Powered by Jasper Roberts - Blog

16:52 14.07.2017
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ბენეფიციარის პროდუქცია ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ დახლებზე გამოჩნდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, მიკრომეწარმემ ელიზა გოგოლაძემ საკუთარი პროდუქციის, კერძოდ, გირჩის მურაბის რეალიზაცია ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ ქსელში შეძლო.

აღსანიშნავია, რომ ბორჯომში, სოფელ ტიმოთესუბანში ელიზა გოგოლაძე ფიჭვის მტვერსა და გირჩის მურაბას სახლის პირობებში ამზადებდა, ხოლო მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიღებული 5 000 ლარიანი თანადაფინანსებითა და გაწეული კონსულტაციების შემდგომ ფიჭვის მტვრისთვის გასაშრობი სათბურის აშენება და კეთილმოწყობა შეძლო.

გაფართოების შედეგად პროგრამის ბენეფიციარმა მნიშვნელოვნად გაზარდა წარმოების მოცულობა და საკუთარი პროდუქციის განვითარების მიზნით მონაწილეობა მიიღო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ შეთავაზებულ მარკეტინგულ მხარდაჭერაში, რის ფარგლებშიც უფასო საკონსულტაციო მომსახურებები და სასწავლო კურსები გაიარა.

მნიშვნელოვანია, რომ სწორედ აღნიშნული მარკეტინგული მომსახურების მეშვეობით ელიზა გოგოლაძემ საკუთარი პროდუქციის ბრენდირება მოახდინა და სამიზნე ბაზრებიც წარმატებით აითვისა. 

შენიშვნა:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის "აწარმოე საქართველოშიმიერ განხორციელებული მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა ხელს უწყობს რეგიონული მოსახლეობის გააქტიურებას წამოიწყონ ან გააფრთოვონ საკუთარი ბიზნესი.  ფინანსური დახმარების გაწევის გზით რეგიონის მაცხოვრებლებს ეძლევათ შესაძლებლობა წამოიწყონ საკუთარი საქმე, ხოლო საკონსულტაციო კომპონენტის არსებობა უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების ცოდნის ამაღლებას ბიზნესის კეთების კუთხით.

აღსანიშნავია, რომ ბოლო მონაცემებით მხარდაჭერილია 3 205 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მინიმალური მოცულობა შეადგენს 29 155 007 ლარს, ხოლო ჯამურად დასაქმდება 8 000-მდე ადამიანი, ამასთანავე თანადაფინანსების სახით გაიცა 22 942 704 ლარი, სადაც გვყავს 4 909 ბენეფიციარი.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge