Powered by Jasper Roberts - Blog

13:23 25.07.2017
საქართველო რუსეთს ჩამოსცილდა - რა მოუვა ერევანს, თუ ის თბილისის მსგავს ნაბიჯს გადადგამს?

Lragir (სომხეთი) 2017 წელი

http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/57157

აკოფ ბადალიანი, მიმომხილველი


„ვფიქრობ, ქართველები უფრო მოხარულნი იქნებოდნენ ნაკლები ტურისტი ჰყოლოდათ [რუსეთიდან], მაგრამ არ განეცადათ ტერიტორიული დანაკარგებიო“, - ასე განაცხადა სომხეთის ეროვნული კრების (პარლამენტის) ვიცე-სპიკერმა ედუარდ შარმაზანოვმა ინტერვიუში, რომელიც მას „ლრაგირ“-ის კორესპონდენტმა სირანუშ პაპიანმა ჩამოართვა. ვიცე-სპიკერმა ეს აზრი რუსეთის გავლენის ზონიდან გამოსვლის შედეგებთან დაკავშირებით გამოხატა.


სომხეთში წლების მანძილზე ინერგება იდეა, რომლის არსი ასეთია: „იმ სახელმწიფოებს, რომლებიც რუსეთის გავლენის ზონიდან გასვლას დააპირებენ, ასეთი ნაბიჯის გადადგმისათვის ფასის გადახდა მიწებით მოუწევთ“. საქართველოს შემთხვევაში მაგალითის სახით აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთს ასახელებენ, სომხეთის შემთხვევაში კი ამბობენ - ერევანი რომ თბილისს აჰყოლოდა, სომხეთი არცახს (მთიან ყარაბაღს) დაკარგავდაო.


მართლაც ასეა თუ არა? რას გააკეთებდა რუსეთი სომხეთის „წასვლის“ შემთხვევაში? რა, განა არცახის ოკუპირებას მოახდენდა? რაც შეეხება აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, მათი მდგომარეობა არცახისაგან განსხვავდება: მათთან რუსეთს საკმაოდ გრძელი საზღვარი აქვს. გარდა ამისა, ეს რეგიონები საქართველოს დე-ფაქტო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ წლებში ჩამოსცილდნენ. ასე რომ, საქართველომ დასაკარგი დაკარგა.


როგორ მოახდენს რუსეთი არცახის ოკუპირებას - საქართველოს გავლით? ან იქნებ მოსკოვი აზერბაიჯანს დაეხმარება არცახის დასაკავებლად, ერევნის დასჯის მიზნით? მაგრამ რას მოიგებს მოსკოვი იმით, რომ აზერბაიჯანი ძლიერი და უფრო დამოუკიდებელი გახდება, რომელიც შემდეგ მოსკოვსაც ფეხებზე დაიკიდებს?


 

რასაკვირველია, კრემლში სულელები არ სხედან. ისინი აცნობიერებენ იმას, რომ თუ მოსკოვი სომხეთს არცახს წაართმევს, რუსეთი ასეთი ნაბიჯით საკუთარ თავს დასჯის. რატომ? იმიტომ, რომ ამისთვის ომია საჭირო, რომელშიც ვერც სომხეთი და ვერც აზერბაიჯანი ვერ გაიმარჯვებს. ბრძოლებში ორივე მხარე დაიღლება და ბოლოს ისევ რუსეთს მიმართავენ თხოვნით - გვიშველე, სამშვიდობობები შემოიყვანეო. მაგრამ მოსკოვს ასეთი განზრახვა არ აქვს. ამის დადასტურებაა გასული წლის აპრილის შეიარაღებული შეტაკება აზერბაიჯანთან. სომხეთი რუსეთთან ერთად ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრია, მაგრამ კონფლიქტი მაინც მოხდა, თანაც სომხეთმა ტერიტორია დაკარგა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge