებზე გავლენას მოახდენთ. ამ სიტყვათშეთანხმებას მაგიური ძალა აქვს. მისი ხსენებით თქვენ შეეხებით ყველაზე მგრძნობიარე სიმებს საქართველოში მაცხოვრებელი ადამიანების გულებში, რომელთა არასრული ასოციაციური ჩამონათვალი შეიძლება იყოს შემდეგი: „საქართველოდან იძულებით თუ ნებაყოფლობით წასული ემიგრანტები ერთ მუჭა ქართულ მიწას ატარებდნენ ფეხსაცმელით, რადგან საქართველოს სიახლოვე მუდმივად ეგრძნოთ”; „ქართული მიწა იმდენად ნაყოფიერია, რომ მისი მიტაცების სურვილით არაერთხელ და არაერთი ათასწლეულის განმავლობაში იმართებოდა ბრძოლები, მისთვის თავს სწირავდნენ და იღუპებოდნენ ადამიანები, შესაბამისად ქართული მიწის ყოველი გოჯი სისხლითაა მორწყული, ამიტომაც ის ფასდაუდებელიადა სხვა და სხვა.

 

მაგალითების მოყვანა კიდევ მრავლად შეიძლება და შესაბამისად, როდესაც ქართულ მიწას ახსენებ, ყველა ზემოთჩამოთვლილი თუ ჩამოუთვლელი ალუზია ერთად თავს მოიყრის. სწორედ ამ ალუზიებისა და ასოციაციების და მათი შეუცდომელი ამოქმედების იმედი აქვთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, როდესაც პერიოდულად ააქტიურებენ პროექტს, რომლის კოდურ სახელწოდებად შეიძლება მივიჩნიოთ სლოგანი: „გვიშველეთ, ქართველობას გვართმევენ“. საქართველოს პარლამენტი უმრავლესობის დეპუტატების მოთხოვნით, ამჯერად განიხილავს იმის შესაძლებლობას, რომ უცხოელებისთვის მიწის საკუთრებაში გადაცემის უფლება შეიზღუდოს.

 

პარლამენტის სხდომაზე დეპუტატი უმრავლესობიდან ზაქარია ქუცნაშვილი შემდეგს აცხადებს: „ოკუპირებული და პრივატიზირებული სახით, უცხოელების ხელში არის 25 პროცენტზე მეტი მიწა. შესაბამისად, მოგწონთ ეს თქვენ? სირცხვილი თქვენ, რომელმაც საქართველო ვერ დაიცავით და გაყიდული და დაპყრობილი დაგვიტოვეთ 25 პროცენტი საქართველოს ტერიტორიისა“. ამდენად, მმართველი გუნდის წარმომადგენლის აზრით, უცხოელზე პრივატიზებული მიწა ისევეა წართმეული, როგორც ოკუპირებული.

 

ოპოზიცია ამ მოსაზრებას არ იზიარებს. გიგა ბოკერია ევროპული საქართველოს წარმომადგენელი პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ამბობს: „არასასოფლო სამეურნეო მიწა დედასამშობლო არ არის? დედასამშობლოს მაგ ნაწილს რატომ ყიდით? ან იჯარით დედასამშობლოს გაცემა შეიძლება? რატომაა სამშობლოს გაცემა იჯარით კარგი, იქნებ ამიხსნას უმრავლესობის წარმომადგენელმა, რომელიც აქ გამოვა. ორგანულ კანონში გამონაკლისების დაწესება რას ნიშნავს? გამონაკლის შემთხვევაში სამშობლოს გაყიდვა კარგია?“.

 

ამერიკის ხმასთანსერგი კაპანაძემ, ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა ისაუბრა: „იქ, სადაც ვრცელდება ჩვენი იურისდიქცია (დეფაქტო), მიწის გაყიდვის აკრძალვა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, არის, უბრალოდ, სისულელე. არანაირი საფრთხე მიწის გაყიდვით არ შეიძლება მოდიოდეს. თუკი თეორიულად წარმოვიდგენთ, რომ რაიმე საფრთხე შეიძლება არსებობდეს უცხოელისთვის მიწის მიყიდვით, მაშინ საქართველოს ხელისუფლებას ყოველთვის აქვს კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობა, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ჩამოართვას მიწა და გამოიყენოს სხვა მიზნისთვის. ეს უფლება გააჩნია ყველა ქვეყანას და ყველა მთავრობას“.

 

რეალურად, რატომ უნდა დასჭირდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეს [ან უცხოურ კომპანიასსაქართველოს ტერიტორიაზე მიწის შეძენა? ამის საინტერესო მაგალითია სამეგრელოშიფერერო როშერისმიერ მიწის ნაკვეთების შეძენა, სადაც ამ უცხოური კომპანიის მიერ თანხის ინვესტირების შედეგად არა მხოლოდ სამუშაო ადგილები შეიქმნა არამედ, თხილის ექსპორტის მაჩვენებელი იმდენად გაიზარდა, რომ ის ახლა უკვე პირველობაზე აცხადებს პრეტენზიას საქართველოდან ექსპორტირებულ საქონელს შორის. იმ დროს, როდესაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ აბსტრაქტულ შიშებზე, რითაც უბრალოდ, ამომრჩევლების ემოციებზე თამაშობენ, არ ახსენებენ კონკრეტულ ფინანსურ შესაძლებლობებს ან მათი დაკარგვის ალბათობას.

 

ამერიკის ხმასთანსაუბრისას გიორგი მშვენიერაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია დემომკრატიული ინიციატივას თავმჯდომარე ამბობს: „ესაა წმინდა პოპულისტული ნაბიჯი, რომელსაც როგორც ადამიანის უფლების კუთხით ექნება ფასი, ასევე ექნება ეკონომიკური ფასიც და დაზიანდება, მთლიანად, საქართველოს ეკონომიკა. ამ დროს, როგორც სახელმწიფოს, მთავარი პრობლემა გვაქვს ეკონომიკის განვითარება. თუკი საფრთხეებზე ვლაპარაკობთ, მთავარ საფრთხეს სწორედ ეკონომიკის განუვითარებლობა გვიქადის. სხვა საფრთხეები არის მოგონილი ხელოვნურად. სხვათა შორის, სიმბოლურია ის, რომ თუ დააკვირდებით ყველა, ვინც არის ანტიდასავლური პოლიტიკოსი და შეგვიძლია ვუწოდოთ ზოგიერთს პრორუსი, მხარს უჭერს მიწის გასხვისების შეზღუდვას. აქ აზრთა თანხვედრაა“.

 

 

კონსტიტუციით საკითხის დარეგულირებამდე მიწის უცხოელ მოქალაქეებზე გასხვისების საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობა მორატორიუმის დაწესებას გეგმავს.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge