Powered by Jasper Roberts - Blog

16:47 19.06.2017
,,მონარქიის საკითხს როგორც ხალხი, პატრიარქი და უფალი გადაწყვეტს ისე იქნება" - ენძელა მაჭავარიანი

კონსტიტუციური მონარქიის შესახებ მიმდინარე დისკუსიას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ენძელა მაჭავარიანი გამოეხმაურა. მაჭავარიანს მიაჩნია, რომ კონსტიტუციური მონარქიის შემოღების საკითხი საზოგადოების, პატრიარქის და ღმერთის გადასაწყვეტია.

 

მისივე თქმით, ჯერ ამ საკითხზე არ უფიქრია და ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.

 

„მე ვარ მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი და ამასთან დაკავშირებით ჩემი დამოკიდებულება სუბიექტური იქნება, ეს ვერ იქნება პოლიტიკოსის ობიექტური განცხადება. ჩემი სულიერი მამის განცხადება ჩემთვის არის საფიქრალი და დავფიქრდები ამაზე. აქამდე მონარქიის აღდგენაზე არ მიფიქრია“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

დეპუტატის თქმით, რადგან პატრიარქმა თქვა, ამიტომ ეს იდეა უპირობოდ არ უნდა მივიღოთ: „უპირობოდ მისაღები რომ ყოფილიყო, არც დავფიქრდებოდი. რადგან პატრიარქმა ბრძანა, მიმაჩნია, რომ უნდა ვიფიქროთ ამაზე. დანარჩენს, როგორც საზოგადოება, ხალხი, პატრიარქი და თავად უფალი გადაწყვეტს, ისე იქნება“,- აღნიშნა ენძელა მაჭავარიანმა.

კონსტიტუციურ მონარქიაზე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა 18 ივნისს, საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა. ილია მეორემ საქართველოს მონარქიული წარსული გაიხსენა და ტახტის აღდგენაზე მსჯელობის განახლების სურვილი გამოთქვა.

პატრიარქის ინიციატივას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ილია მეორემ კოსნტიტუციურ მონარქიაზე ჭეშმარიტება ბრძანა. მისივე თქმით, კონსტიტუციური მონარქია პრეზიდენტის ინსტიტუტის არსებობას გამორიცხავს.

„რაც უწმინდესმა და უნეტარესმა ბრძანა, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტებაა. საუბარია იმაზე, რომ კონსტიტუციურ მონარქიას შემოაქვს სიმშვიდე პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველა ფაქტორი, მათ შორის ჩვენი ქვეყნის სპეციფიკა. ამასთან დაკავშირებით გვექნება შეხვედრა და შემდეგ შეგვეძლება კონკრეტული კომენტარის გაკეთება“, -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

დღესვე, ამ საკითხზე ირაკლი კობახიძე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელიასთან ერთად პატრიარქს შეხვდა.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge