Powered by Jasper Roberts - Blog

15:46 19.06.2017
"გიორგი გიორგანაშვილს (ბახალა) ნარკოტიკი ჩაუდეს"

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) ადვოკატის მტკიცებით, სახელმწიფო ბრალდება არ დაინტერესებულა, იყო თუ არა ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებაზე გიორგანაშვილის ანაბეჭდი ან დნმ-ი. ამის შესახებ ადვოკატმა ნინო გელაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა. 



ადვოკატის მტკიცებით, მოწმის სახით დაკითხულ პოლიციელებს ძირითადად არ ახსოვთ ის გარემოებები, რომელიც მსახიობის უდანაშაულობას ამტკიცებს. 



"მთავარი კითხვის ნიშანი არის ის რომ, საქმეში არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები და მათ მიერ ერთპიროვნულად შედგენილი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები. ძირითად კითხვებზე, რომელიც დაცვისთვის მნიშვნელოვანია, არ ახსოვთ პასუხები, რითაც შეიძლება აპელირება მოვახდინოთ გიორგის უდანაშაულობაზე. თუნდაც ის, რომ მანქანიდან გადმოყვანის შემდეგ მოათავსეს პოლიციის მანქანაში და პოლიციის მანქანიდან გადმოყვანის შემდეგ ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. არ ახსოვთ პოლიციელებს, რომ მოკლესახელოებიანი მაისური ეცვა და შემდეგ როცა შეცივდა, მოაცვეს გრძელსახელოებიანი მაისური, რომელშიც შემდგომ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ადასტურებს და მეც ვამბობ, რომ გიორგი გიორგანაშვილს ნარკოტიკი ჩაუდეს, თუმცა საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე რამდენად შევძლებთ ამის დამტკიცებას, ეს მეორე საკითხია. ცალკე მხარეს დგას გიორგი და მეორე მხარეს დგას სახელმწიფო უწყება, რასაც პოლიცია ჰქვია", - განაცხადა ნინო გელაშვილმა.



მისივე თქმით, მხოლოდ მოწმე პოლიციელების საფუძველზე ამტკიცებს სახელმწიფო ბრალდება, რომ ნარკოტიკული საშუალება არის გიორგი გიორგანაშვილის ჩხრეკისას ამოღებული. 

ავტორ(ებ)ი : interpressnews.ge